კაპიტნის დღიური 27-2023

ზონგულდაქი - ანტიკური ქალაქი ტიოსი

2031434
კაპიტნის დღიური 27-2023

კაპიტნის დღიური 27-2023

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ზონგულდაქი - ანტიკური ქალაქი ტიოსი

ვისაც სიამოვნებს ზღვაზე ყოფნა, მზად ხართ სამოგზაუროდ ჩვენი იახტა, „გეზგინით“? გეზგინი მგზავრებს დღეს შავი ზღვის ინდუსტრიულ ქალაქ ზონგულდაქის ბუნებრივ სილამაზეებში წაიყვანს. ზონგულდაქს აქვს თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გამოქვაბული, დელტა, რომელიც მასპინძლობს იშვიათ ფრინველებს, მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ურთხელის ხეს და უნიკალურ კანიონებს ლაშქრობისთვის. მხოლოდ ეს არ გველოდება ზონგულდაქში. მოდით ერთად ვნახოთ ეს საოცრებები ჩვენი თვალით.

ტურს ვიწყებთ გოქგოლის გამოქვაბულიდან, რომელიც ძალიან ახლოსაა ზონგულდაქის ცენტრთან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გამოქვაბული თურქეთში. გამოქვაბულში არის სტალაქტიტები, სტალაგმიტები და მიწისქვეშა ნაკადი. გოქგოლის მღვიმე ყურადღებას იპყრობს სხვადასხვა ფერის განათებით, შუშის ხიდებითა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილ სასეირნო ბილიკებით. გოქგოლის მღვიმეს აქვს მიკროკლიმატის თავისებურება იმის გამო, რომ აქ ტემპერატურა და ტენიანობა დიდად არ იცვლება. ამ თავისებურებიდან გამომდინარე, ზონგულდაქში ამ მღვიმეს უპირატესობას ანიჭებენ რესპირატორული პაციენტები და გამოირჩევა ჯანმრთელობის ტურიზმში. ახლა მოდით შევიდეთ გამოქვაბულში და ვნახოთ ეს შთამბეჭდავი და ესთეტიკური წარმონაქმნები, რომლებიც ჩამოყალიბდა ასობით ათასი, თუნდაც მილიონობით წლის განმავლობაში.

ახლა მიგიყვანთ ზონგულდაქის ალაპლის რაიონში. იმიტომ, რომ აქ არის რაღაც განსაკუთრებული, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ. ეს არის 4100 წელზე მეტი ხნის უძველესი ხე! ასე რომ, ძველი და ბრძენი ხე, რომელიც მსოფლიოს ოთხი ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეესწრო! ეს ხე არის უძველესი ურთხელის ხე, რომელიც არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთია! იგი, მსოფლიოში ოდესმე აღმოჩენილი ხუთი უძველესი ხიდან ერთ-ერთია! არ ფიქრობთ რომ საოცარია? ბევრ კულტურაში ითვლება, რომ ურთხელის ხე მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა. არის კულტურები, რომლებიც მას სიკვდილისა და აღორძინების სიმბოლოდ იღებენ, და არის კულტურები, რომლებიც აცხადებენ, რომ ის სიცოცხლის ხეა. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ურთხელის ხე აღწერილია, როგორც წმინდა მცენარე; ეს ხე ასევე აღწერილია მეცნიერის იბნ სინას წიგნშიც.

ახლა მოდით დავიკავოთ ადგილები ჩვენს იახტა გეზგინზე და გავცუროთ ფილიოსისკენ. ფილიოსი არის შესანიშნავი ადგილი, რომელიც იზიდავს ტურისტებს თავისი ლურჯი წყლებით და პლაჟებით. გარდა ამისა, აქ მდებარეობს ტიოსი, შავი ზღვის პირველი და ერთადერთი უძველესი ქალაქი, რომელიც სანაპიროზეა გაშენებული. ქალაქი დაარსდა ძველ დროში, სადაც ბალაიოსი, ეს არის დღევანდელი მდინარე ფილიოსი, უერთდება ზღვას. ტიოსი გახლდათ სავაჭრო ცენტრი მისი ნაყოფიერი მიწებისა და საზღვაო ტრანსპორტის წყალობით. აქ ჩატარებული გათხრების დროს აღმოჩენილია რომაული, ბიზანტიური და შუა საუკუნეების ნაშთები. მოდით უფრო ახლოდან შევხედოთ ამ ნანგრევებს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ქალაქის კედლების ნაშთები, თეატრი, აკვედუკი და სამარხები. გარდა ამისა, მიმდინარე გათხრების დროს, ტაძრის საძირკველი, რომელიც, სავარაუდოდ, რომაულ პერიოდს ეკუთვნოდა, ბიზანტიური პერიოდის ეკლესიის სტრუქტურა, სკულპტურის ფრაგმენტები, მონეტები, მონუმენტური კვადრატული შადრევანის ნაშთები და დაგებული გზის ნაწილი იქნა აღმოჩენილი. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მიწის ქვეშ არის დიდი ქალაქი თავისი მოედნით, აბანოთი, მაღაზიებითა და სახლებით, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის რეგიონის ისტორიის შესახებ.

აქ მოსული მოდით ერთად ვნახოთ მოზაიკა, რომელიც ზეუგმის მოზაიკას ჰგავს. ამ მოზაიკაში ნადირობის სცენებს და ცხოველთა ბრძოლას ნახავთ, რომლებიც, როგორც ამბობენ, რომაულ პერიოდს ეკუთვნის და ძალიან ოსტატურად არის მოწყობილი. ზონგულდაქში ბევრი რამ არის სანახავი, როგორიცაა ჩანჩქერები, გამოქვაბულები და ბუნების ძეგლები.



მსგავსი ინფორმაციები