კუთხე-კუნჭული“ 45/2021

"პარიზისა და სტამბოლის პანთეონები"

1737514
კუთხე-კუნჭული“ 45/2021

კუთხე-კუნჭული“ 45/2021

"პარიზისა და სტამბოლის პანთეონები"

მარიამ გაფრინდაშვილი

მოგზაურისთვის სასაფლაოების, პანთეონების მიხედვით მსოფლიოს დიდი ქალაქებისა და რეგიონების „შიდა სამზარეულოს“ გაცნობა დამხმარე მეთოდაც შეიძლება გამოდგეს. ადამიანთა საუკუნო განსასვენებლის არქიტექტურა, გარდაცვლილთა მიმართ დამოკიდებულება გამოკვეთავს კონკრეტული ერის კულტურულ ხასიათს. მაგალითისთვის, პარიზის პერ ლაშეზეს სასაფლაო, ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სანახაობაა როგორც ადგილობრივებისთვის ისე უცხოელი სტუმრებისთვისაც. ათობით ცნობილ ევროპელ თუ აღმოსავლელ ხელოვან და ლიტერატურულ მოღვაწეთა სახელებს შორის თურქეთიდან აქ ორი ხელოვანის სახელს ამოიცნობთ - კინო-რეჟისორ ილმაზ გუნეისა და მომღერალ აჰმეთ ქაიასას. როცა არ უნდა ეწვიოთ ამ ორ საფლავს, მის ახლო-მახლო ყოველთვის შენიშნავთ თურქულად მოსაუბრე, ხელში ყვავილებით მოკრძალებით მდგომ ადამიანებს.

პერ ლაშეზი თავისი ფართობის გრანდიოზული მოცულობით, ხავსმოდებული მივიწყებული საფლავების და მათი ჯერ კიდევ შემორჩენილი გაურკვევლად შიშისმომგვრელი არქიტექტურული აღნაგობით, ათასამდე მეტი ფრინველის სახეობით, შოპენიდან დაწყებული მოდილიანის ცნობილი საფლავებით დამთავრებული, მნახველში ტრანსცენდენტალურ შეგრძნებებს იწვევს.

პარიზში ასევე არსებობს ბობინის სასაფლაო, სადაც ოსმალო ფადიშაჰები და მათი შვილები არიან დაკრძალულნი. იმის გამო, რომ 1924 წელს თურქეთის რესპუბლიკაში სულთნის ოჯახის წევრებს აღარ დაედგომებოდათ, ამიტომაც ისინი იძულებულნი გახდნენ საფრანგეთში, პარიზში გადახვეწილიყვნენ. ხალიფად ცნობილი აბდულმეჯიდ II-ის წასვლით დაწყებული იძულებითი ემიგრაცია მისი და მთელი სასახლის კარის საფრანგეთში დუხჭირი ცხოვრებით გაგრძელდა. უმეტესმა მათგანმა ცხოვრება სწორედ პარიზში დაასრულა. იმ პერიოდში, პოლიტიკური მიზეზით უფლების არქონის გამო მათი სამშობლოში გადასვენება ვერ მოხერხდა. ამიტომაც საფრანგეთის მთავრობამ მაროკოელებისთვის საჩუქრად გადაცემულ ბობინის სასაფლაოზე გამოუყო სასახლის კარის წარმომადგენლებს ადგილი. 1937 წელს სასაფლაო ოფიციალურად გაიხსნა და იქ პირველი აბდულმეჯიდ II-ს ქალიშვილი აიშე, სულ ბოლოს 1973 წელს კი სულთან მურად V-ს შვილიშვილი უფლისწული შეჰზადე ოსმან ფუათი დაიკრძალა. 1944 წელს, როცა ხალიფა აბდულმეჯიდიც გარდაიცვალა, თურქეთის მთავრობამ ნება არ დართო მის სამშობლოში გადასვენებას და 10 წლის განმავლობაში მისი ნეშტი პარიზის დიდ მეჩეთში იყო დასვენებული, შემდგომში კი მას მედინაში დაუდეს საუკუნო განსასვენებელი.

უცნაური ისაა, რომ მე-15-ე საუკუნიდან მოყოლებული ოსმალეთის იმპერია თითქმის კონტინენტის ნახევარს ფლობდა, დღეს მათი შთამომავლების საფლავებს კი იშვიათად სტუმრობს ვინმე, საფლავების ქვები და მათზე ეპიტაფიებიც ნელ-ნელა ქრება და დავიწყებას ეცემა.

რაც შეეხება სტამბოლის აშიანის სახელით ცნობილ ისტორიულ სასაფლაოს, რომელიც ცნობილი უბნების ბებექსა და რუმელიჰისარს შორის მდებარეობს და იქედან ოქროს ყურეს ხედი იშლება, ის მე-16-ე საუკუნიდან ფუნქციონირებს. შეიძლება ითქვას, ეს სასაფლაო-პანთეონი თავისი ხედითა და შინაარსით სტამბოლის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ამ ქალაქში ჩასულმა აუცილებლად უნდა მოინახულოს. სიტყვა „აშიანი“ს ეტიმოლოგია „ჩიტის ბუდეს“ აღნიშნავს. სწორედ აშიანის სასაფლაოზეა დაკრძალული თურქი პოეტები, რომელთა პოეზიითაც გაიცნო დანარჩენმა ლიტერატურულმა სამყარომ თურქული პოეზია. ესენი არიან : თევფიქ ფიქრეთი, იაჰია ქემალ ბეიათლი, ორჰან ველი ქანიქი, აჰმეთ ჰამდი თანფინარი, ედიფ ჯანსევერი, ოზდემირ ასაფი, თურქუთ უიარი და სხვანი.


საკვანძო სიტყვები: #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები