აქტუალური თემის ანალიზი 17 - 2024

ერდოღანის კრიტიკული ვიზიტი ერაყში

2132587
აქტუალური თემის ანალიზი 17 - 2024

აქტუალური თემის ანალიზი 17 - 2024

ერდოღანის კრიტიკული ვიზიტი ერაყში 

პრეზიდენტი ერდოღანი კრიტიკულ პერიოდში მნიშვნელოვანი ვიზიტით ერაყში იმყოფებოდა. 22 აპრილს ვიზიტის დროს ერდოღანმა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა როგორც ბაღდადში, ასევე ერბილში და ასევე მნიშვნელოვანი შეთანხმებები დაიდო მრავალ თემაზე, დაწყებული განვითარების გზის პროექტით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით დამთავრებული. თურქეთ-ერაყის სტრატეგიული პარტნიორობის კონკრეტიზების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ბარიერი გადაილახა. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს: 

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და ერაყი ორი მეზობელი ქვეყანაა, მათი ურთიერთობების მიმდინარეობას თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ ეს შედარებით არასტაბილური პროცესია. განსაკუთრებით აქ გადამწყვეტი იყო ოკუპაცია, კონფლიქტი და ძალაუფლებისთვის ბრძოლა ერაყში. თუმცა, ბოლო თვეებში გაჩნდა ახალი ნება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის დამყარებისა და ინტერესების გაზიარებისთვის. ამ ახალ პროცესში, რომელშიც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, მხარეები არაერთხელ შეხვდნენ მინისტრებისა და ტექნიკური დელეგაციების დონეზე და ურთიერთობების ახალი ბუნება შქმნეს ერდოღანის ერაყში 22 აპრილის კრიტიკულ ვიზიტამდე. მანამდე მხარეების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ერდოღანის ვიზიტთან დაკავშირებით მოლოდინი გაზარდა და ასეც მოხდა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელსაც ერაყმა დიდი ყურადღებით უმასპინძლა, მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ერაყელ კოლეგასთან აბდულატიფ რაშიდთან და პრემიერ-მინისტრ მუჰამედ შია სუდანთან. პირისპირ შეხვედრების შემდეგ დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართა ბაღდადის მთავრობის სასახლეში.

შესაბამისი შეხვედრების შემდეგ ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებებს 26 სხვადასხვა სფეროში. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა და პრემიერ-მინისტრმა სუდანმა ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს. ორივე მხარემ განაცხადა, რომ შხვედრებმა ძალიან კარგად ჩაიარა და ახლა უკვე სტრატეგიული პარტნიორობა დაკონკრეტდება. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ერთობლივი თანამშრომლობისთვის სტრატეგიული ჩარჩო შეთანხმების“ ხელმოწერა. თუ ამ შეთანხმების ქვეკომპონენტებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ის მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა უსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა, ვაჭრობა, ეკონომიკა, ტრანსსასაზღვრო წყლები და განათლება. ასევე ითქვა, რომ შეიქმნება ერთობლივი მუდმივმოქმედი კომიტეტები, რათა გააგრძელონ ტექნიკური მოლაპარაკებები ყველა ამ შესაბამის თემაზე. თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა სუდანმა თქვა: „ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ თავდასხმა სხვა ქვეყანაზე ერაყის ტერიტორიიდან“ და „ერაყისა და თურქეთის უსაფრთხოება განუყოფელი მთლიანობაა“. მან ასევე აღნიშნა: „ჩვენ შევთანხმდით უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც უზრუნველყოფს თურქეთისა და ერაყის სტაბილურობას“. აქ, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ძვრები მოხდება PKK-ს ტერორთან ბრძოლაში, რასაც თურქეთი ითხოვს ერაყისგან. ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის ფიდანის, ეროვნული თავდაცვის მინისტრის იაშარ გიულერის და დაზვერვის MİT-ის ხელმძღვანელის იბრაჰიმ ქალინის ვიზიტებმა და შემდგომმა "უსაფრთხოების მექანიზმის შეხვედრებმა" პროცესი მოამწიფა და PKK-ს ერაყმა აკრძალული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა. ასევე შეიქმნა მხარეებს შორის უსაფრთხოების მუდმივი მექანიზმი. ერდოღანის ვიზიტით და სუდანის შესაბამისი განცხადებებით გასაგები ხდება, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მომწიფდება.

გარდა ტერორიზმთან ბრძოლისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება განვითარების გზის პროექტის დაკონკრეტებისთვის, რომელსაც ორივე ქვეყანა დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს პროექტი, რომელიც ინტერესების გაერთიანების მიდგომის პროდუქტია, დაფარავს საგზაო და სარკინიგზო ქსელს, რომელიც სპარსეთის ყურედან თურქეთამდე მივა. განვითარების გზის პროექტი მნიშვნელოვან ალტერნატივას წარმოადგენს რეგიონული მიწოდებისა და სატრანსპორტო ჯაჭვის კუთხით და გაზრდის ორი ქვეყნის სტრატეგიულ ღირებულებას.

ასევე მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ერდოღანის განცხადება, რომ ის ერაყში ყველა ეთნიკურ და რელიგიურ სტრუქტურას თანაბარი დისტანციით უდგება და მათ ძმებად მიიჩნევს. თურქეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას სურს სტაბილური ერაყი, სადაც დაცული იქნება ეთნიკური და რელიგიური ბალანსი. პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ერაყის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია ბაღდადსა და ერაყის ქურთულ რეგიონულ მართველობას შორის ურთიერთობა იყოს სწორ გზაზე, თურქმენებმა მიაღწიონ დამსახურებულ პოზიციას და მკაფიოდ დააფიქსირა თურქეთის მიდგომა ამ კონტექსტში.

პრეზიდენტი ერდოღანი ბაღდადიდან ერბილში გაემგზავრა. მას აეროპორტში ნეჩირვან ბარზანი და მასრურ ბარზანი დახვდნენ. ერბილში ვიზიტის დროს ერდოღანი ნეჩირვან ბარზანის და მასრურ ბარზანის გარდა ასევე შეხვდა ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის (KDP) თავმჯდომარეს მასუდ ბარზანის. მხარეები 2016 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო KDP-სთვის თურქეთის მხარდაჭერის გამოვლენის თვალსაზრისით, მაშინ, როცა KDP არის ქურთისტანის პატრიოტთა კავშირის KYB, ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს და ბაღდადში ზოგიერთი პოზიციის ზეწოლის ქვეშ. მაშინ, როცა თურქეთი ემზადება ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ დიდი სახმელეთო ოპერაციისთვის, ის ელის, რომ KDP კიდევ უფრო გაზრდის მხარდაჭერას. ერდოღანის ვიზიტის დროს KYB-PKK-ს ურთიერთობებზეც ისაუბრეს. თურქეთმა ამ სტრუქტურის წინააღმდეგ სამხედრო ვარიანტები წამოაყენა, თუ KYB-ის ჩართულობა ტერორისტულ ორგანიზაცია PKK-სთან გაგრძელდება.

შედეგად, ერდოღანის ვიზიტი ერაყში განხორციელდა ძალიან კრიტიკულ მომენტში და წარმოადგენს ახალ გარდატეხის წერტილს ორი ქვეყნისთვის. საერთო ინტერესები, ისევე როგორც რეგიონული გამოწვევები იქნება მთავარი ფაქტორები, რომლებიც წაახალისებს ორ ქვეყანას ერთობლივად იმოქმედონ და მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება ისეთ ძირითად თემებში, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა, განვითარების გზის პროექტი, ვაჭრობის მოცულობის გაზრდა და წყლის საკითხი.                           



მსგავსი ინფორმაციები