თურქული პრესა 08.09.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1704335
თურქული პრესა 08.09.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ჯერ არ არის ცნობილი, თუ როდემდის დარჩება ხელისუფლებაში თალიბების მიერ ავღანეთში ახლად გამოცხადებული დროებითი მთავრობა: "ჩვენი ერთადერთი მოვალეობაა ამ პროცესის დროს, გულდასმით და ახლოდან დავაკვირდეთ მათ ქმედებებს." მანვე შეფასება მისცა ქაბულის აეროპორტის შესაძლო ოპერირებას თურქეთის მხრიდან და თქვა: ”ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე დადებითი მიდგომა გვქონდა, მაგრამ, ამ ეტაპზე რაიმე პოზიტიური ნაბიჯები თალიბების მხრიდან ჯერ ჯერობით არ გადადგმულა. თუ ჩვენი პრინციპების მიმართ პოზიტიურ მიდგომას გამოიჩენს თალიბანი, მაშინ, ჩვენც მის მიმართ ასეთივე პოზიტიურ მიდგომას გამოვავლენთ.”

Yeni Şafak-ი პრეზიდენტ ერდოღანის მიერ თავის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოს აზიარებს, რომელშიც სათითაოდ არის ნაჩვენები მისი მმართველობის 19 წლიან პერიოდში თურქეთის მასშტაბით გაყვანილი გვირაბები: "ჩვენ გავხვრიტეთ მთები და გადასასვლელები, გადავლახეთ ზღვები და მდინარეები რა, მთლიანობაში გავხსენით და ექსპლოატაციაში გადავეცით 364 გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 567 კილომეტრია. ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ოცნებების ასახდენად ჩვენი გავაგრძელებთ დაუღალავ მუშაობას და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას," აცხადებს ვიდეოში ერდოღანი

"ინტენსიური აქტივობა თურქეთის პორტებში," ასეთი სათაურის სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: ქვეყნის ექსპორტის ზრდის პარალელურად, პორტებიც განიცდიან ინტენსიურ აქტივობას და გადატვირთულ სამუშაო დღეებს, განსაკუთრებით ივლისისა და აგვისტოს აქეთ, ასე რომ, კოვიდ-19 პანდემიის წინანდელ პერიოდთან შედარებით ინტენსივობა თურქულ ნავსადგურებში 7.9 პროცენტით გაიზარდა. ექსპორტში წინა პლანზე გამოდის რკინა-ფოლადის ნაწარმი, სამთო და ელექტრო საქონელი, ახალი ხილი და  საკვები პროდუქტები. “გარდა ამისა, დღესდღეობით ავტომობილების სათადარიგო ნაწილები და მისი გვერდითი სექტორის მიერ წარმოებული ნაწილებიც უმსხვილესი საიმპორტო წყარო გახდა,“ ხაზს უსვამს საბაჰი

Star-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანკარაში აბზალ საფარბეკულმა, თავის ქვეყანაში მიიწვია თურქი ინვესტორები და განაცხადა, რომ მათ სურთ ისარგებლონ თურქების დიდი გამოცდილებით, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. “ელჩმა განაცხადა, რომ ყაზახეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა სკოლებისა და საერთო საცხოვრებლების არასაკმარისი რაოდენობა და რომ თურქეთს შეუძლია ამ საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლოს თავის ქვეყანასთან, რაც მოკლე დროში ამ დეფიციტის აღმოფხვრის გარანტი გახდება“

Hürriyet-ის მიხედვით გუშინ, ქალაქ ბურსაში დაიწყო საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიური ფესტივალი სახელწოდებით TEKNOFEST/ტექნოფესტ-ი, რომლის ფარგლებში ორგანიზებულია ასევე საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების კონკურსიც. “TEKNOFEST-ი უკვე რამდენიმე წელია რაც ზედიზედ იმართება და მის კონკურსებში მონაწილეთა რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება. ბურსას ტექნოფესტში კი თითქმის 50 ათასამდე გუნდის, 250 ათასამდე ახალგაზრდა მონაწილეობს და ეს ფესტივალი გაგრძელდება სექტემბრის ბოლომდე“, იტყობინება ჰურრიეთი



მსგავსი ინფორმაციები