„კუთხე-კუნჭული“ 7/2021

„კუთხე-კუნჭული“ 7/2021

1586183
„კუთხე-კუნჭული“ 7/2021

„კუთხე-კუნჭული“ 7/2021

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

ბანანი ჯერ კიდევ 90-იანი წლების საქართველოში ფუფუნებასთან ასოცირდებოდა. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ ეს ხილი იქ უბრალოდ არ ხარობდა, თუმცა ბანანის ხეები არა მარტო შავიზღვისპირეთში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში საკმაოდ პოპულარული დეკორატიული მცენარე იყო და ასეა დღემდეც. ბანანი მხოლოდ სადღესასწაულო სუფრებსა და საქორწილო მაგიდებს ამშვენებდა უახლოეს წარსულში. იმის გამო, რომ თითო ბანანის ფასი პურზე ძვირი იყო, თავში არავის მოსდიოდა, რომ იგი სხვა ხილს ჩაენაცვლებინა. თუმცა დღეს ბანანის ბაზარზე ღირებულება ასე თუ ისე ხელმისწვდომია და მისი კვების რაციონში ყოველდღიურად გამოყენებაც არც თუ ისე დაამძიმებს საშუალო შემოსავლიან ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ ბანანი საქართველოში თურქეთიდანაც შემოდის, იქაც ბანანი დიდი ხნის მანძილზე ე.წ. ლუქს ხილის კატეგორიაში შედიოდა.

დღეს თურქეთში ადგილობრივი ანამურის სახელით ცნობილი ბანანის სახეობა, ერთი შეხედვით ადგილობრივი წარმოშობის არც არის. ის, 1800-იან წლებში ეგვიპტიდან ჩამოუტანიათ და მხოლოდ დეკორატიული მცენარის ფუნქციას ასრულებდა. ქალაქი ანამური, ეკუთვნის მერსინის რეგიონს, სადაც ბანანის ყვავილიდან ნაყოფის გამოსაღებად იდეალური კლიმატია. საქართველოში ბანანი ყვავილობის შემდეგ ვეღარ ასწრებს ნაყოფის გამოღებას, მერსინში კი ზამთრის თბილი სეზონი ამას ხელს უწყობს. რაც ყველაზე მთავარია ბანანის გასახარებლად ქარისგან დაცული ტერიტორია აუცილებელია.

არსებობს გადმოცემა, რომ ალექსანდრე მაკედონელმა ევროპაში ბანანი ინდოეთიდან შემოიტანა. დღემდე ინდოეთი ბანანის გავრცელების ყველაზე უხვმოსავლიან ქვეყნად მიიჩნევა. თუმცა ბანანის თითქმის მთელ მარაგს თვითონვე მოიხმარს.

ბანანის თურქული სახელწოდება „მუზ“ არაბულიდან წარმოდგება. მე-19-ე საუკუნის დასაწყისში ინგლისის სათბურებში გამოყვანილი ე.წ. ქევენდიშის სახეობის ბანანი დღეს თურქეთში წამყვანი სახეობაა. ის შედარებით დაბალ ღეროზე იზრდება და ნაყოფიც სიგრძეში საშუალოზე პატარაა ხოლმე.

საინტერესოა ის, რომ იმ ქვეყნებში სადაც ბანანი მოჰყავთ მის ფოთლებსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. მაგ. მას მაგიდის საფარად, ხანდახან თეფშის ნაცვლადაც კი იყენებენ. ამავე ფოთლებს ე.წ. ტოლმის შესახვევის ფუნქციაც აქვს, თუმცა კერძის მირთმევისას მხოლოდ შიგთავსია საჭმელად ვარგისი, ფოთლებს კი ყრიან. ბანანის ყვავილს ისევე იყენებენ, როგორც არტიშოკს. ბანანის კანისგან ნივთების დამზადების ტრადიციაც არსებობს აფრიკაში, იაპონიაში კი მისგან დახვეწილ ქსოვილს ამზადებენ. ფილიპინებში მანილას სახელით ცნობილ ბანანის კანისგან დამზადებულ ძაფს ზღვაოსნობაში იყენებენ.

ბანანმა ბოლო დროს ხელოვნებაშიც დაიმკვიდრა ადგილი. თუმცა არავის ეგონა, რომ ენდი უორჰოლის შემდეგ ბანანს კიდევ ვინმე შეეხებოდა, მაგრამ ამერიკელმა ხელოვანმა მაურიციო კატელანმა საიზოლაციო ლენტით კედელზე მიმაგრებული ბანანი პერფომანსად გაასაღა და ძვირადაც გაყიდა. თუმცა მას არც ქართველი ხელოვანი დავიდ-დათუნაც ჩამორჩა, რომელმაც ის ბანანი შეჭამა და ამ წარმოდგენას „მშიერი ხელოვანი“ დაარქვა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ავანგარდული შოუს ელემენტების წარმოდგენები თანამედროვე ხელოვნების ხშირად უშინაარსო ნიმუშებში არარეალურ ფასად გასაღების საკმაოდ გააზრებული კრიტიკაა. თუმცა ეს თემა შორს წაგვიყვანს...


საკვანძო სიტყვები: #ანამური , #ბანანი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები