თურქული საგარეო პოლიტიკის მაჯისცემა 03-2025
ჰაქან ფიდანის ვიზიტი ჩკთრ-ში და ანკარა-ნიქოზიას ურთიერთობები
თურქული საგარეო პოლიტიკის მაჯისცემა 03-2025
ჰაქან ფიდანის ვიზიტი ჩკთრ-ში და ანკარა-ნიქოზიას ურთიერთობები
თემასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის დოქტორ ჯემილ დოღაჩ იფექის შეფასებებს გთავაზობთ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ორდღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას (ჩკთრ) ეწვია. მან შეხვედრები გამართა ჩკთრ-ის პრეზიდენტ ერსინ თათართან, პარლამენტის თავმჯდომარე ზია ოზთურქლერთან, პრემიერ-მინისტრ უნალ უსტელთან და საგარეო საქმეთა მინისტრ თაჰსინ ერთურულოღლუსთან. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ტურიზმის, კულტურის, ახალგაზრდობის და გარემოს დაცვის მინისტრი ფიქრი ათაოღლუ და ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი ერჰან არიქლი. ჰაქან ფიდანმა ასევე შეხვედრები გამართა რესპუბლიკური თურქული პარტიის ლიდერ თუფან ერჰურმანთან და სახალხო პარტიის ლიდერ ქუდრეთ ოზერსაისთან.
პრეზიდენტ ერსინ თათართან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ხაზი გაუსვა, რომ კვიპროსელი თურქების იზოლაცია ჩუმ დანაშაულად იქცა კაცობრიობის წინააღმდეგ და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღიაროს კვიპროსის ორსახელმწიფოებრივი სტატუსი.
თურქეთის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები ისტორიულ, კულტურულ და სტრატეგიულ კავშირებზეა დაფუძნებული და ღრმა თანამშრომლობისა და სოლიდარობის საფუძველზე ვითარდება. ეს ურთიერთობები მუდმივად ძლიერდება კვიპროსის კუნძულის ისტორიული პროცესებისა და ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების შესაბამისად.
კუნძული კვიპროსი, 1571 წელს ოსმალეთის იმპერიის მფლობელობაში გადავიდა და დაახლოებით სამი საუკუნის განმავლობაში ოსმალეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. 1878 წელს კუნძული ბრიტანეთის იმპერიას გადაეცა, ხოლო 1960 წელს კვიპროსის რესპუბლიკის სახელით დამოუკიდებლობა მოიპოვა. თუმცა, 1963 წელს კვიპროსელი ბერძნების მხრიდან კვიპროსელი თურქების წინააღმდეგ დაწყებული თავდასხმებისა და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის მცდელობების შედეგად, კვიპროსელი თურქები სახელმწიფო ინსტიტუტებიდან გარიყეს და სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ეს სიტუაცია კიდევ უფრო სახიფათო გახდა 1974 წელს საბერძნეთის სამხედრო ხუნტის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალებისა და ენოსისის (კუნძულის საბერძნეთთან შეერთების) მცდელობის შემდეგ. თურქეთმა 1960 წლის საგარანტიო ხელშეკრულების საფუძველზე, კვიპროსელი თურქების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კუნძულზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით, 1974 წლის 20 ივლისს სამშვიდობო ოპერაცია განახორციელა. ამ ოპერაციამ კვიპროსელი თურქების არსებობა და უფლებები უზრუნველყო.
1983 წლის 15 ნოემბერს კვიპროსელმა თურქებმა თვითგამორკვევის უფლების გამოყენებით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა გამოაცხადეს. თურქეთმა იმავე დღეს აღიარა ჩკთრ და ორმხრივად გაიხსნა საელჩოები. ეს პროცესი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ოფიციალურ საფუძვლად იქცა.
თურქეთი და ჩკთრ საერთაშორისო პლატფორმებზე ერთმანეთის უფლებებსა და ინტერესებს იცავენ და კვიპროსის საკითხის სამართლიანი გადაწყვეტისთვის თანამშრომლობენ. განსაკუთრებით გაეროს ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებში თურქეთი ხაზს უსვამს კვიპროსელი თურქების თანასწორი სტატუსისა და სუვერენული უფლებების აღიარების აუცილებლობას. 2008 წელს დაწყებული და სხვადასხვა პერიოდში შეჩერებული მოლაპარაკებების პროცესში, თურქეთი და ჩკთრ კუნძულზე მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის იღწვიან. თუმცა, კვიპროსელი ბერძნების შეურიგებელი პოზიციის გამო მოლაპარაკებებში სასურველ პროგრესს ვერ მიაღწიეს.
თურქეთსა და ჩკთრ-ს შორის ეკონომიკური ურთიერთობები სხვადასხვა შეთანხმებებითა და თანამშრომლობის პროტოკოლებით მყარდება. ორ ქვეყანას შორის 1983 წელს ხელმოწერილი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება ეკონომიკური ურთიერთობების საფუძველი გახდა. ეს შეთანხმება მიზნად ისახავს ვაჭრობის განვითარებას, ტექნიკურ თანამშრომლობასა და ეკონომიკური განვითარების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
თურქეთი ჩკთრ-ს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო მხარდაჭერას უწევს. ამ კონტექსტში, თურქეთის შეიარაღებული ძალების არსებობა კვიპროსში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში. ორი ქვეყნის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ერთობლივი სწავლებებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით ძლიერდება.
აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ენერგორესურსებისა და საზღვაო იურისდიქციის საკითხებთან დაკავშირებულმა მოვლენებმა თურქეთისა და ჩკთრ-ს სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. თურქეთი, ჩკთრ-ს უფლებების დასაცავად, მხარს უჭერს რეგიონში საძიებო და კვლევით საქმიანობას და საერთაშორისო პლატფორმებზე იცავს ჩკთრ-ს ინტერესებს. ეს თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში ბალანსის შესანარჩუნებლად.
თურქეთის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები ისტორიულ და კულტურულ კავშირებთან ერთად სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზეა ჩამოყალიბებული. ორივე ქვეყანა ღრმა თანამშრომლობას ეწევა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვით და კულტურულ სფეროებში. კვიპროსის საკითხის სამართლიანი და მდგრადი გადაწყვეტისკენ სწრაფვა თურქეთისა და ჩკთრ-ს საერთო მიზნებს შორისაა. ეს მყარი ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.