მილენიუმის გარიჟრაჟზე-2
მნიშვნელოვანი მოვლენები 21-ე საუკუნის პირველ 25 წელიწადში
მილენიუმის გარიჟრაჟზე-2
მნიშვნელოვანი მოვლენები 21-ე საუკუნის პირველ 25 წელიწადში
კვიპროსელი თურქების ლეგენდარული ლიდერი, კუნძულზე თურქული წინააღმდეგობის ორგანიზაციის საიდუმლო ლიდერი, ცნობილი კოდური სახელით „ტოროსი“ და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დამფუძნებელი პრეზიდენტი რაუფ დენქთაში გარდაიცვალა 2012 წლის 13 იანვარს. მან თავისი 88 წლიანი სიცოცხლე კვიპროსელი თურქების ბრძოლას მიუძღვნა. ინგლისში იურიდიული განათლების მიღების შემდეგ დაბრუნდა კვიპროსში და მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სამართლის სფეროში როგორც ადვოკატი, პროკურორი და მთავარი პროკურორი. ფაზილ ქუჩუქთან ერთად იბრძოდა კუნძულზე თურქული თემის პოლიტიკური უფლებებისთვის. როდესაც კვიპროსელმა ბერძენმა საბერძნეთთან გაერთიანების მიზნით დაიწყეს ტერორისტული თავდასხმები თურქებზე, მან 1958 წელს დააარსა თურქული წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომელმაც გააერთიანა მებრძოლები ერთი ქოლგის ქვეშ.
დენქთაშმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა როგორც პოლიტიკურ, ისე დიპლომატიურ არენაზე კუნძულის ბერძნების ოცნების - „ენოსისის“ ანუ საბერძნეთთან გაერთიანების გეგმების წინააღმდეგ, 1973 წელს აირჩიეს გაერთიანებული კვიპროსის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტად, თუმცა კვიპროსელ თურქებზე ტერორისტული თავდასხმების გაგრძელების გამო ერთი წლის შემდეგ გადადგა თანამდებობიდან.
თურქეთის მიერ 1974 წელს დაწყებული „კვიპროსის სამშვიდობო ოპერაცია“, რომელიც მიზნად ისახავდა კუნძულზე თურქების დაცვას და მშვიდობის დამყარებას ლონდონისა და ციურიხის ხელშეკრულებებით მინიჭებული საგარანტიო უფლების საფუძველზე, გახდა გარდამტეხი მომენტი რაუფ დენქთაშის ცხოვრებაში. 1975 წელს კვიპროსის თურქული ფედერაციული სახელმწიფოს გამოცხადების შემდეგ ის დაინიშნა სახელმწიფოსა და პარლამენტის თავმჯდომარედ, ხოლო 1983 წლის 15 ნოემბერს დაარსებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს.
21 წელზე მეტი ხნის პრეზიდენტობის განმავლობაში ის მუშაობდა თავისი ქვეყნის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის. 2004 წელს ის დაუპირისპირდა გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის მიერ მომზადებულ სამშვიდობო გეგმას, თუმცა არ შეუშალა ხელი რეფერენდუმის პროცესს. კოფი ანანის გეგმა მიღებულ იქნა თურქების მიერ, მაგრამ უარყოფილ იქნა ბერძნების მიერ და ვერ განხორციელდა. რაუფ დენქთაშმა დაასრულა თავისი პოლიტიკური კარიერა, როდესაც არ იყარა კენჭი 2005 წლის 17 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა კვიპროსელი თურქების საერთაშორისო უფლებებისთვის.
2010 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში კაცობრიობა ემზადებოდა ახალი წლისთვის, თუმცა ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა არ იყო მზად იმ სრულყოფილი ქარიშხლისთვის, რომელიც დაიწყო 17 დეკემბერს ტუნისში ახალგაზრდა გამყიდველის მუჰამედ ბუაზიზის თვითდაწვით და რომელმაც 21-ე საუკუნეში სახელი დაიმკვიდრა როგორც „არაბულმა გაზაფხულმა“. ტუნისში დაწყებული მოვლენები სწრაფად გავრცელდა მთელ არაბულ სამყაროში. პრეზიდენტი ზეინ ელ-აბიდინ ბენ ალი, რომელიც 24 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას რკინის ხელით, იძულებული გახდა გადამდგარიყო და გაქცეულიყო ქვეყნიდან, 2011 წლის 14 იანვარს. ტუნისის ქუჩებში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია ლიბიაში მუამარ კადაფის 42 წლიანი მმართველობის, ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაქის 30 წლიანი და იემენში ალი აბდალა სალეჰის 33 წლიანი რეჟიმების დამხობა, თუმცა დემოკრატიული ცვლილებების სურვილით გამოწვეული აღფრთოვანება მალევე შეიცვალა სისხლითა და ცრემლით. ზედიზედ აფეთქებული აჯანყებები, შეიარაღებული კონფლიქტები და გადატრიალებები ბოლო 15 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის ბედად იქცა.
ჩრდილოეთ კორეამ, რომელმაც 2003 წელს დატოვა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება და 2005 წელს გააკეთა პირველი ოფიციალური განცხადება ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ, განაგრძო ამ იარაღის განვითარების ცდები აშშ-ის ყველა ძალისხმევის მიუხედავად. ჩიკაგოს უნივერსიტეტის სიმბოლური „განკითხვის დღის საათი“ ერთი წუთით წინ გადაიწია ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მიერ 2007 წლის 16 იანვარს განხორციელებული ყველაზე ძლიერი ბირთვული გამოცდის შემდეგ. ამრიგად, გამოცხადდა, რომ ადამიანური ცივილიზაცია კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ბირთვულ აპოკალიფსს.
2024 წლის 19 იანვარს დაიწყო თურქეთის პირველი ასტრონავტის ალფერ გეზერავჯის კოსმოსური მოგზაურობა. „თურქული კოსმოსური მისიისთვის“ შერჩეულმა ალფერ გეზერავჯიმ, რომელიც Dragon კოსმოსური ხომალდით მივიდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, იქ 18 დღე დაჰყო. კოსმოსში სხვადასხვა ექსპერიმენტებში მონაწილეობის შემდეგ მისი დაბრუნების მოგზაურობა დასრულდა 9 თებერვალს, როცა მისი კოსმოსური კაფსულა ატლანტის ოკეანეში დაეშვა.
თურქულმა ფეხბურთმა 2012 წელს დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ფიგურა. ფენერბაჰჩესა და თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დაუვიწყარი ბომბარდირი მეტსახელად „ორდინარიუსი“, ლეფთერ ქუჩუქანდონიადისი გარდაიცვალა 2012 წლის 13 იანვარს. ინგლისურმა მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალმა „World Soccer“-მა ლეფთერი მე-20 საუკუნის 200 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა.