შემთხვევითი აღმოჩენები 40 - 2024
ჩოგბურთი
შემთხვევითი აღმოჩენები 40 - 2024
ჩოგბურთი
სპორტის ბევრი სახეობა არსებობს, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს იზიდავს. თუმცა ყველაზე ცნობილი სპორტის სახეობა მაინც ფეხბურთია, რომელიც ყველაზე მეტად აღაფრთოვანებს ხალხს. განურჩევლად გუნდური დონის და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებისა, მას ათასობით მაყურებელი ტრიბუნებიდან, მილიონობით კი ეკრანიდან ინტერესით ადევნებს თვალს. თუმცა, ზოგიერთ განსაკუთრებულ სპორტის სახეობას უნარი აქვს ფერი შესძინოს მით დაინტერესებულ ან თუნდაც უინტერესოდ განწყობილ სპორტის მოყვარულის ცხოვრებას. მათ შორის კი ერთ-ერთი გამორჩეული ჩოგბურთია. ჩოგბურთის ისტორია კაცობრიობის ადრეულ ხანამდე აღწევს. ჩოგბურთი, რომელსაც წყვილში ან მარტო თამაშობენ, მოთამაშეების პერფორმანსის მიხედვით ზოგჯერ საკამათო და ზოგჯერ კი სასიამოვნო მომენტების სცენად გადაიქცევა ხოლმე.
ამ სპორტის სახეობის ფესვების წარმოშობა უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ „ტრიგონი” რომელსაც ჯერ კიდევ ანტიკურ რომში შიშველი ხელით ან ხელთათმანებით თამაშობდნენ, დღევანდელი ჩოგბურთის წინაპარია. სხვა გადმოცემაც ამ თამაშის ანტიკურ ეგვიპტესა და ბერძნული ცივილიზაციების პერიოდში, ასევე მექსიკის ადგილობრივ ტოლტეკებში არსებობაზე საუბრობს. თუმცა სპორტის ისტორიკოსები ჩოგბურთის პირველად აღმოჩენის თარიღზე, მე-13-ე საუკუნეზე, ერთხმად თანხმდებიან. ამ პერიოდში საფრანგეთში არისტოკრატებისა და მეფის გასართობი „ხელისგულის თამაში”, სავარაუდოდ, თანამედროვე ჩოგბურთის პირველ ფორმად არის აღიარებული. თავიდან მას ხელით თამაშობდნენ, შემდგომ კი ჩოგნის მსგავსი ხელსაწყოების გამოყენება დაიწყეს, თუმცა ამ თამაშის წესები მე-19-ე საუკუნეში ინგლისში ჩამოყალიბდა.
თანამედროვე ჩოგბურთის, როგორც სპორტის სახეობის დაბადებას, ინგლისელების ეროვნული თამაშის კრიკეტისა და ვულკანიზებული რეზინის იგივე კაუჩუკის აღმოჩენამ შეუწყო ხელი. ბრიტანული არმიის ოფიცერმა უოლტერ კლოპტონ უინგფილდმა კრიკეტის შთაგონებით, თამაშში ბურთის მოსაგერიებლად ჩოგნის გამოყენება მოიფიქრა და ე.წ. ბალახის ჩოგბურთიც მან გამოიგონა. თუმცა უინგფილდი პირველივე მცდელობებში ტექნიკურ პრობლემას წააწყდა. ჩოგბურთის ადრეული პერიოდის უბრალო ბურთები ბალახზე საკმარისად არ ხტუნავდა და მისი მოგერიება და ბადეზე გადაცდენა რთული გამოდგა. ოფიცერი უინგფილდი ჩოგბურთის ბურთის სხვა შემადგენლობის ძებნას შეუდგა და გამოსავალი გერმანიაში იპოვა, საიდანაც რეზინის ახალი ბურთების ჩამოტანა დაიწყო და სპორტის ამ სახეობაში ახალი ერას კარი გაუღო. უინგფილდმა რეზინის ბურთებისა და ბადეების გაყიდვაც დაიწყო, თამაშის წესების ბუკლეტიც დაწერა და „Sphairistike”-ის სახელით პატენტიც აიღო. წესების დადგენის შემდეგ ჩოგბურთი მცირე ხანში ინგლისელებს შორის პოპულარული გახდა და 1877 წელს უიმბლდონში ჩოგბურთის ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც 22 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას.
დღეს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ ღონისძიებებზე ამ სპორტის გულშემატკივრები და სპორტსმენები ერთმანეთს კორტებზე ხვდებიან. 4 დიდი ტურნირი, რომელშიც წყვილი ან მარტო მოთამაშეები მონაწილეობენ, ჩოგბურთის მწვერვალად მიიჩნევა. სპორტსმენები, კაცები თუ ქალი, ოცნებობენ გახდნენ ჩემპიონები და მოიგონ „Grand Slam”, საფრანგეთის როლან გაროსზე, ამერიკისა და ავსტრალიის ღია პირველობებზე და უიმბლდონის ჩოგბურთის ტურნირზე, რომელიც თითქმის 150 წელია ბალახის კორტებზე იმართება.
კორტების ტრიბუნებზე ათასობით, ეკრანის წინ კი მილიონობით მაყურებლის თვალები მიპყრობილია ჩოგბურთისკენ, რომელიც კრიკეტისა და რეზინის დახმარებით შემთხვევით აღმოაჩინეს; ეს არის თამაში, რომელიც ფერს და მნიშვნელობას მატებს ჩვენს ცხოვრებას, რადგან გვიჩვენებს იმ წერტილს, რომელსაც ინდივიდუალური ბრძოლით, დისციპლინითა და მონდომებით შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა.
ამ თამაშის მწვერვალზე მყოფი სპორტსმენების სახელები არა მხოლოდ ჩოგბურთის, არამედ სპორტის ისტორიაში ოქროს სახელით არის ჩაწერილი.