გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 40-2024
კაისერის ყურშუნ აში ჩორბასი
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 40-2024
ილქერ თაშქინ
კაისერის ყურშუნ აში ჩორბასი
რეგისტრაციის თარიღი: 22.11.2021
თურქეთის ცენტრალური ანატოლიის რეგიონის ისტორიული ქალაქი კაისერი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი სამზარეულო კულტურით. 2021 წელს, კაისერის სავაჭრო პალატის განაცხადის საფუძველზე, „ყურშუნ აში ჩორბასი“ (ტყვიის წვნიანი“) გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. კაისერის ყურშუნ აში ჩორბასი არის სქელი წვნიანი, რომელიც დამზადებულია გუფთას ბულგურით, მანანის ბურღულით, ბატკნის ხორცით, მშრალი მუხუდოთი, მწვანე ოსპით, ხახვით, ტომატ-პასტით და სხვადასხვა სანელებლებით. მიუხედავად იმისა, რომ მას მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ, ის უფრო პოპულარულია ზამთრის თვეებში მისი მდიდარი შემადგენლობის გამო. აღნიშნულმა წვნიანმა სახელი მიიღო იმის გამო, რომ თასი, რომელშიც მას მიირთმევენ, ტყვიასავით მძიმეა.
ჩვეულებრივ, წვნიანი მზადდება 6 ან 8 ადამიანისთვის. პირველ რიგში, მზადდება პატარა ბულგურის ბურთულები 2 ჭიქა ბულგურის, ხორბლის ფქვილის, მანანის, კვერცხის, წიწაკის პასტისა და მარილის შერევით. ბურთულები თავსდება წინასწარ დაფქვილებულ ლანგარზე, რათა არ მიეწებოს ერთმანეთს და აყოვნებენ წვნიანში ჩასამატებლად. წვნიანის ბულიონი მზადდება ბატკნის ხორცით, ხახვით, მცენარეული ზეთით, პომიდვრისა და წიწაკის პასტით, წიწაკის ფხვნილითა და ძირათი. ნარევი იხარშება 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ემატება ბულგურის ბურთულები, მოხარშული მუხუდო, მწვანე ოსპი და ნარევის ხარშვა გრძელდება დაბალ ცეცხლზე კიდევ 20 წუთის განმავლობაში. მომზადების შემდეგ, კაისერის ყურშუნ აში ჩორბა ისვენებს 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოაყრიან გამხმარ პიტნას და მიირთმევენ ცხელს.