თურქული პრესა 02.09.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1701221
თურქული პრესა 02.09.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინდელ განცხადებაში თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკა მეორე კვარტალში 21,7 პროცენტით გაიზარდა, რითაც თურქეთის ეკონომიკა მსოფლიოში მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გახდა

Sabah-ი იუწყება, რომ სერბეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ამავე ვიზიტის ფარგლებში სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ივიცა დაჩიჩსაც შეხვდა. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ჩავუშოღლუმ თავის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ მესიჯში აღნიშნა: "ბელგრადში მე შევხვდი ასევე ჩემს მეგობარს, სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავჯდომარეს ივიცა დაჩიჩსაც. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორი ქვეყნის პარლამენტების აქტიურ ურთიერთობებს."

"მეჰმეტჩიკი  მსოფლიო მშვიდობას ემსახურება," ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს Vatan-ი და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა გუშინ მორიგი განცხადება გაავრცელა ავღანეთიდან თურქი ჯარების ევაკუაციასთან დაკავშირებით და თქვა: "მეჰმეტჩიკი, (ე.ი. თურქი ჯარისკაცი)  ავღანეთშიც ისევე მსახურობდა, როგორც ყველა იმ გეოგრაფიულ წერტილში, სადაც აქამდე მსახურობდა და თავისი წინაპრებისა და დიდებული ისტორიის შესაბამისად,ყველგან წარმატებით ასრულებდა თავის მისიას და მოვალეობას. მანვე მოიგო ავღანელი ხალხის გულიც, რადგან ემსახურებოდა მსოფლიო მშვიდობას. მეჰმეტჩიკების ევაკუაცია ქაბულიდან სრულიად უსაფრთხოდ მოხდა და დიდი სიამაყით დაბრუნდნენ სამშობლოში“

Haber Türk-ის ეკონომიკურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოკლე დროში 40 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანის გამო, საჰაერო ტრანსპორტის კვლევითმა ასოციაციამ (ATRS), სტამბოლის ახალ აეროპორტს მიენიჭა "ევროპის ყველაზე ეფექტური აეროპორტის" წოდება

Star-ის ეკონომიკური მიმომხილველის თქმით, თურქეთმა გასულ წელს ექსპლოატაციაში გადასცა 2500 მეგავატის სიმძლავრის ახალი  ჰიდროელექტროსადგურები და ამით მსოფლიოს იმ 10 ტოპ ქვეყანას შორის შევიდა, რომლებსაც ამ სფეროში ყველაზე მაღალი სიმძლავრეები აქვთ. ივლისის ბოლოს თურქეთის ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრემ  31 436 მეგავატს მიაღწია, ხაზს უსვამს სტარის ეკონომიკური მიმომხილველი



მსგავსი ინფორმაციები