თურქული პრესა 12.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

87907
თურქული პრესა 12.08.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ აქშამში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის მე-12 პრეზიდენტად არჩეულ ერდოღანს მრავალი ქვეყნის ლიდერისგან მოუვიდა მისალოცები, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი განაცხადა, რომ იგი მოუთმენლად ელის ერდოღანთან აქტიური თანამშრომლობის დაწყებას მის ახალ თანამდებობაზეც

მილლიეთიც ეხება ამ თემას და წერს, რომ ერდოღანს 10 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ასევე ევროკავშირის ლიდერებმა, ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარემ ჰერმან ვან რომპიუმ და ევროკავშირის კომისიის თავჯდომარემ ჟოზე მანუელ ბარროსომ. “თურქეთი არის ევროკავშირის კანდიდატი, მეზობელი, მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანა საგარეო პოლიტიკაში, რომელთანაც განხილვები გრძელდება და ამიტომ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება-გაფართოებას ველით ერდოღანის პრეზიდენტობის ეპოქაში“, ხაზგასმულია ევროკავშირის ლიდერების მისალოც განცხადებაში, წერს მილლიეთი

საბაჰი ერდოღანის გამარჯვებისადმი მიძღვნილ მსოფლიო მას-მედიის გამოხმაურებას ბეჭდავს და წერს რომ დასავლეთმა დაუმარცხებელ, რეკორდსმენ და განუმეორებელ ლიდერად აღიარა იგი, რადგან, მან 2003 წლის აქეთ მეტოქეები ყველანაირ არჩევნებში დაამარცხა და კვირის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უძლეველობა

ვათანის მიმომხილველი წერს, რომ ერდოღანის პრეზიდენტად არჩევის გამო ახლა მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ მის მაგივრად ახალი თავჯდომარე უნდა აირჩიოს 27 აგვისტოსათვის დანიშნულ პარტიის საგანგებო ყრილობაზე და პარტიის ახალ თავჯდომარედ არჩეული პირი ამავე დროს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თურქეთის ახალი პრემიერმინისტრი იქნება

სტარის მიხედვით ერდოღანის გამარჯვებამ თურქეთის საქმიანი სამყაროც მოქმედებაში მოიყვანა. პრესით გავრცელებულ მისალოც მესიჯში თურქი მრეწველები, საქმოსნები, ბიზნესმენები და ინვესტორები იმედს გამოთქვამენ, რომ ერდოღანის პრეზიდენტობა კიდევ უფრო გაამყარებს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, რითაც თურქეთი კიდევ უფრო გაძლიერდება და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებში ჩადგება, ხოლო ამის პარალელურად თურქეთი წარმატებით გააგრძელებს განხილვებს ბრიუსელთან და ერდოღანის ეპოქაში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრიც გახდება

ჰურრიეთი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ გუშინ, თურქეთის ქალაქ სტამბოლის მახლობელ იზმითის “Hyundai Assan“-ის ავტოქარხანაში ამ მარკის ახალი თაობის “i20“-ის პრეზენტაცია გაიმართა და იგი გააცნეს პრესის წარმომადგენლებს. ეს ახალი მარკა მართალია ძირითადად ევროპელი მომხმარებლისათვისაა გათვალისწინებული, მაგრამ, მისი გაცნობა მსოფლიოსათვის მოხდება პარიზის ავტომანქანების დიდ გამოფენაზე, წერს ჰურრიეთი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები