პრეზიდენტი ერდოღანი თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა

მათ ყაზახეთში განვითარებული მოვლენები განიხილეს

1758494
პრეზიდენტი ერდოღანი თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, როგორც თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის როტაციულმა თავმჯდომარემ, ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ცალ-ცალკე სატელეფონო საუბარი გამართა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, პრეზიდენტმა ერდოღანმა ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ ჯომერთ თოკაევთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, ყირგიზეთის პრეზიდენტთან სადირ ჯაფაროვთან და უზბეკეთის პრეზიდენტთან შევქეთ მირზიოევთან სატელეფონო საუბრისას ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ყაზახეთის პრეზიდენტ თოკაევთან საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს მეგობარ და მოძმე ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს, მომხდარის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყაზახეთს სოლიდარობას უცხადებს და თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციაც თავის განცხადებაში ხაზს უსვამს ყაზახეთის მხარდაჭერას.

ერდოღანმა გამოთქვა იმედი, რომ ყაზახეთში ახალი მთავრობა რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდება, დაძაბულობა მალე დასრულდება და სჯერა, რომ ყაზახეთის ხალხი ორმხრივი ნდობისა და დიალოგის ფარგლებში პრობლემებს დაძლევს.

მისივე თქმით, თურქეთი მზადაა საჭიროების შემთხვევაში გაუზიაროს ყველა სახის ტექნიკური ცოდნა და გამოცდილება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან, ყირგიზეთის პრეზიდენტ ჯაფაროვთან და უზბეკეთის პრეზიდენტ მირზიოევთან საუბრისას ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთის სტაბილურობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის, განსაკუთრებით მისი მეზობლებისთვის და დარწმუნებულია, რომ მოძმე ყაზახეთი გადალახავს ამ პრობლემას დიალოგის გზით.


საკვანძო სიტყვები: #ყაზახეთი

მსგავსი ინფორმაციები