აქტუალური თემის ანალიზი 37/2020

ახალი გეოპოლიტიკური ბრძოლა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში

1489577
აქტუალური თემის ანალიზი 37/2020

აქტუალური თემის ანალიზი 37/2020          

ახალი გეოპოლიტიკური ბრძოლა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში   

SETA-ს კვლევითი ინსტიტუტის უსაფრთხოების განყოფილების დირექტორი, მკვლევარ-ანალიტიკოსი მურათ იეშილთაში

ამ ბოლო კვირეების განმავლობაში აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა გეოპოლიტიკური ბრძოლის სურათი რეგიონში, რომელიც შედგება შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკისაგან. უკვე ეჭვგარეშეა ისიც, რომ ეს რეგიონი, რომელიც შეიძლება განისაზღვროს, როგორც სუპერ გეოპოლიტიკური ბრძოლის არეალიც, იქნება ერთ–ერთი იმ აქტიურ რეგიონთაგანი, სადაც უახლოეს პერიოდში მრავალი მოთამაშის ფარული თუ ღია კონკურენცია შესდგება.

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში განვითარებული მოვლენები გაგრძელდება როგორც გეოპოლიტიკური კონკურენციის გაფართოება შუა აღმოსავლეთში. ამ რეგიონში საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები კონკურენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ეგვიპტისა და ისრაელის ბუნებრივი მოკავშირეები, ხოლო მათი  მთავარი მიზანი ამ ფრონტზე, თურქეთის შეკავება და შეზღუდვა იქნება, რამეთუ, ამ ეტაპზე, ხსენებულმა ქვეყნებმა უკვე შექმნეს ახალი ალიანსი საბერძნეთთან და კვიპროსის ბერძნულ მხარესთან. ამის მკაფიო მაგალითია თუნდაც არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთობლივი სამხედრო წვრთნები საბერძნეთთან.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ  ბლოკის მთავარი მიზანი, ანკარის ქმედებების შეკავება და შეზღუდვა იქნება. შეკავებაში შევა ამ ანტი თურქული გეოპოლიტიკური ბლოკის მიერ თურქეთის მოქმედების არეალის შემავიწროებელი პოლიტიკების წარმოება, ხოლო შეზღუდვაში შევა რეგიონში თურქეთის სამხედრო ძალების ზემოქმედების მინიმალიზება.

თურქეთის გარშემორტყმის ერთ-ერთი პირველი ელემენტი ალბათ, მისი დაბალანსების მიზნით ერთი საერთაშორისო კოალიციის შექმნა იქნება. სწორედ მის ფარგლებში საბერძნეთის მას-მედია, თურქეთს, ცივი ომის დროინდელ საბჭოთა კავშირს ადარებს. გარშემორტყმის მეორე საყრდენი კი, ხმელთაშუაზღვის მასშტაბის გეოპოლიტიკური და გეო ეკონომიკური ბრძოლა იქნება. ამ ეტაპზე, მათთვის დისკომფორტის მთავარი წყარო გახდა ანკარის მიერ ლიბიასთან ხელმოწერილი საზღვაო შეთანხმება და კიდევ, მისი ბოლო დროინდელი ქმედებები ხმელთაშუაზღვისპირეთში.

თურქეთის გარემომცველ ალიანსში ლიდერ როლს საბერძნეთი შეასრულებს და მასში შევა საფრანგეთიც, რომელიც თავისი აგრესიული ქმედებებით ცდილობს ხმელთაშუა ზღვაში აქტიურ მოთამაშედ გადაქცევას და ამისათვის ყველანაირ ძალისხმევას იჩენს მაკრონი. მოკლედ, საფრანგეთს, ევროპაში გაჩენილი სიცარიელის შევსება, ძველი ძალის გამაგრებით სურს და ამასთან ამ ეტაპზე, გერმანიის წინააღმდეგ ახალი პოზიციონერობის მიღწევაც სურს

ამ დროს საბერძნეთი მოქმედებს ძალიან მარტივი მიზეზებით. თურქეთის მიერ  ცენტრში მოთავსებულ "იდეოლოგიურ" ელინისტური სტრატეგიის მიზნებს თუ გვერდით გადავდებთ, ათენის მიზანი იქნება თურქეთის წინააღმდეგ მრავალმხრივი კოალიციის შექმნა, რათა იგი ანკარის წინაშე მარტოდ-მარტო არ აღმოჩნდეს. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ ბოლო ხანებში ათენი ხშირად უპაჭუნებს თვალებს ისეთ სახელმწიფოებს როგორებიც არიან აშშ-ი, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ეგვიპტე, საფრანგეთი და საუდის არაბეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მარტოდ-მარტო დარჩება ანკარის პირისპირ, რაც ყველაზე არასასურველი სცენარი იქნება მისთვის და ეს სცენარი მეტად ღრმა შიშს იწვევს მასში.

შეკავების სტრატეგია მოიცავს ასევე სამხედრო ელემენტებსაც. ამ თვალსაზრისით, აშშ-საბერძნეთის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ინიციატივა, მიზნად ისახავს თურქეთის სამხედრო ძალის დაბალანსებას. ამ კონტექსტში, საჭიროა იმ ნაბიჯების ჩამოთვლა, რაც აშშ-მა ბოლო პერიოდში გადადგა. ასე მაგალითად, კუნძულ კრეტაზე მოქმედი სოუდას სამხედრო ბაზის გაფართოება და მოდერნიზაცია, ლარისას აეროპორტის განახლება, სტეფანოვიკეიოს საჰაერო ბაზის შესაძლებლობების გაზრდა და ალექსანდროპოლისის პორტის მოდერნიზაცია, უკვე გადადგმული  ნაბიჯებიდან ყველაზე მნიშვნელოვანნი არიან. მეორეს მხრივ, აშშ-დან F-35 ტიპის გამანადგურებლების შეძენა და საფრანგეთიდან 18 ცალი (8 გრანტი) Rafale-ს ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შეძენაც შევა იმ საკითხებში, რომელიც თურქეთის დაბალანსებაზეა ორიენტირებული.

აქვე ამ ჩამონათვალს უნდა დაემატოს ვაშინგტონის ადმინისტრაციის განცხადება, რომ მან მოხსნა იარაღის ემბარგო კვიპროსის ბერძნული მხარის წინააღმდეგ. თუმცა, ამ ეტაპზე, აშშ-ი არ აპირებს მძიმე იარაღის მიწოდებას კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციისთვის.

თურქეთის გარშემორტყმა და შეზღუდვა, ჯერ-ჯერობით პოლიტიკური პროექტია და მისი განხორციელება-რეალიზაცია ყველაზე მეტად ნატოს ალიანსს დააზარალებს, რომლის წევრს წარმოადგენენ თურქეთიც და საბერძნეთიც. შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი ამ გაგებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საცდელი რეგიონი გახდა. ასე რომ, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი ამიერიდან შეიძლება გეოპოლიტიკური, გეო ეკონომიკური და სამხედრო დაძაბულობის სცენად გადაიქცეს. ამ დაძაბულობაში კი  გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო დიდ კატეგორიულობას და მოთმინებას გამოიჩენს.



მსგავსი ინფორმაციები