თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავი

საქართველოს ელჩმა ანკარაში, გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დიდი ხნის ისტორიას

1833034
თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავი

თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავი

საქართველოს ელჩმა ანკარაში, გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დიდი ხნის ისტორიას.

საქართველოს ელჩმა ანკარაში, გიორგი ჯანჯღავამ, თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო „Anadolu Ajansı“-ს.

გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დიდი ხნის ისტორიას.

მან განაცხადა, რომ საქართველოს პირველი საელჩო ანკარაში 1921 წელს გაიხსნა და პირველი ელჩი, სიმონ მდივანი, იყო პირველი უცხოელი ელჩი, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით 1921 წლის 8 თებერვალს რწმუნებათა სიგელი გადასცა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს, გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქს.

ელჩის თქმით, ანკარაში საქართველოს პირველი საელჩოს გახსნის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2021 წელს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან ერთად სპეციალური საფოსტო მარკა გამოუშვეს.

საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ წელს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანკარაში საქართველოს საელჩოსა და თურქეთის ზარაფხანის გენერალური სამმართველოს თანამშრომლობით სამახსოვრო მონეტა მოიჭრება.

ელჩმა განაცხადა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რომელმაც საქართველო 1921 წელს დაიპყრო, ქართველი ხალხის ეროვნული ბრძოლის შედეგად, საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 26 მაისს გამოაცხადა და საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს აღდგა, 1992 წლის 30 ივლისს კი ხელი მოეწერა მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ შეთანხმებას.

გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ ორმხრივად საელჩოების გახსნის გადაწყვეტილებით, 1994 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო ანკარაში და გენერალური საკონსულო ტრაპიზონში, ხოლო 1998 წელს ფუნქციონირება დაიწყო სტამბოლში გენერალურმა საკონსულომ. „საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა არის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე და იგი ასევე წარმატებით ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში“. - თქვა მან.

საქართველოს ელჩმა ასევე დასძინა: „როგორც 30 წლის წინ, როდესაც ორ ქვეყანას შორის საფუძველი ეყრებოდა დიპლომატიურ ურთიერთობებს, მოვალეობას ვასრულებდი ტრაპიზონში, როგორც საქართველოს პირველი გენერალური კონსული, დღესაც ვამაყობ, როგორც საქართველოს ელჩი ანკარაში, რომ ჩართული ვარ საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების პრეცესში“.

ელჩის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების მიზნით 2016 წელს შეიქმნა სტრატეგიული თანამშრომლობის უმაღლესი საბჭო (YDSK) და მისი პირველი შეხვედრა 2016 წლის 19 ივლისს პრემიერ-მინისტრის დონეზე ანკარაში გაიმართა  და ხელი მოეწერა ანკარის დეკლარაციას.

მან ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვიზიტებით გაძლიერდა ურთიერთობები. „თურქეთი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავე დროს, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის ძალისხმევას“. - თქვა ელჩმა.

სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები

გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, ორ ქვეყანას შორის არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2021 წელს ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

„2007 წლიდან თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წელს თურქეთში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ის მიზნად ისახავს, რომ 2022 წელში საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 3 მილიარდ დოლარს მიაღწიოს“.  - განაცხადა საქართველოს ელჩმა.

გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემიის გამო რეგიონში შექმნილი ყველა სირთულის მიუხედავად, სარფის სასაზღვრო კარმა გააგრძელა მნიშვნელოვანი როლის შესრულება და 2022 წლის 19 თებერვალს  807 ტრაილერის გავლით ახალი რეკორდი დამყარდა.

ანკარაში საქართველოს ელჩმა, დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის 2021 წლიდან ამოქმედდა „დიაგონალური კუმულაციის“ მექანიზმი, რომლითაც თურქული ინდუსტრიული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გაყიდვა დაიწყო.

მან ასევე განაცხადა, რომ ამავდროულად გრძელდება მოლაპარაკებები ქართული წარმოების პროდუქციის თურქეთის ბაზარზე გატანის თაობაზე.

კულტურა და ტურისტული ურთიერთობები

ელჩმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თურქ და ქართველ ხალხს შორის არსებული კავშირების გასაძლიერებლად თანამშრომლობის განვითარებას და რომ თურქეთის ქართული წარმოშობის მილიონობით მოქალაქე „ხიდის“ როლს ასრულებს კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებაში.

მისი თქმით, ორი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში და თურქეთში შესვლა-გამოსვლა მხოლოდ პირადობის მოწმობით შეუძლიათ და თურქეთიდან საქართველოში ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოდის, ტურისტების ყველაზე დიდ რაოდენობას კი 2019 წელს მიაღწიეს.

ელჩმა აღნიშნა, რომ პანდემიის გამო 2020 და 2021 წლებში ტურიზმის შემცირება მოხდა, თუმცა მისი გაუმჯობესება დაიწყო. „საქართველოს ტურიზმის სექტორს საკმაოდ განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს. 2019 წელს ტურისტების რაოდენობამ 9,5 მილიონს მიაღწია. საქართველოში მსოფლიოს 46 წერტილიდან 30 ავიაკომპანია დაფრინავს“.

გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის ავიახაზებთან ერთად სხვა თურქული ავიაკომპანიებიც დაასახელა და თქვა, რომ კვირაში 53 ავიარეისი სრულდება თურქეთიდან საქართველოში.

თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობა

ელჩმა ჯანჯღავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი ეფექტურად თანამშრომლობენ ისეთ გლობალურ პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი, ტრანსანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენი (TANAP), ტრანსადრიატიკის მილსადენი (TAP) და ბაქო-თბილისი-ერზურუმის (BTE) ბუნებრივი აირის მილსადენი.

ან ასევე დასძინა, რომ ჩამოაყალიბეს მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ აზერბაიჯანთან ძლიერი თანამშრომლობის პლატფორმას და ხელს უწყობენ რეგიონში სტაბილურობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას.

„მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩამოყალიბდა სამმხრივი დიალოგის მექანიზმი თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. პირველი შეხვედრა 2012 წელს გაიმართა, შემდეგ პრეზიდენტების, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიების თავმჯდომარეების, თავდაცვის მინისტრების და შესაბამისი ორგანიზაციების ხელმძღვანელების დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით კი ხელი მოეწერა „ტრაპიზონის დეკლარაციას“. ამ დეკლარაციის ფარგლებში განსაკუთრებით ეკონომიკური მექანიზმების გაძლიერების მიზნით იდგმება სხვადასხვა ნაბიჯები, როგორიცაა სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების მოწყობა“. -განაცხადა ელჩმა.

"თურქეთის მადლობელი ვართ"

ანკარაში საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ თურქეთმა და საქართველომ ასევე ინტენსიურად ითანამშრომლეს კოვიდ-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში და 2022 წელს მიღწეული იქნა შეთანხმება თურქეთიდან მაღალი ხარისხის და GMP-ის სტანდარტის შესაბამისი დაბალფასიანი მედიკამენტების საქართველოს ბაზარზე შეტანის შესახებ.

საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა: „ეპიდემიამ მთელ მსოფლიოსთან ერთად ჩვენზეც უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ ორ ქვეყანას შორის სოლიდარობამ და დახმარებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, ჩვენს მეგობრობასა და მეზობლობასთან ერთად რამდენად ძლიერია ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა. თურქეთი საქართველოს სამედიცინო და საველე აღჭურვილობით დაეხმარა და მადლობელი ვართ მის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის“.



მსგავსი ინფორმაციები