ყაზახეთის პრეზიდენტი ერისადმი მოწოდებით გამოვიდა

“ ხალხის გვერდით დგომა, ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა“

1758027
ყაზახეთის პრეზიდენტი ერისადმი მოწოდებით გამოვიდა

 

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ ჯომერთ თოკაევმა ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ მას სჯერა ხალხის მხარდაჭერისა. “რაც არ უნდა მოხდეს, მე ვიქნები დედაქალაქში (ნურ სულთანში). ხალხის გვერდით დგომა ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა. ყაზახეთის ისტორიის ამ შავ ფურცელს ჩვენ ერთად გადავშლით და უფრო ძლიერები გავხდებით." - აღნიშნა მან და იქვე დაამატა, რომ  საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტები დაესხნენ თავს უშიშროების ძალებს, რომელთა შორის არიან დაღუპულები და დაშავებულები, ამიტომაც მან აქციის მონაწილეებს "ბანდიტებისაგან დაკომპლექტებულები" უწოდა, რომლებმაც არ დაინდეს ჯარისკაცებიც და მათ სცემეს, ხოლო ამის პარალელურად გაძარცვეს მაღაზიები. მისივე თქმით, არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის ალმათის და ზოგიერთი სხვა რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებას, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. “ეს აუცილებელი ღონისძიებაა. მე, როგორც პრეზიდენტმა, უნდა უზრუნველვყო მოქალაქეების უსაფრთხოებაც, საზოგადოებრივი წესრიგიც, სიმშვიდეც და ქვეყნის მთლიანობაც, ამიტომაც, როგორც პრეზიდენტი და როგორც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, დღეიდან ვაპირებ მოვლენებში რაც შეიძლება სწრაფად და ძლიერად ჩარევას“ - ხაზგასმით განაცხადა პრეზიდენტმა. მანვე დასძინა, რომ უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ახალ წინადადებებს როგორც პოლიტიკური ცვლილებების, ასევე ახალი რეფორმების შესახებაც.

ყაზახური მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა დაარბიეს საჯარო დაწესებულებები და ორგანიზაციები, მათ შორის გუბერნატორის ოფისი, ალმათიში, გაძარცვეს დაახლოებით 120 მაღაზია, 100 ოფისი, 200 რესტორანი და კაფე. ამავე ინფორმაციით დედაქალაქ ნურ სულთანის, ქალაქ ალმათის და აქტაუს მიმართულებით ფრენები შეჩერდა.

საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის დასავლეთში დაიწყო იმ მოტივით, რომ თხევად გაზზე ფასების ორმაგად მომატებამ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და ეს მასიური გამოსვლები შემდეგ მთელ ქვეყანას მოედო.


საკვანძო სიტყვები: #პრეზიდენტი , #ყაზახეთი

მსგავსი ინფორმაციები