აქტუალური თემის ანალიზი 62

სომხეთში კრიზისი გრძელდება

1595227
აქტუალური თემის ანალიზი 62

 

                

როგორც ცნობილია გასულ კვირას, სომხეთის გენერალური შტაბის უფროსმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა. პრემიერმა ეს სიტუაცია "გადატრიალების მცდელობად" შეაფასა და შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების განკარგულებას მოაწერა ხელი, ხოლო ამის პარალელურად ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ასე რომ, ერევანში ერთდროულად შეიკრიბნენ მთავრობისა და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები. სომხეთის პრეზიდენტმა არ დაამტკიცა  შტაბის უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლება, რის გამოც ფაშინიანმა პრეზიდენტიც დაადანაშაულა "გადატრიალების მცდელობაში" მონაწილეობაში. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორის, პროფესორ-დოქტორ მურატ იეშილთაშის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

სომხეთში განვითარებული მოვლენების უკან, სამი ერთმანეთთან  ურთიერთდაკავშირებული მიზეზი არსებობს.  ამათგან პირველი არის სომხეთში არსებული სიღარიბე და კორუფცია. ეს სიტუაცია, რომელიც გამოწვეულია ქვეყნის ცუდი მენეჯმენტიდან, სინამდვილეში არის ის საკითხი, რომელიც სათავეს იღებს არა ფაშინიანისგან, თუმცა, მანაც ვერ გამოძებნა რაიმე გამოსავალი და ქვეყნის სიტუაცია, რასაც დაემატა კორონავირუსიც, ბოლო ხანებში კიდევ უფრო გაუარესდა. ფაშინიანის 2018 წელს ხელისუფლებაში მოსვლა მოხდა დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით, ამიტომაც სომხები იმედოვნებდნენ, რომ პროდასავლურ ლიდერს შეეძლო გამოსავალი მოეძებნა მოსახლეობის სიღარიბისა და კორუფციისგან გამოსაყვანად და დასაცავად. მოკლედ, მისი მომხრეები ხედავდნენ და მხარს უჭერდნენ ფაშინიანს, რადგან მასში ხედავდნენ ალტერნატიურ პროდასავლელ ლიდერს, რომელსაც შეეძლებოდა ხელისუფლებაში მის მომყვან დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება, აქტიური თანამშრომლობა და პრობლემების ასე გადაჭრა.

მეორე მიზეზი არის აზერბაიჯანის გამარჯვება და სომხეთის დამარცხება ყარაბაღის მეორე ომში. სომხეთის მთავრობებმა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე წარუმატებელ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში უკომპრომისო დამოკიდებულებით შეძლეს თავიანთი საოკუპაციო პოლიტიკის  გაგრძელება. ფაშინიანი კი ქვეყნის შიგნით მზარდი კრიზისის მოგვარების მიზნით, “მშვიდობისათვის მიწის“ ნაცვლად შეეცადა  ოკუპაციის გაფართოებას და ე.წ. "ახალი ომის" მოდელის გამოყენებას. შედეგად, ყარაბაღის მეორე ომში სომხეთს მოუწია არა ახალი მიწების დაკავება, არამედ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებაც კი. ფაშინიანი, რომელიც სომეხ მოსახლეობას არ აძლევდა ზუსტ ინფორმაციას ომის მიმდინარეობის შესახებ და არ გამოდიოდა კამერების წინაშე, მხოლოდ 2020 წლის 10 ნოემბერს გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, როცა სამმხრივი დეკლარაცია გამოცხადდა და მასში ჩაწერილმა ცეცხლის შეწყვეტის პირობებმა, შოკისმომგვრელი გავლენა მოახდინა სომეხ ხალხზე. ამიტომ, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, საკმაოდ რთული პერიოდი დაიწყო არა მხოლოდ ფაშინიანის ადმინისტრაციისათვის, არამედ სომხეთის პოლიტიკის, არმიისა და ხალხისათვისაც.

მესამე მიზეზი არის ძალაუფლებისა და გავლენისათვის ბრძოლები, რომლებიც სომხეთში მუდმივად არსებობს და მას ბოლო არ უჩანს. საქმე იმაშია რომ სომხეთში არსებობენ ძლიერი დაჯგუფები, რომლებიც მოიცავენ ყარაბაღის კლანს და სომხურ დიასპორას სხვადასხვა ქვეყნებში, რომელთაც სურთ ქვეყანაში თავიანთი ძალაუფლება-გავლენის შენარჩუნება და გაფართოება მიკრო მასშტაბით. ხოლო ამავე ჯგუფების თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნებთან ძალაუფლებისა და ლეგიტიმურობის მოსაპოვებლად, წარმოადგენს მაკრო გავლენის ბრძოლის სხვა განზომილებას.

მაკრო გავლენისათვის ბრძოლა შეიძლება დაყვანილ იქნას რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ დაპირისპირებამდე, მაგრამ, როცა  ეს ბრძოლა ერწყმის მიკრო გავლენისათვის ბრძოლასაც, მაშინ იგი მეტად რთულ ფორმას იღებს.

მაღალჩინოსანი სამხედროების მუქარის მიუხედავად, ფაშინიანი არ აპირებს გადადგომას და ისე ჩანს, რომ ძალაუფლებას ცოტა ხნით ჯერ კიდევ შეინარჩუნებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სომხეთის პოლიტიკაში უკვე მიღწეულია სტაბილურობა, რადგან, ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი სამივე მიზეზი ჯერ კიდევ არსებობს. აქედან გამომდინარე, არც ფაშინიანის მთავრობას, არც არმიას და არც მომავალში შესაძლო ახალ სამოქალაქო მთავრობას ხელთ არ აქვს ის ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც შესძლებენ ამ მიზეზებით გამოწვეული არასტაბილურობის აღმოფხვრას სომხეთში, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორ-დოქტორი მურატ იეშილთაში

 



მსგავსი ინფორმაციები