აქტუალური თემის ანალიზი 40

აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი

1501510
აქტუალური თემის ანალიზი 40

                                      

სომხეთმა, აზერბაიჯანის თოვუზის რაიონზე თავდასხმის შემდეგ, თავისი აგრესია გამოიჩინა მთიან ყარაბაღშიც. სომხეთის არმიის მხრიდან კვირას, აზერბაიჯანის მშვიდობიან დასახლებებზე საარტილერიო ცეცხლის გახსნის საპასუხოდ, აზერბაიჯანმაც  უფრო ეფექტური სამხედრო ოპერაციები დაიწყო რა, სომხების მიერ  ოკუპირებული მრავალი დასახლება ბაქოს კონტროლს დაექვემდებარა. როგორც ჩანს, ერევანი არასწორ გათვლას აწარმოებს. მან საკმარისი და ჯეროვანი  ყურადღება არ მიაქცია 12 ივლისს, მთიანი ყარაბაღიდან 100 კმ-ის დაშორებით, თოვუზის რაიონზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ანკარის მიერ გავრცელებულ შეტყობინებას, რომელშიც ხაზგასმით ეწერა: "ჩვენ მთელი ძალებით ვდგავართ აზერბაიჯანის გვერდით". ამასთან  ბაქომ, თოვუზის ინციდენტის კვალდაკვალ, სერიოზული სამხედრო სამზადისი დაიწყო და მის ფარგლებში თურქეთის არმიასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნებიც ჩაატარა. ჯერ-ჯერობით ძალზედ ძნელია იმის გათვალისწინება, გადაიზრდება თუ არა ეს კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში, რადგან, გაეროსა და ნატოს შემდეგ, მხარეებს სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტისკენ მოუწოდა ეუთოს მინსკის ჯგუფმაც, რომელიც ათეულობით წელია მხოლოდ იმას ცდილობს, რომ სტატუსქვო არ შეიცვალოს და სომხეთმა გააგრძელოს ოკუპაცია. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, დოცენტი-დოქტორის, მურატ იეშილთაშის მხრიდან მომზადებულ ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

უახლოეს დღეებში  მინსკის ჯგუფი ორივე მხარეზე ზეწოლას გაზრდის, რათა ისინი დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. სწორედ სომხეთის აგრესიულმა დამოკიდებულებამ დატოვა მინსკის მოლაპარაკებები უშედეგოდ და შეიარაღებული კონფლიქტი, პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ ვარიანტად გადააქცია. როგორც ცნობილია, სომხეთში განლაგებული რუსული სამხედრო ნაწილების დახმარებით, ერევანმა 1991-1992 წლებში დაიპყრო აზერბაიჯანის ტერიტორიის 20 პროცენტი და არ შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუცია, რომლებიც სომხეთს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებს. მართალია, ცეცხლის შეწყვეტა დადგენილია 1994 წლის 4-5 მაისს ბიშკეკში ხელმოწერილი პროტოკოლით, მაგრამ, დაუშვებელია, რომ მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის კიდევ 7 რაიონი, ხანგრძლივად დარჩეს სომხეთის კონტროლქვეშ. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სამხრეთ კავკასიის კონფლიქტი ბომბია, რომელიც მზად არის აფეთქდეს ნებისმიერ დროს. ასევე ისიც აშკარაა, რომ ამ კონფლიქტის გამო, რუსეთი, თურქეთი და საფრანგეთი, ძალაუფლების კონკურენციაში მეტად აქტიურები გახდებიან.

აქ ძალზედ საეჭვოა ის გარემოებაც, რომ მაშინ, როცა  გავრცელება დაიწყო ინფორმაციებმა თურქეთსა და საბერძნეთს შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე და ამის გამო დაძაბულობაც მეტ-ნაკლებად განიმუხტა, ამ დროს კონფლიქტი იწყება მთიან ყარაბაღში. პირველი აზრი, რაც კონფლიქტის დაწყებისთანავე მომივიდა თავში, ის იყო, რომ მხოლოდ რუსეთს აწყობს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გაღვივება, რათა დასაჯოს აშშ-თან დაახლოების მსურველი ერევნის ხელისუფლება და კვლავ თავისი კონტროლქვეშ მოიქციოს იგი. მართლაც, ერევნის პირველი ქმედება ის იყო, რომ დაუყოვნებლივ მიმართა მოსკოვს დახმარებისთვის. აქ შეიძლება ლოგიკური კითხვა დაისვას: რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ მოსკოვმა, რომელიც კავკასიას ყოველთვის თავისი გავლენის ქვეშ მიიჩნევს, ერევანი გაამხნევა აზერბაიჯანზე თავდასხმისათვის? სირია-იდლიბისა და ლიბიის შემდეგ მოსკოვი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გაღვივებით, იქნებ ანკარასთან ახალ საკონკურენციო ველს ქმნის? ანდა, იქნებ ანკარის ახალ-ახალ  ადგილებში  სამხედრო ჩარევით, მისი ძალების ფართო არეალზე დაქსაქსვა სურს? ანდა, იქნებ სირიასა და ლიბიაში გავლენის სფეროების გაზრდის მიზნით, ახალი მოლაპარაკებების დაწყება სურს? ჯერ-ჯერობით ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ნაადრევია. ამასთან ისიც აშკარაა, რომ რუსეთი დარწმუნებულია, არჩევნების პერიოდში მყოფი აშშ-ი და გაყოფილი ევროკავშირი არაეფექტურ მდგომარეობაში იმყოფებიან და მის საქმიანობებზე სათანადო რეაგირებას ვერ მოახდენენ.

მოსკოვი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას შეუძლია  კონფლიქტებისა და შეტაკებების გაღვივებით, ახალი ძალები მოიკრიბოს. საქართველოში, უკრაინასა და ბელორუსიაში თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი დასავლეთის ქვეყნები, ალბათ კვლავაც თვალს დაუხუჭავენ რუსეთის ძალისმიერ პოლიტიკას, რამეთუ მის ენერგიაზე არიან დამოკიდებულნი. ჩვენ ერთ თვეში იმასაც დავინახავთ, თუ რა გავლენას მოახდენს ძლიერი სომხური ლობი, აშშ-შის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ერთი რამ კი უკვე თვალსაჩინოა, გეოპოლიტიკური ვაკუუმი გაჩნდა ლიბიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, სირიასა და კავკასიაში.  ჩემი აზრით, კოვიდ-19–ის შემდეგ, ჩვენი სამყარო თანდათანობით პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს, ე.ი. გაურკვევლობისა და ძალაუფლებისათვის ბრძოლის პერიოდს დაემსგავსება. აშშ-ის რეგიონიდან ნაწილობრივი გასვლა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში დოყლაპიობა, ხელს შეუწყობს რუსეთის მხრიდან ხსენებული ვაკუუმის შევსებას.

დასავლეთი, რომელიც ანკარას აკრიტიკებს მოსკოვთან დაახლოების პოლიტიკის გამო, სამწუხაროდ ვერ ხედავს იმას, რომ  თურქეთი, ლიბიაში, სირიასა და სამხრეთ კავკასიაში გადადგმული ნაბიჯებით, ნაწილობრივ მაინც აწონასწორებს რუსეთის პოლიტიკას ამ რეგიონებში. დროა, მოახლოებული სამყაროს გეოპოლიტიკურ რეალობას გადავხედოთ არა იდეოლოგიური სათვალეებით, არამედ სტრატეგიული ინტერესების რაციონალურობით, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, დოცენტი- დოქტორი მურატ იეშილთაში



მსგავსი ინფორმაციები