„კუთხე-კუნჭული“ 41-2022-2023

შავი ზღვის დარდი

1998195
„კუთხე-კუნჭული“ 41-2022-2023

„კუთხე-კუნჭული“ 41-2022-2023

შავი ზღვის დარდი

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

 

ზაფხულის დადგომისთანავე საქართველოსა და შავიზღვისპირეთის სანაპიროები ხალხით ივსება. მართალია ივნისის თვეში შავი ზღვა ისევ ცივია, მაგრამ მისი ხასიათის მცოდნე გამოცდილმა მოცურავეებმა ადრეული ზაფხულის შავი ზღვის „გემო“ კარგად იციან. ადრიან დილას მისი იოდისებური სუნი და თვალუწვდენელი ჰორიზონტი, არც თუ ისე შორეული მაღლობებიდან მოტანილი ფიჭვის სუნი და სანაპიროებზე ჰორტენზიების ფერი, მოშიებულზე მახლობელ კაფეში აჭარული ხაჭაპური ან კიდევ საზღვრის მეორე მხარეს შავიზღვისპირული ყველიანი ან ისპანახიანი ფიდე, შავი ზღვა ყველა ამ დეტალით თურქეთსა და საქართველოს პატარა საზღვარს აერთიანებს, ერთმანეთის მსგავს ატმოსფეროს უქმნის. შავ ზღვასთან სტუმრად მთელი ზაფხულის მანძილზე ძალიან ბევრი ქვეყნიდან ჩამოდიან, მისით და მისივე სუფთა, ქვიანი თუ სილიანი, ქვიშიანი სანაპიროთი ტკბებიან, მისივე წყნარი მზის ჩასვლის სანახაობით მშვიდდებიან, ერთმანეთს ეცნობიან სხვადასხვა კულტურის ადამიანები, მეგობრდებიან და სევდანარევი უკმარობის განცდით მომავალ ზაფხულამდე ემშვიდობებიან მას.

შავი ზღვა კი აგრძელებს ხან დიდი ტალღებით მძვინვარებას ისე რომ მასში გაბედულად შესულს კარგ მაგალითს აჩვენებს რომ მის წინაშე თავი უნდა მოიხაროს ყველა მოკვდავმა, ხან კი ხშირი წვიმების შემდეგ  გამთენიისას ეგეოსის ზღვასავით ლურჯ ფერს გადაიკრავს და შავი ზღვის მეტაფორას ცოტა ხნით ყველას ავიწყებს. ადგილობრივი აფხაზი, ქართველი, ლაზი თუ თურქი ერთნაირად იცნობს შავი ზღვის ხასიათს, ერთნაირად პატივს სცემს მას და იცის, რომ მისი ცხოვრების დიდ ნაწილს სწორედ ის შეადგენს. საკვებსაც ის აძლევს და რამდენ თევზსაც მოიპოვებს მის გულში იმდენ მადლობას უხდის მას. ამიტომაც მისი „ჯანსაღად“, „მრთელად“ და „სუფთად“ ყოფნა ყველაზე მეტად ადგილობრივს უხარია. ის მას არ ვნებს, ინდუსტრიულ აუზად არ იყენებს, ზღვა მას რასაც აძლევს იმით კმაყოფილდება და ასე ცხოვრობს მასთან ჰარმონიაში საუკუნეების განმავლობაში. თუმცა ადგილობრივისგან განსხვავებით კაპიტალისტური სისტემა ისევე როგორც ბევრ ბუნებრივ „წყაროს“ მასაც ახშობს და სიცოცხლისუნარიანობას უმცირებს.     

მაშინ როცა შავი ზღვის „სიკეთეებით“ ვტკბებით და ჩვენს მცირეხნიან დასვენების დღეებს მასთან ვატარებთ, არ ვფიქრობთ იმაზე თუ მას რა უჭირს, როგორ შეგვიძლია ხელი შევაშველოთ რომ კიდევ დიდხანს იარსებოს და მომავალ თაობებმაც იცოდნენ თუ რამდენად ღირებულია ის. შავი ზღვის ღირებულებაზე მას შემდეგ უფრო მეტად დავფიქრდი რაც ბოლო დროს თურქულ დამოუკიდებელ სამეცნიერო თუ ახალი ამბების წყაროებში ვაწყდები ინფორმაციას თუ როგორ საგანგაშო მდგომარეობაშია ის.

თურქეთის ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი 1984 წლიდან მოყოლებული თურქეთის ზღვების ტემპერატურას ზომავს. უნივერსიტეტის დასკვნების მიხედვით ზღვების ტემპერატურის მატება ატმოსფეროს დათბობის პარალელურად მიმდინარეობს. შავი ზღვის დათბობის ტემპერატურის ზრდაც საგანგაშოა. თურქი მკვლევარები მდგომარეობას ასე აფასებენ:

„ჩვენ ვხედავთ, რომ ზღვის ზოგიერთი უნიკალური მახასიათებელი გაქრა. კვლევებმა გვაჩვენა, რომ ცივი შუალედური ფენა მთლიანად  „აორთქლდა“, ფსკერზე ჟანგბადისგან თავისუფალი წყლები მიუახლოვდა ზედაპირს, რაც სერიოზულ რისკებს უქმნის შავ ზღვას. შავი ზღვის თურქული სანაპიროები უფრო მეტად განიცდიან ამ მდგომარეობას. განსაკუთრებით აღმოსავლეთ შავი ზღვა, როცა სინოპის აღმოსავლეთით მივდივართ, ვხედავთ, რომ შავ ზღვაში არის ყველაზე სერიოზული ტემპერატურის მატება“

„იმის გამო, რომ ეს საგანგაშო მდგომაროება შეჩერდეს, საჭიროა ნახშირორჟანგის ემისიების ნულოვანი შემცირება. ნელ-ნელა უნდა შეჩერდეს საზღვაო თევზაობა სხვადასხვა დამაზიანებელი ტექნოლოგიებით, რადგან ეს გავლენას ახდენს მთელს ეკოსისტემაზე, ბიომრავალფეროვნებაზე. რაც შეიძლება მალე უნდა მივმართოთ მცენარეულ ცილებს და ცილების ალტერნატიულ წყაროებს, აღვადგინოთ სოფლის მეურნეობა პირვანდელი სახით, რაც ბიომეურნეობას გულისხმობს და ამოვიღოთ ერთჯერადი პლასტმასი ჩვენი ცხოვრებიდან“ აცხადებენ მკლვლევარები.

ალბათ, დროა მეცნიერებს, მკვლევარებს დავუჯეროთ და მივხედოთ ჩვენივე ზღვებს, რომლებიც შველას ისევ ჩვენგან ითხოვენ. თითოეულმა ჩვენგანმა ერთით ნაკლები პლასტმასი რომ მოვიხმაროთ, სანაპიროები არ დავაბინძუროთ და მეტი დრო დავუთმოთ ბიო მეურნეობაზე, თევზჭერის ტრადიციულ უვნებელ მეთოდზე ფიქრს, პროგრესი უფრო მალე დაიწყება. ფიქრიდან  კი მოქმედება დაიბადება, რაც სარგებელს ისევ ჩვენ მოგვიტანს.


საკვანძო სიტყვები: #შავი ზღვა , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები