ანატოლიის კულტურული საგანძურები 32-2022

უძველესი ქალაქი მირა

1808760
ანატოლიის კულტურული საგანძურები 32-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 32-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

უძველესი ქალაქი მირა

უძველესი დროიდან ხალხს ურჩევნია დასახლება წყლის სანაპიროზე. ზღვა, მდინარე თუ ნაკადული... იმიტომ, რომ წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ხანდახან ისევ წყალს მოაქვს დასახლების ან ცივილიზაციის დასასრული... ხან მტრები აწარმოებენ ომს წყლის რესურსების დასაპყრობად, ხან თავად წყლის მსხვერპლი ხდება მტერი... ხანდახან მომხდარი წყალდიდობის შედეგად  მთელი ისტორია ქვიშის ქვეშ რჩება... სასიცოცხლო მნიშვნელობის წყალი, წყვეტს სიცოცხლეს... ანალოგიურ ბედს იზიარებს უძველესი ქალაქი მირაც, რომელიც დაარსდა მდინარე მიროსთან, ანუ დღევანდელ დემრეს ნაკადულთან. მირა იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია. იგი ცნობილია ანატოლიის პომპეის სახელით.  

ლიკიის კავშირი არის პირველი დემოკრატიული გაერთიანება ისტორიაში. ქალაქი მირა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეტროპოლია, რომელიც ამ კავშირის დედაქალაქიც გახლდათ. მირა ცნობილია, როგორც „ყველაზე ნათელი ქალაქი“. ვარაუდობენ, რომ მისი სახელწოდება მომდინარეობს „მური“-დან (არომატი). ქალაქი, რომელიც დღეს საუკუნეების სიჩუმეშია დამარხული, სწორედ აქ მდებარეობს არტემიდას ტაძარი, რომელიც ძველ წყაროებში მოიხსენიება როგორც „ლიკიის ულამაზესი ტაძარი“ და მთავარი ღმერთის, აპოლონის ორაკულის ტაძარი.

უძველესი ქალაქის თეატრი, რომელიც თერთმეტი ათასი ადამიანის ტევადობით არის ცნობილი, იმ პერიოდის უდიდესი და ბრწყინვალე ნაგებობაა. თავისი ორსართულიანი სცენის შენობითა და დასაჯდომი ადგილით, ის ლიკიის რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული თეატრია. ეს უძველესი თეატრი იმის დასტურია, თუ რა ბრწყინვალედ არის ჩაფლული ქალაქი ალუვიის ქვეშ.

კლდეები, რომლებიც გადაჰყურებს მირას უძველეს თეატრს, ალბათ ტურისტებისთვის  ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ეს შთამბეჭდავი სტრუქტურები, რომლებიც შემორჩენილია უძველესი მირადან, სინამდვილეში არის ნეკროპოლის სამარხი. ეს სამარხები, რომლებიც შორიდან ყურებისას სახლებს ან პატარა ტაძრებს ჰგავს, ლიკიის რეგიონის ყველაზე თვალწარმტაცი და გასაოცარი კლდოვანი სამარხებია. სამარხები, რომლებიც კლდეში იყო გამოკვეთილი და რომელთა ზედა ნაწილები სახურავს წააგავდა, იმ პერიოდის ხის სახლების ნაგებობების იმიტაციაა. საფლავის ფორმა და გამოყენებული მასალები მიუთითებს გარდაცვლილის სტატუსზე. ზოგიერთ მათგანს აქვს რელიეფები, რომლებიც ასახავს სცენებს საფლავში მწოლიარე ადამიანის ცხოვრებიდან.

შემთხვევითი არ არის, რომ სახლის ტიპის სამარხები აღმოაჩინეს ლიკიის მხარეში, რადგან ისინი სიკვდილზე ფიქრობდნენ არა დასასრულად, არამედ როგორც ადგილის შეცვლაზე. მათ სჯეროდათ, რომ ამ საფლავის სახლებში სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს გააგრძელებდნენ. ამ მიზეზით, ისინი საფლავში ტოვებდნენ ტანსაცმელს და უამრავ ნივთს, როგორიცაა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ჭურჭელი, რათა მიცვალებულმა თავი კომფორტულად იგრძნოს მომავალ სამყაროში. საფლავები განსხვავდებოდა გარდაცვლილის სქესისა და სამუშაოს მიხედვით. ძველი მწერლების შემოქმედებაში კლდოვან სამარხებზე ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია. ამ მწერლების თქმით, წლის გარკვეულ დღეებში საფლავებზე საჭმელი და სასმელი მიჰქონდათ, ყვავილებითა და ხილით აწყობდნენ. საფლავებს ხატავდნენ მიცვალებულების ბოროტი სულებისგან დასაცავად.

ქალაქ მირას უმეტესი ნაწილი დღეს ათასობით კუბური მეტრი მიწის ქვეშაა. თუმცა, სამარხები, რომლებიც სიკვდილის სიმბოლოა, დღესაც ისე დგას, თითქოს ახლახან არის გაკეთებული. საინტერესო არქიტექტურითა და დაკრძალვის ტრადიციებით კლდოვანი სამარხები დღეს მნახველთა ყურადღების ცენტრშია.

ძველად ქალაქ მირას საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი, ანდრიაკე იყო. აქ განხორციელდა ბიზნესი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქის ეკონომიკაში. ამისთვის მურეკს, ეკლიანი მოლუსკის სახეობას ჭრიდნენ და რკინით აჭედებდნენ რა, შემდეგ ამუშავებდნენ. 1 გრამი მეწამული საღებავის მისაღებად ათასობით მურეკი გამოიყენება. ამ ფერის მიღება ძალიან შრომატევადი იყო, ამიტომ ღირებული და ძვირი იყო. სწორედ ამან გახადა იისფერი მიუწვდომელი, რომელსაც იყენებდნენ მხოლოდ იმპერატორები და უმაღლესი კლასები.

მიუხედავად იმისა, რომ იგი ყურადღებას იპყრობს თავისი ისტორიითა და ბუნებით, მირას ამჟამინდელი რეპუტაცია ცოტათი წმინდა ნიკოლოზის დამსახურებაცაა. იმიტომ, რომ ეს უძველესი ქალაქი არის ადგილი, სადაც გარდაიცვალა ქრისტიანობის უსაყვარლესი წმინდანი ნიკოლოზი ან, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, თოვლის ბაბუა. წმინდა ნიკოლოზი ცნობილია როგორც ბავშვებისა და მეზღვაურების მფარველი. იგი არის ეპისკოპოსი მირაში. გარდაცვალების შემდეგ ის აღწევს „წმინდანის“ წოდებას. როცა გარდაიცვალა, დემრეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში დაკრძალეს. ეკლესია, რომელსაც კედლებზე ქრისტიანული მხატვრობა და წმინდა ნიკოლოზის მიერ შესრულებული სასწაულები აქვს გამოსახული, შუა საუკუნეებში სალოცავად გამოიყენებოდა. მორწმუნეები, რომლებიც იერუსალიმში ზღვით მიდიან, ჩერდებიან მირასთან და პილიგრიმები ხდებიან წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის დათვალიერებით. ცნობილია, რომ დღეს მისდამი ორი ათასზე მეტი ეკლესიაა მიძღვნილი. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მდებარეობს მირაში, ანუ დემრეში.

ასე, რომ კიდევ ბევრი ადგილია ანატოლიაში, რომლებსაც მიწის ქვეშ სძინავთ და ჩუმად ელიან დროს, რათა გაამჟღავნოს საუკუნეების ჩვენება...

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, უძველეს ქალაქ მირაზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...

 



მსგავსი ინფორმაციები