აქტუალური თემის ანალიზი 06

გაეროს   კრიზისი

1716729
აქტუალური თემის ანალიზი 06

აქტუალური თემის ანალიზი 06     

გაეროს   კრიზისი

ცივი ომის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ გაერომ უფრო მეტი  ცენტრალური ადგილი დაიკავა გლობალური მმართველობის სისტემაში, მან მაინც საერთაშორისო სისტემის გარდაქმნის პარალელურად, არ განიცადა რაიმე ტრანსფორმაცია. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორის, პროფ. დოქტორ მურატ იეშილთაშის მხრიდან მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს.....

აშშ-ზე ორიენტირებულ გლობალურ სისტემაში, რომელიც ფაქტიურად ერთპოლარული გახდა, გაერო უფრო მეტად ტაქტიკურ „მექანიზმად“ გადაიქცა და არა სტრატეგიულ ინსტიტუტად, ამიტომაც იგი უფრო მეტად ჩანს ჰუმანიტარული ჩარევების დროს. მისი არაეფექტურობა ყველაზე ნათლად გამოჩნდა ბალკანეთში, როცა სერბეთის გეოპოლიტიკური ამბიციების წინააღმდეგ ვერაფერი გააკეთა და ფაქტიურად ეთნიკური წმენდის პოლიტიკაზე თვალი დახუჭა. სწორედ მისი უუნარობის გამო, ბოსნია/ჰერცეგოვინაში, ჰოლანდიელი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებად გაეროს ტერიტორიაზე, 8000-მდე მუსლიმი მამაკაცის ეთნიკურ განადგურებას ვერ შეეწინააღმდეგა და ამით თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რა კრიზისში იმყოფებოდა გაეროს სისტემა. კოსოვოში კი, გაეროს ნაცვლად ნატო-ს ჩარევით პრევენცია გაუკეთდა უფრო დიდ სისასტიკეს. გაერომ ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში, ყირიმში, დონბასში, აფრიკაში და მიანმარშიც უსუსურობა გამოიჩინა, მოკლედ, ამ ყველაფერმა ისიც აჩვენა, თუ რა რიგ არანორმალურს წარმოადგენს გაეროში ვეტოს სისტემა.

გლობალური მმართველობის კრიზისმა, რომელიც ცივი ომის შემდგომ გამოიწვია გაეროს "გაუმართაობამ"  და დაღი დაასვა გლობალური მასშტაბის გეოპოლიტიკურ, პოლიტიკურ, უსაფრთხოების, ეკონომიკურ და სოციალურ რღვევებს, კიდევ უფრო ნათელი გახადა ამ ორგანიზაციის უმოქმედობა. ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ დღეს გაერო  დგას უფრო ღრმა კრიზისის წინაშე, ვიდრე ოდესმე მის ისტორიაში. ეს კრიზისი, რომელიც უშუალო გამოწვევას უქმნის ასევე გაეროს დამფუძნებელ ფილოსოფიასაც, ორგანიზაციის ლეგიტიმურობის კითხვის ქვეშ დაყენებასაც კი იწვევს.

მიუხედავად მრავალი გეოპოლიტიკური ცვლილებისა, დღეს გაეროს ლეგიტიმურობის კრიზისის საფუძველია ის ფაქტიც, რომ იგი აგრძელებს ხუთპარტიულ სტრუქტურას. გლობალური სისტემა კი, ცივი ომის შემდეგ განიცდის ღრმა გარდაქმნას და ეს ტრანსფორმაცია აჩვენებს, რომ შეუძლებელია უშიშროების საბჭოს წევრმა ხუთმა ქვეყანამ, ბოლომდე შეინარჩუნოს თავისი სიტყვა. დღეს, მულტიპოლარული და მულტიცენტრული საერთაშორისო სისტემა ყალიბდება მზარდი ძალების მიერ, რომელთაც აღარ სურთ თავიანთი ბედის დანებება ხუთი ქვეყნის დადგენილებებზე. ეს კი, იმას აჩვენებს, რომ გაერო, ჯერ კიდევ შორს დგას ძალების ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ბალანსის ასახვისგან. მეორეს მხრივ, გაერო ასევე წარმომადგენლობითი კრიზისის წინაშეც იმყოფება, რადგან, ის კულტურულად შორს დგას მულტიკულტურულობასთან რა, მხოლოდ დასავლურზე ორიენტირებული ხასიათი აქვს.

გარდა ამისა, ეფექტურობის პრობლემაც ასევე შეუძლებელს ხდის გაეროს ახლანდელი ფორმით გაგრძელებას. მართლაც, დღეს არსებობს გაერო, რომელიც ვერ იღებს დროულ ზომებს საერთაშორისო კრიზისებში, ვაკუუმს ტოვებს კრიზისების გაღრმავებისთვის, ხოლო თვით კრიზისების გადაწყვეტას კი, ვიწრო ინტერესებს უტოვებს. ამის პარალელურად, გაუმჭვირვალობაც ამძაფრებს გაეროს ლეგიტიმურობის პრობლემას. დადგენილებების მიღების წესი და გამოტანილი გადაწყვეტილებების შეუსაბამობა კრიზისების ხასიათთან  აჩვენებს, რომ გაერო თანდათანობით შორდება გამჭვირვალობის ბუნებას. ასეთი სტრუქტურისთვის რთულია გლობალური სისტემის სტაბილიზაცია, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოები იძულებულნი ხდებიან თვით შექმნან მექანიზმები, რომლებსაც გამოიყენებენ საკუთარი გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

გლობალური სისტემის ღრმა შოკი, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის ეპიდემიის შემდეგ, გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ცივი ომის შემდეგ საერთაშორისო პოლიტიკის ხასიათის ყოვლისმომცველი ტრანსფორმაციის წინ და ეს ტრანსფორმაცია მიუთითებს არა მხოლოდ ძალაუფლების განაწილების ხელახლა მორგებაზე, არამედ სიმძიმის ცენტრის  დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადატანაზე. ორას წლიანმა გეოპოლიტიკურმა ეპოქამ, რომელშიც ძირითადად  დასავლეთის გეოპოლიტიკური ხასიათი დომინირებდა, ამჟამად შეიძლება გამოიწვიოს ახალი გეოპოლიტიკური ეპოქის დაბადება, რომელიც აღმოსავლურ გეოპოლიტიკურ ბალანსზე იქნება დამყარებული. ამიტომაც, გაეროს რეფორმირება უფრო მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საკითხი ხდება, ვიდრე სხვა ყველაფერი ამ ახალ ეპოქაში, რადგან, ძალაუფლების განაწილება და გეოპოლიტიკური წესრიგი ძალზედ სწრაფად და რადიკალურად იცვლება რა, წინა პერიოდებისგან განსხვავებით, ძალიან ჰიბრიდული ახალი გლობალური სისტემა ჩნდება.

გაეროს ლეგიტიმურობის კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, თუ ის დროულად არ გაითვალისწინებს ძალაუფლების გლობალურ განაწილებას და ვერ გამოიმუშავებს გლობალური პრობლემების ეფექტურ და სამართლიან გადაწყვეტას. ამ კრიზისმა შეიძლება ასევე  გამოიწვიოს როგორც ალტერნატიული ნორმების გაჩენა დღევანდელ საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის ფარგლებში, ასევე პარალელური სამართლებრივი სამყაროს ჩამოყალიბებაც. ამჟამად, პოლიტიკის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების ღერძზე დამყარებული  ალტერნატიული რეგიონალური ფორმირებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ რეგიონულზე ორიენტირებულმა ამ ნორმებმა დაიწყეს გაეროზე ორიენტირებული ნორმების ჩანაცვლება. მეორეს მხრივ კი, გაეროს ნაცვლად ალტერნატიული რეგიონალური ორგანიზაციების, როგორც ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურების ჩამოყალიბებამ, შეიძლება გამოიწვიოს გაეროს სრული განადგურება, ანდა მისი არაეფექტურობის კიდევ უფრო გაუარესება. წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი, პროფ. დოქტორ მურატ იეშილთაში.

 



მსგავსი ინფორმაციები