კუთხე-კუნჭული“ 24/2021

ჰემშინები

1666821
კუთხე-კუნჭული“ 24/2021

კუთხე-კუნჭული“ 24/2021

ჰემშინები

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

ვინ არიან ჰემშინები? ეს თურქეთში რიზესა და ჩამლიჰემშინში მკვიდრთა სახელწოდებაა თუ სხვა ერთ ეთნიკურ ჯგუფთან გვაქვს საქმე, ან იქნებ ისინი გამუსლიმებული ჰემშინელი სომხები არიან? სომხური ენის დიალექტად აღიარებულ ჰემშინურ ენაზე მეტყველი ხალხის დასახელებაა თუ ეს ყველაფერი ერთად? ეს კითხვები დიდი ხანია გვესმის თურქეთისა და საქართველოს საზღვართან მცხოვრებ შავიზრვისპირეთელ ეთნიკურ ჯგუფზე, რომელთა შესახებ ენობრივ-თუ წარმოშობით კვლევებს არა მარტო ქართველი და თურქი, არამედ უცხოელი მეცნიერები დიდი ხანია ატარებენ. ამას წინათ ონლაინ ლექციასაც კი დავესწარი, სახელწოდებით, რა როლი აქვთ ლაზებსა და ჰემშინებს საქართველო-თურქეთის საზღვრის ეკონომიკურ განვითარებაში. ცხადია, რომ ჰემშინები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან მათი სამეტყველო ენისა და წარმომავლობის გამო. შევეცდები სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ჰემშინების, როგორც თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის შესახებ ცოტა რამ გაგიზიაროთ.

ჰემშინები, სომხურ ენაზე (ჰამშენთსიერ) მეტყველი, სომხური წარმოშობის ეთნიკური ჯგუფია. დღეს ისინი თურქეთის შავიზღვისპირეთში, ართვინში, რიზეში, სარფში, ტრაპიზონში არიან დასახლებულნი. თუმცა ის რეგიონი, რასაც ჰემშინს უწოდებენ ორ ნაწილად აღმოსავლეთ და დასავლეთ ჰემშინად იყოფა. აღმოსავლეთ ჰემშინი ართვინის, ხოფასა და ბორჩხას რეგიონების სოფლებისგან შედგება. დასავლეთ ჰემშინი კი რიზეს, თავად ჰემშინს, ფაზარს, ფინდიქლისა და ჩაიელს მოიცავს. დასავლეთ ჰემშინელები უფრო მეტად თურქულის თავისებურ დიალექტს, ხოლო აღმოსავლეთ ჰემშინელები თურქულთან ერთად „ჰომშეთსმა-ჰემშინურ“ დასავლეთ სომხეთის სომხურ დიალექტს იყენებენ.

ჰემშინების თურქეთის შავიზღვისპირეთში დამკვიდრება ჯერ კიდევ მე-8-ე საუკუნეში სომხეთის პრინც ჰამამ ამათუნისა და მთელი მისი სანათესაოს ამ რეგიონში დასახლებით იწყება. ბიზანტიელებთან კეტილგანწყობით მცხოვრები ჰემშინები ქრისტიანები იყვნენ, თუმცა ანატოლიაში ოსმალების გაძლიერების შემდეგ ისინი იძულებულნი გახდნენ ისლამი ეღიარებინათ. ამიტომაც დღემდე ჰემშინების რელიგიური წარმოდგენები და ჩვევები ამ ორი რელიგიის ერთგვარ უცნაურ ნაზავს წარმოადგენს.

თურქეთის გარდა ჰემშინები ყირგიზეთში, ყაზახეთში, აფხაზეთსა და რუსეთშიც მკვიდრობენ. იქაური ჰემშინებიც ორად იყოფიან. ყირგიზეთსა და ყაზახეთში მცხოვრებნი პირველი მსოფლიო ომის დასასრულს საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის საზღვრების განაწილებისას ბათუმში დასახლებულთა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს კი თურქეთის ხოფასა და რიზეში გადასახლებულთაგან შედგება. მათი დედაენა დღემდე სომხურის დიალექტი ჰომშეთსმაა, რელიგიით კი ისლამს აღიარებენ. რაც შეეხება აფხაზეთში მცხოვრებ ჰემშინებს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ისინი ყაზახეთსა და ყირგიზეთში გადასახლდნენ. ნათესაურ კავშირს თურქეთელ ჰემშინლებთან დღემდე არ კარგავენ. ორდუში, ტრაპიზონსა და გირესუნში მცხოვრები ჰემშინების ნაწილი სომხური ეპისტოლური ეკლესიის აღმსარებელი ქრისტიანები არიან.

დღემდე სადავოა თავად ჰემშინებში ის საკითხი, თუ სინამდვილეში სადაურნი არიან წარმოშობით. იმის გამო, რომ სომხურ დიალექტზე მეტყველებენ, საკმარისი არ არის რომ მათი ეთნიკური წარმოშობა დადგინდეს. თანაც კვლევებიც მიუთითებს, რომ ხოფაში მცხოვრები ჰემშინები თავიანთ ენას უფრთხილდებიან და სახლშიც ამ ენაზე საუბრობენ, თუმცა რიზეს ჰემშინებში იგივე სურათს ვერ ვხედავთ. მათ თითქმის დავიწყებული აქვთ დედაენა და მხოლოდ სამეტყველო თურქულში აქა-იქ თუ გამოურევენ ჰემშინურ ენაზე საყოფაცხოვრებო სიტყვიერ მასალას.

ჰემშინური ენის გადასარჩენად დღემდე ჰემშინელი ერთი-ორი შედარებით ცნობადი მომღერალი ამ ენაზე ასრულებს სიმღერებს და ჩანაწერების სახით ამ ენის სიცოცხლისუნარიანობას უწყობს ხელს.  


საკვანძო სიტყვები: #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები