კუთხე-კუნჭული“ 17/2021

შამანიზმი

1632570
კუთხე-კუნჭული“ 17/2021

კუთხე-კუნჭული“ 17/2021

შამანიზმი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

ნებისმიერ ცრურწმენას, რომელიც დღესაც კი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ნებსით თუ უნებლიეთ ადგილს იკავებს, ძალიან ძველი ფესვები შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, საუბრისას როცა არ გვინდა რომ ჩვენს სამომავლო გეგმებს რაიმე საშიშროება დაემუქროს, ან თუნდაც ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას, ჩვენს ირგვლივ უნებურად ვეძებთ ხის მასალას, რომ მასზე სამჯერ დავაკაკუნოთ, ჩვენი რწმენით საფრთხემ ხის მეშვეობით შეიძლება ძალა დაკარგოს. ხისადმი, ხისგან შექმნილი ნივთებისადმი განსაკუთრებული  მისტიური დამოკიდებულება შამანებიდან მომდინარეობს. მათ რწმენაში ხეს, ცას და ზოგადად ბუნებას განმკურნავი ძალა გააჩნია.

შამანიზმის წარმოშობა ძველი ქვის ხანის, ზედა პალეოლითის პერიოდს უკავშირდება. ზედა პალეოლითის ხელოვნების ერთ-ერთი იდუმალი მხარე, გამოქვაბულების კედლებზე ცხოველების გამოსახულების გვერდით წრფივი ბადეები, ლაქებიანი ხაზები და გეომეტრიული ნიმუშებია. სავარაუდოდ, ეს იდუმალი ნახატები ტრანსში მყოფი შამანების მიერ შესრულებული წარმოსახვითი ფიგურებია.

არსებობს მოსაზრება, რომ შამანიზმი შუა აზიაში, თურქულ ტომებში წარმოიშვა, თუმცა მის სამშობლოდ თავს ჩინეთი, ტიბეტი, იაპონია, ავსტრალია, ინდონეზია და ამერიკაც კი აცხადებს. თუმცა ცხადია, რომ თურქულ კულტურაზე დღემდე მჭიდროდაა შამანიზმის ნიშნები შემორჩენილი.

შამანიზმი რწმენის ერთგვარი მიმართულებაა, მას პანთეიზმის ხასიათი აქვს. იმ ადამიანს, ვინც ღმერთებსა და ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, შამანს ან ქამს უწოდებენ. შამანის სიტყვის ეტიმოლოგიის რამდენიმე ვერსია არსებობს. მაგალითად, ინდოეთში პალის ენაზე ის „სულებით შთაგონებულ ადამიანს“ ნიშნავს. სანსკრიტულიდან კი „ბუდისტ ბერს“ აღნიშნავს.

შამანების სწავლებები სხვა მისტიკური და ეზოთერული შეხედულებებისა და ოქლიტური საზოგადოებებისგან განსხვავდება. შამანებს ცხოველების, განსაკუთრებით არწივის, მგლის, დათვის ხმების მიბაძვა შეუძლიათ, ასევე მათი ტყავის მსგავსი შესამოსითაც ამ ცხოველების ფორმას იღებენ და რიტუალებს ასე ასრულებენ. შამანის ფუნქცია სულეთთან კავშირის დამყარებაა. ისინი სულების ადამიანების ბედზე გავლენის მოხდენას უწყობენ ხელს. იმის გამო, რომ შამანიზმი პატრიარქალურ თემებში ჩამოყალიბდა, ამიტომაც შამანად ყოველთვის მამაკაცს ირჩევდნენ, თუმცა არსებობდა გამონაკლისებიც შამანი ქალების სახით. ამას წინასაუკუეებში გადაღებული ფოტომასალაც მოწმობს.

შამანად ყოფნა დინასტიურად გადადის, თუმცა ზოგჯერ მათი რწმენით შემდგომ შამანს სულები ირჩევენ. ასევე ის თემის გადაწყვეტილებითაც შეიძლება ამოირჩეს. შამანი როგორც არ უნდა შეირჩეს,  ის ვალდებულია შამანიზმის ყველა წესი შეისწავლოს და ტრანსისა და სიზმრების მისტიკას ჩაწვდეს.

შამანიზმი, როგორც მიმდინარეობა მშვიდობის მქადაგებელია. ის თავის თავში ბუნებასთან იმდენად ახლო კავშირს მოიცავს, რომ ყველა რიტუალი ბუნებასთან სინთეზში სრულდება. მათი რწმენით სამყარო სამი ნაწილისგან შედგება: ცა, მიწა და მიწისქვეშეთი. ყველა ამ ნაწილს თავისი ღმერთები გააჩნია. თურქ თემებს უმეტესწილად ცის ღმერთების სწამდათ. სწორედ თურქულად სიტყვა „თანრი“, რაც ღმერთს აღნიშნავს, ძველ თურქულ ენაზე „თენგერი, თენგრი“ სიტყვებისაგან წარმოდგება. სწორედ მათი რწმენით, ”სამყაროში არის სამი დიდი შრე, რომლებიც ერთმანეთის თავზე დგას; რადგანაც ეს სამი შრე მათი ცენტრების გავლით ღერძითაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ერთიდან მეორეზე გადასვლა შესაძლებელია. ბუნებრივია, ეს ღერძი გადის დიაფრაგმაზე, ”ხვრელში”; ღმერთები ამ ხვრელით ეშვებიან დედამიწაზე და მკვდრები კი მიწისქვეშეთში და ტრანსში ჩავარდნილი შამანის სული ცისა და მიწისქვეშეთში მისტიკური მოგზაურობის დროს ამ ხვრელს იყენებს“. მათი საცხოვრებელი კარვებიც ამ ნიშნით კეთდებოდა, კარვის შუაგულში ზემოთა მხარეს ხვრელია დატოვებული, რომელიც ცისკენაა მიშვერილი. მათი რწმენით, სწორედ ეს ხვრელი ეხმარებოდა მათ სულებს მოგაზურობაში.

ჩვენს საუკუნეშიც აღდგა შამანიზმის მიმდინარეობა და მას ნიუშამანიზმ სუწოდებენ. თუმცა მათი რიტუალები უფრო მეტად ბუნებასთან მეტ სინთეზში, ბუნებისადმი კეთილგანწყობაში და მის დაცვაში გამოიხატება.


საკვანძო სიტყვები: #შამანიზმი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები