კუთხე-კუნჭული“ 16/2021

ლეილა გენჯერი

1626496
კუთხე-კუნჭული“ 16/2021

კუთხე-კუნჭული“ 16/2021

ლეილა გენჯერი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

თურქეთში, ლეილა გენჯერის სახელობის თეატრისა და ოპერის სცენები სხვადასხვა ქალაქს ამშვენებს. ამათგან ანკარის ლეილა გენჯერის სცენაზე არაერთ ქართული თეატრის დასს უთამაშნია.

თავისი შემოქმედებითი ღვაწლითა და დაუღალავი შრომით ლეილა გენჯერი მსოფლიოს საუკეთესო სოპრანოთა შორის ჩაეწერა. ის 1928 წელს სტამბოლის ცნობილ უბან პოლონეზში დაიბადა. დედამისი ალეხანდრა ანგელა მინაკოვსკა არისტოკრატული ოჯახიდან, პოლონელი კათოლიკე იყო. მამა კი საფრანბოლუდან შეძლებული ოჯახისშვილი იბრაჰიმ ჩეირექგილი გახლდათ. მშობლების გარდა ლეილა გენჯერის ცხოვრებაში მთავარი როლი ძიძამ მადამ ლეჟონმა შეასრულა. სწორედ მან ასწავლა პატარა ქალბატონს მსოფლიო და ფრანგული კლასიკური ლიტერატურა. ასევე მისი დამსახურება იყო ლეილას მუსიკისადმი და განსაკუთრებით ოპერისადმი სიყვარული. ძიძის მეშვეობით გაეცნო ლეილა ქრისტიანულ კულტურასაც და მასში აღმოცენებულ ხელოვნების დარგებსაც.

ლეილა გენჯერმა სწავლა სტამბოლის კონსერვატორიაში დაიწყო. აქ მან მომავალი მეუღლე გაიცნო. კონსერვატორიის ბოლო კურსზე ლეილამ შეიტყო, რომ სტამბოლში დასასვენებლად ცნობილი იტალიელი სოპრანო ჯიანინა არანგი-ლომბარდი იყო ჩამოსული. ჯიანინას კარიერა დროზე ადრე მიეტოვებინა და ახლა მხოლოდ ახალი ვარსკვლავების აღმოსაჩენად და ასევე დროის გასატარებლად სტამბოლს წვეოდა. მასთან სტუმრად მისულმა ახალგაზრდა ლეილამ ჯიანინას „აიდა“დან არია უმღერა, რამაც სოპრანოს განცვიფრება გამოიწვია. მისით მოხიბლულმა ჯიანინამ მას ოპერის კერძო გაკვეთილებიც ჩაუტარა და ლა სკალასკენ გზაც უწინასწარმეტყველა.

დიდმა სოპრანომ ლეილა ანკარის საოპერო სცენაზე მიიწვია. მან იქ 1950 წელს კავალერია რუსტიკანას ოპერაში სანტუზას როლი შეასრულა. პირველივე როლმა იმდენად დიდი წარმატება მოუტანა, რომ ლეილას თითქმის ყველა ოფიციალურ სახელმწიფო წვეულებაზე პატიჟებდნენ. 1953 წელს თურქეთში ა.შ.შ.-ს პრეზიდენტ ეიზენჰაუერის სტუმრობისას ჩანქაიას კოშკში ლეილა გენჯერმა ჰენრი პერსელის „დიდონა და ენეა“ შეასრულა.

1953 წელს თურქეთსა და იტალიას შორის დადებული კულტურული ხელშეკრულების თანახმად თურქ სოპრანოსაც ევროპისკენ გაეხსნა გზა. სან კარლოს ოპერაში მას ისევ კავალერა რუსტიკანას შესრულება სთხოვეს, თუმცა ლეილა გენჯერმა ეს არია მხოლოდ თურქულად იცოდა. თურქეთში იმ პერიოდში არიებს თარგმნიდნენ და თურქულად მღეროდნენ. ლეილა გენჯერმა ოთხ დღეში დაძლია არიის იტალიური ვერსიის სირთულე და სცენაზე არია იტალიურად შეასრულა. ლეილა გენჯერის  როგორც სოპრანოს მოთხოვნა გაიზარდა და მან „ლა ტრავიატათი“ იტალიის შემდეგ მთელი მსოფლიოს ოპერის თეატრები მოიარა.

ლეილამ სან ფრანცისკოს ოპერაში 1957 წელს ლა ტრავიატაში ვიოლეტას პერსონაჟი განასახიერა, სპექტაკლ „ლუჩია დი ლამერმურ“ში კი მარია კალასის ნაცვლად ლუჩიას როლის შეასრულა.

კომპოზიტორ დონიზეტის „ლუჩია დი ლამერმური“ს შემსრულებელთა შორის ლეილა გენჯერი გამორჩეულ ადგილს იკავებს. ის ექსპერსიონისტული სული და პერსონაჟების სულიერი და ფსიქოლოგიური წიაღსვლები, რაც დონიზეტის ოპერებს ახასიათებდა, ლეილა გენჯერისათვის საოპერო შესრულებაში  ყველაზე ახლობელი სტილი აღმოჩნდა.

ლეილა გენჯერს ყველაზე დიდი ოცნებაც აუხდა, ის ლა სკალაში მიიწვიეს. მან იქაურ სცენაზე 25 წელიწადი გაატარა. იმის გამო, რომ ლეილას რამდენჯერმე იტალიის მოქალაქეობა შესთავაზეს, მან უარი განაცხადა, მიზეზი კი ის იყო, რომ მას სურდა ლა სკალას აფიშებზე მისი სახელი დაეწერათ, როგორც ანკარის სახელმწიფო ოპერის მომღერლად.

1981 წლიდან ლეილა გენჯერმა ლა სკალას დაქვემდებარებულ სახელოვნებო ცენტრის ხელმძღვანელობა და ახალი თაობის მასწვალებლობის ფუნქცია იკისრა. ის სამშობლოში დიდი ხნის შემდეგ საბოლოოდ 1990 წელს დაბრუნდა და აქაც პედაგოგიური საქმიანობა განაგრძო.

მეოცნებე, მშრომელმა და ნიჭიერმა სოპრანომ ანდერძად დაიბარა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი ფერფლი სტამბოლის ყურეში ზღვაში მიმოეფანტათ. 2008 წელს ლეილა გენჯერის გარდაცვალებისთანავე მას ეს ანდერძი შეუსრულეს.

 


საკვანძო სიტყვები: #ლეილა გენჯერი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები