კუთხე-კუნჭული“ 14/2021

„ქალის ტვირთი“

1624841
კუთხე-კუნჭული“ 14/2021

კუთხე-კუნჭული“ 14/2021

„ქალის ტვირთი“

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

 

დღეს მსოფლიოში სამსახურის შოვნის მიზნით ადამიანთა გადაადგილების ტრაექტორია იმდენად გაიზარდა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში სტუმრობისას გარდა ტურისტისა, იქ მომუშავე სრულიად წარმოუდგენელი ქვეყნის მოქალაქესაც შეიძლება წავაწყდეთ. მუშათა კლასი, დღეს შეიძლება კომუნიზმის გადმონაშთ ცნებად ჟღერდეს და ოდნავ მოძველებულიც კი იყოს, მაგრამ ეს ცნება მსოფლიო მოსახლეობის დიდი რაოდენობის სოციალურ სტატუსს კარგად ასახავს. დღეს ადამიანები, თავიანთი ქვეყნის გარეთ სამუშაოდ, უმეტეს შემთხვევაში მუშის სტატუსით მიდიან. რა თქმა უნდა, აქ არ ვისაუბრებთ იმათზე, ვინც განათლების მისაღებად ან კიდევ სხვა პრესტიჟული სამუშაოს შესასრულებლად მიემგზავრება სხვაგან.

ეს სხვაგან კი უცხოეთია, სადაც როგორც ეს სიტყვაც გვკარნახობს, ყველაფერი უცხოა, ენიდან დაწყებული ყოფა-ცხოვრების წესით დამთავრებული. ამიტომაც გარდა იმ მძიმე ფიზიკური სამუშაოსა რასაც ეს ადამიანები ეჭიდებიან, ამას ასევე გაუცხოების მძიმე სასჯელიც ახლავს. ეს სოციოლოგების საკვლევი თემაა, თუმცა ის იმდენად ახლოსაა ამავე დროს ყველა ჩვენგანთან, რომ გვერდის ავლა შეუძლებელია.

სოციოლოგის ან თუნდაც ანთროპოლოგის შეფასებით არა, მაგრამ დაკვირვებული თვალით აღმომიჩენია, რომ ანკარაში, იმ პარკში სადაც ყოველდღიურად ვსეირნობ, სრულიად განსხვავებულ ნაციონალურ მრავალფეროვნებას ვაწყდები. ფილიპინელი, რუსი, ქართველი, შუა აზიელი ქალები დღის ერთ მონაკვეთში, უმეტესწილად შუადღისას, პარკის ინტერნაციონალურ სურათს ქმნიან. თვალში მოსახვედრი ისაა, რომ ამ ქალების უმეტესობა ასეირნებს ბავშვს, რომელიც ადვილად მისახვედრია რომ თავისი შვილი არაა. ძიძებთან ოდნავ კონტაქტის დამყარების მერე კი იმასაც ვარკვევ, რომ ბავშვი თურქია, მომვლელი ძიძა კი ხშირ შემთხვევაში ფილიპინელი ან ქართველი ქალი. ქართველ ქალთა მიგრაციის ისტორია 90-იანი წლებიდან იწყებს ათვლას და დღემდე ეს შეუჩერებელი პროცესია. ქართველი ქალების ერთგულ და მშრომელ ხასიათზე არაერთი თურქი ოჯახიდან მსმენია. „გუგლში“ ფილიპინების ეკონომიკური მდგომარეობის ჩაწერა და ძებნა არცაა საჭირო, ძალაუნებურად გვეფიქრება იმაზე, რომ ამ ორი ქვეყნის ეკონომიკა თითქმის თანაბრად სუსტია. ორი სრულიად განსხვავებული ერის ქალები ამ ერთ სექტორში არიან ჩაბმულნი, ბავშვის ან მოხუცის მოვლა.

საინტერესო ის ფაქტია, რომ თურქები მეტწილად ქართველს და ფილიპინელებს ანდობენ ყველაზე მთავარს, თავიანთ შვილებს. ქართველ ქალს გარდა ძიძობისა, ბავშვისათვის უცხო ენის სწავლების უნარიც გააჩნია, ეს ფილიპინელი ქალების შემთხვევაში ინგლისური ენაა. ამიტომაც თურქი მშობელი მოგებული რჩება. რაც ყველაზე მთავარია ამ ძიძებს თურქული ენის შესწავლაც სწრაფად შეუძლიათ. ეს მათ „ექსტრა“ განვითარებულობაზეც მიუთითებს და ხელფასიც ამის შესაბამისად მეტიც ეძლევათ ხოლმე.

ქართველ ქალებთან საუბრისას მათგანაც ხშირად მომისმენია კმაყოფილება და მადლიერება იმ თურქი ოჯახების მიმართ, სადაც წლების მანძილზე უმუშავნიათ. თუმცა ეს მაინც ორმხრივ კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. არსებობს ბევრი მაგალითიც, მუდმივად ოჯახების ცვლის შესახებ, რაც მათდამი ოჯახებში არასრულფასოვანი დამოკიდებულებით არის გამოწვეული. ეს გულისხმობს ფსიქოლოგიურ სტრესს, შეთანხმებულზე უფრო მეტ საქმეს, საკუთარი თავისთვის დროის საერთოდ არ ქონას და ა.შ.

ეს სწორედ ის პრობლემებია, რაზეც ქართველი ქალები ისევ როგორც ფილიპინელები მხოლოდ ერთმანეთში საუბრობენ. მათი ერთადერთი შესაქცევი კვირა დღეს ერთმანეთთან შეხვედრა და დარდის გაზიარებაა. სამწუხაროდ განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მათ მორალურ და სამართლებრივ უფლებებს ბოლომდე დაიცავს.

სინამდვილეში მომღიმარი, მშრომელი, ერთგული ქართველი და ფილიპინელი ძიძების უკან თავიანთ შვილებსა და ოჯახებს მონატრებული დედები დგანან, რომლებიც საკუთარი შვილების მონატრებას უცხო ბავშვის მოფერებაში კლავენ.

იმედია, ეს მხოლოდ დროებითი ნაწილი იქნება იმ ცხოვრებისა, რომლის გასაუმჯობესებლადაც ეს ქალები ამდენ შრომას სწევენ.


საკვანძო სიტყვები: #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები