კუთხე-კუნჭული“ 12/2021

ხალიჩები - ბუნების ფერები

1624813
კუთხე-კუნჭული“ 12/2021

კუთხე-კუნჭული“ 12/2021

ხალიჩები - ბუნების ფერები

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

 

ხალიჩის ქსოვის ტრადიცია თურქულ თემებში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და ინახებოდა თაობიდან თაობაში, როგორც სხვადასხვა ტიპისა და დიზაინის მქონე ორიგინალური ხელნაკეთობა. არსებობს მოსაზრება, რომ ხალიჩების ერთ-ერთი პირველი სახეობა სწორედ თურქული ტომის შექმნილია. გარდა იმისა, რომ მათ თემებში ხალიჩა იქსოვებოდა, როგორც საგვარეულო ხელოვნების ნიმუში, მისი შექმნა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. მაგალითად ხალიჩის ქსოვის შემდეგ მისი შეფერადებისთვის მცენარეული საღებავები უნდა დაემზადებინათ. ასევე რთული იყო ორნამენტების მასზე გამოსახვა. რათქმაუნდა ამას არ ჰქონდა სერიული ხასიათი, ამიტომაც ყოველი ხალიჩის ორნამენტი განსხვავებულია და შემქმნელის გუნება-განწყობილებასაც კი აშუქებს თითქოს.

იმ ბუნებრივი საღებავებისს ე.წ. შესარევი ფერების დიდი ნაწილი, რომელიც შემდგომ ხალიჩების შეფერილობისთვის გამოიყენებოდა, ანატოლიაში შეიქმნა. ასეთ აღმოჩენებს მიეკუთვნება მაგალითად, რუბია ტინქტორუმი (Rubia tinctorum) იგივე ქოქბოია (kökboya), რომლის ძირები იასამნისფერს გამოყოფს, რჰამნუსი (Rhamnus) იგივე ხეშავი, ხეჭრელი, რომლის ნაყოფისაგან შავი საღებავი მიიღება და ასევე ზაფრანა, რომელიც ყვითელ ფერს იძლევა.

თითოეულ ხალიჩაზე საუკუნეთა მანძილზე მოგზაურობის კვალი და თურქული ტომების შუა აზიიდან ანატოლიის ნახევარკუნძულამდე განვლილი გზის ისტორიაც იგრძნობა. თურქებმა ჯერ კიდევ შუა აზიაში ყოფნისას მესამე საუკუნიდან ე.წ. კვანძიანი ხალიჩების კეთება დაიწყეს. ყველაზე ძველი ხალიჩაც თურქული ხელწერისაა, ის ძვ.წ. აღ-ით მე-3-ე საუკუნით თარიღდება და ციმბირში, ალტაის მთებში, პაზირიკის ყორღანში იქნა აღმოჩენილი, სავარაუდოდ ის ჰუნ თურქებს ეკუთვნოდა.  სამარხი, რომელშიც ხალიჩა აღმოაჩინეს, ყინულის საფრის ქვეშ იყო მოქცეული, ამიტომაც ამან ხალიჩის დღევანდელ დღემდე მოღწევა განაპირობა.

შუა აზიაში მცხოვრები თურქული ტომები ქსოვილში მატყლის ძაფს აქსოვდნენ და ცხოველის ტყავის მსგავს ხალიჩებს ქმნიდნენ, თუმცა ამისგან შემდგომში ხალიჩების სხვა სახეობებიც განავითარეს. მეთერთმეტე საუკუნიდან კი ხალიჩებს დიდი ინდუსტრია უკვე ანატოლიაში დასახლებულმა სელჩუკთა დინასტიამ გადაიბარა. ხელოვნების ეს დარგი ევროპაში სწორედ მათგან გავრცელდა.

სელჩუკური ხალიჩების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მუქ ცისფერ და მეწამულ მოტივებზე ღია ცისფრისა და ღია წითლის მონაცვლეობაა. მოტივები ხშირად გეომეტრიული ფიგურებისგან შედგება. ვარსკვლავები, კაუჭებით გარშემორტყმული რვაკუთხედები ყველაზე მეტად განმეორებადი ფიგურებია. კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ფართო საზღვრებია, რომელიც ქუფის იგივე არაბული კალიგრაფიული ფორმებისაგან შედგება.

უკვე მეთექვსმეტე საუკუნიდან ანატოლიურ ხალიჩებზე სრულიად განსხვავებულ სურათს ვხედავთ. მათ „ოსმალეთის სასახლის ხალიჩებს“ უწოდებენ. ისევე როგორც იმდროინდელ ფაიფურზე, ქსოვილებზე, ყდებზე გამოსახული ნატურალისტურად შესრულებული ყვავილები და ფოთლები ამ ხალიჩებზეც იჩენს თავს. სხვა თურქული ხალიჩებისგან განსხვავებით ოსმალური ხალიჩები ე.წ. სინეს კვანძით იგივე ირანული კვანძითაა შექმნილი. კვანძები უმეტესწილად მატყლისა და ბამბის იყო, აბრეშუმს იშვიათად იყენებდნენ. მეშვიდმეტე საუკუნიდან სეჯდეს იგივე ნამაზის ლოცვის დროს მუხლებქვეშ დასაგებ ხალიჩას აქტუალური როლი მიენიჭა და თურქულმა ხალიჩებმაც აქ სამომხმარებლო ფუნქცია შეიძინა.

უკვე მე-19-ე საუკუნიდან ხალიჩების ატელიეები გაიხსნა, რამაც მისი შემდგომდროინდელი ინდუსტრიული ხასიათი გაზარდა. დღესაც მხოლოდ კანტიკუნტად თუმცა მაინც ამზადებენ ძველებური მეთოდით და ბუნებრივი საღებავებით თურქულ ხალიჩებს, რომელთა საბაზრო ფასი ლამის ოქროსას გაუთანაბრდეს.


საკვანძო სიტყვები: #ხალიჩა , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები