კუთხე-კუნჭული“ 11/2021

ლტოლვილები თურქეთში

1624803
კუთხე-კუნჭული“ 11/2021

კუთხე-კუნჭული“ 11/2021

ლტოლვილები თურქეთში

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

 

მსოფლიოში ომების, ძალადობის, ტირანიის შედეგად თავიანთი სამშობლოდან გაქცეულ ადამიანთა რიცხვი დღითიდღე იმატებს. თურქეთი აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელმაც ალბათ ყველაზე მეტი ლტოლვილი შეიფარა. დღეს თურქეთში ოფიციალურად სამი მილიონ ექვსასი ათასი სირიელი და სამას ოცი ათასი „გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისიას“ დაქვემდებარებული სხვა წარმომავლობის ლტოლვილია ჩაწერილი. ეს იმ ლტოლვილთა რიცხვია, რომლებმაც არ ან ვერ მოახერხეს ევროპაში გაქცევა, ყველაზე უსაფრთხო თავშესაფრად მესამე ქვეყანა თურქეთი აირჩიეს. მათ ლტოლვილის სტატუსით ყოფნას 1951 წლის კონვენცია და 1967 წლის საერთაშორისო შეთანხმების ოქმი აადვილებს.

 

თურქეთმა სირიის ომის შემდეგ და ომის დროსაც მზადყოფნა გამოხატა სირიელი ლტოლვილების შესაფარებლად, თუმცა ამისთვის დიდი გამოცდილება არ ჰქონდა. რუსეთთან ომის შემდეგ ოსმალეთის ტერიტორიაზე კავკასიიდან იქ გადასახლებულ ლტოლვილთა შემდეგ სირიელთა ნაკადი მეორე  დიდ ტალღად შეიძლება ჩაითვალოს. 2013 წელს თურქეთმა, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ლტოლვილთა უსაფრთხოებისა და მათი შეფარების შესახებ კანონი მიიღო. ამისთვის სპეციალურად „მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატი“ც შეიქმნა.  2014 წელს თურქეთმა ასევე მიიღო დროებითი დაცვის დებულება, რომელიც დროებითი ლტოლვილების უფლებებს, მოვალეობებსა და პროცედურებს იკვლევს.

ვინ ითვლება ლტოლვილად? ამ კითხვაზე პასუხის ფორმულირება „გაერთიანებულმა ერებმა“ ჯერ კიდევ 1951 წელს ჟენევაში მოახდინეს. მათი თქმით, ეს არის, „ადამიანი, რომელსაც დევნის სამართლიანი შიში აქვს რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეულ სოციალურ ჯგუფთან ან პოლიტიკური იდეების მიკუთვნების გამო და ამიტომ ტოვებს თავის ქვეყანას და არ ბრუნდება ან არ სურს დაუბრუნდეს მას სწორედ ამ შიშის გამო”. როგორც ვხედავთ საკმარისი საბაბია იმისათვის, რომ ადამიანს თავისუფლება შეეზღუდოს თავისივე სამშობლოში და იმის გამო, რომ სამართლებრივად და ზნეობრივადაც ადამიანი თავისუფალი არსებაა, მას აქვს უფლება იცხოვროს ისეთ გარემოში, რაც მას უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს. ჟენევის ეს ხელშეკრულება იმჟამად მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს დევნილ ევროპელებს ითვალისწინებდა. ასევე დროისა და სივრცის შეზღუდვებსაც აწესებდა. თუმცა 1967 წელს ეს შეზღუდვები მოიხსნა. თურქეთში დროის მხრივ შეზღუდვა მოიხსნა, მაგრამ სივრცის შეზღუდვა ისევ გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ევროპის ქვეყნებიდან დევნილებს ეძლევათ ლტოლვილის სტატუსი. მაშინ დანარჩენ დევნილებს რა სტატუსი ენიჭებათ? ჩნდება ბუნებრივი კითხვა. მათ „საერთაშორისო დაცვის განმცხადებლის“ სტატუსი აქვთ, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვისა და განათლების უფლებას იხვეჭენ. ექვსთვიანი ცხოვრების შემდეგ კი მუშაობის უფლება ეძლევათ. რაც შეეხება სირიელ დევნილებს, მათ თურქეთში „დროებითი დაცვის“ სტატუსი ენიჭებათ მხოლოდ.

დღეს მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი მიგრაციის ტალღაა აგორებული. „გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის“ 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 65 მილიონი ადამიანი იძულებითაა გადაადგილებული. ამათგან დაახლოებით 22 მილიონი ადამიანი ლტოლვილის სტატუსს ატარებს. ლტოლვილთა რაოდენობის ნახევარი 18 წლის ქვემოთაა. დაახლოებით ათი მილიონი  დევნილი დღეს მსოფლიოში უსამშობლოდ მიიჩნევა, რაც მათ განათლების, ჯანდაცვის,  მუშაობისა და ბევრ სიცოცხლისთვის აუცილებელ უფლებას აშორებს. საშუალო სტატისტიკით ყოველ ერთ წუთში ოცი ადამიანი იძულებით გადაადგილდება. თურქეთში სირიელი ლტოლვილების შემდეგ ყველაზე მეტი დევნილი ავღანეთიდან მოდის.

საზოგადოებაში ლტოლვილთა შემწყნარებლობისა და მათთან ერთად ახალი მომავლის შენების ცნობიერების გაღრმავებაზე დღეს თურქეთში არაერთი ორგანიზაცია მუშაობს. თუმცა ეს ნელი პროცესია, რომელიც იმედია ახალ თაობებში მაინც მტკიცედ მოიკიდებს ფეხს.

 


საკვანძო სიტყვები: #ლტოლვილი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები