„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (22) - ოთარ იოსელიანი

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ - ოთარ იოსელიანი

611234
„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (22) - ოთარ იოსელიანი

„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ 

ოთარ იოსელიანი – არისტოკრატი რეჟისორი

მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ ქართველ რეჟისორზე, რომლის დასახასიათებლად ალბათ ერთი სიტყვაც საკმარისი იქნება – არისტოკრატი. დიახ, ეს პიროვნება ოთარ იოსელიანი გახლავთ, რეჟისორი, რომელმაც საბჭოთა საქართველოს კინო სივრცეში ახალი სიტყვა შეიტანა.

ოთარ იოსელიანის შემოქმედება შეგვიძლია ასე დავყოთ: პირველი, ქართულ კინოში მისი მოსვლა და მეორე, კინოკარიერის უცხოეთში, განსაკუთრებით საფრანგეთში გაგრძელება. ოთარ იოსელიანის პირველი ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“ როცა ვნახე, სრულმა გაურკვევლობამ მომიცვა. ფილმი, ერთი შეხედვით სიმფონიურ ორკესტრს ჰგავდა, რომელშიც მართალია ყველა მუსიკოსმა თავისი ადგილი იცის, თუმცა სიმრავლის გამო თითოეული ინსტრუმენტის ხმის გამოცალკევება ჭირს. ეს რა თქმა უნდა ჩემთვის, მუსიკასთან არც თუ ისე ახლოს მყოფი ადამიანისთვის. თუმცა ფაქტი ერთია, იოსელიანის ამ ფილმში ისევე როგორც ზოგადად მისი შემოქმედების ყველა ფილმში, მოვლენათა თუ ადამიანთა სიმრავლე, მათ უკან ფონად გამოყენებული მუსიკის ხმები თუ უბრალოდ ვიღაცის მიერ წაღიღინებული მელოდიები ისეთ ორგანულობას ქმნის, რომ მაყურებელი ვერც ერთ კადრს ვერ გაიმეტებს ამოსაჭრელად, ამის უფლება რომ ჰქონდეს, რა თქმა უნდა.

ოთარ იოსელიანის ფილმების შესახებ ასეთ აზრს გამოხატავენ კინო კრიტიკოსები, თითქოს „იოსელიანი იოსელიანის წინააღმდეგ“ ილაშქრებს. ამის თქმის საფუძველს მათ ის აძლევთ, რომ რეჟისორი ინტერვიუებში ხშირად იმის საპირისპირო აზრს გამოხატავს, რასაც მის ფილმებში ამბობენ მთავარი პერსონაჟები და რაც არის ხოლმე მისი ფილმების მთავარი თემა. იოსელიანის ფილმები, გარდა მხატვრული ღირებულებისა, ერთგვარი დოკუმენტური პოეტიზაციაა. რეჟისორის მიერ დახატული 60, 70–იანი წლის თბილისი ჩემს თაობას საკმაოდ ბევრის მომცემ მასალას აწვდის იმდროინდელი საზოგადოების ყოფის, გემოვნების, კულტურის შესახებ. იოსელიანის ფილმებში ინდივიდების ხასიათი ურთიერთობებით არის გადმოცემული, ამით მისი შემოქმედება ლატვიელი რეჟისორის სერგეი ეიზენშტეინის ხედვას, კინოში მის მსოფლაღქმას ემსგავსება. თავად იოსელიანი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ რუსი ავანგარდისტების, ასევე სერგეი ეიზენშტეინის გავლენას განიცდიდა. საფრანგეთში შექმნილ იოსელიანის ფილმებს კი ცნობილი მხატვრის ავგუსტ რენუარის შვილის ჟან რენუარის კინო ხელოვნებას ადარებენ.

 შორიდან დანახული პლანი, მოვლენათა და კულტურათა ეკლექტიზმი, ოთარ იოსელიანის განსაკუთრებით საფრანგეთში გადაღებულ ფილმებში იგრძნობა.

გოგი გვახარიას ოთარ იოსელიანის შემოქმედებაზე დაწერილ სტატიაში, სათაურით, „მარადმწვანე ქართველი – თეთრის, ცისფერისა და წითელის ზღვარზე“, გვახარიას საკმაოდ დასაბუთებული, საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება ჩანს იოსელიანის ფილმების განხილვისას, თუმცა სტატიაში კრიტიკაც იგრძნობა იოსელიანის, როგორც „წარსულის სიდიადის“ ნოსტალგიური და შეიძლება ითქვას ფობიური დამოკიდებულების მიმართ. ბატონი გვახარია მართალიცაა, იოსელიანის ფრანგულ ფილმებში წარსული ნივთებისადმი განსაკუთრებული სიყვარული და  ყოველივე ახალთან შიშნარევი მიახლება ჩანს. იოსელიანისთვის წარსული უბიწო და ხელუხლებელია და მასში ნაკლის აღმოჩენა დაუშვებელია, წარსული არ უნდა გადაფასდეს, ის უნდა დარჩეს როგორც ტკბილი მოგონება, ეს ალბათ ყველაზე კარგად ჩანს მის ფრანგულ ფილმში „პეპლებზე ნადირობა“. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ერთ ფრანგულ პროვინციაში უზარმაზარი სასახლე, რომელიც ფრანგებთან ერთად საქართველოდან გადასახლებულ ქართველ არისტოკრატთა შთამომავლებს ეკუთვნით, მემკვიდრეების გარდაცვალების შემდეგ იაპონელთა ხელში გადადის. ისინი სასახლეს ყიდულობენ და თითქოს ამ სასახლეში წლობით მცხოვრებ ხელშეუხებელ „უბიწო“ წარსულს ეუფლებიან. აქ შეიძლება ფრანგული ნაციონალური იდეაც ჩანდეს „საფრანგეთი–ფრანგებს“, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს სასახლე მაინც საქართველოს სახე–ხატია, რომელსაც მემკვიდრეები დაეღუპა, შორეულმა მემკვიდრეებმა კი ის არ შეინარჩუნეს და უცხოტომელებს მიჰყიდეს. ფილმის ყურებისას ეს ასოციაცია თავისთავად მომივიდა, ამიტომაც ჩემთვის ვთქვი, რატომაც არა, იქნებ იოსელიანმა ესეც იგულისხმა ფილმში. აზრი ღიაა, ამიტომაც ამ თემაზე მსჯელობა ყველამ თავისკენ შეიძლება წარმართოს.

ახლა რაც შეეხება ოთარ იოსელიანის 1967 წელს ეკრანებზე გამოსულ ფილმს „გიორგობისთვე“. ფილმის გამოსვლისთანავე ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში წამყვან გაზეთებში კრიტიკული წერილები დაიწერა. მათ შორის გაზეთმა „კომუნისტმა“ ასე შეაფასა ფილმი: „ეს ფილმი კიდევ ერთხელ ლაპარაკობს იმ მცდარ, მავნე გზაზე, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი ახალგაზრდა შემოქმედი არასასურველი მიმართულებით მიჰყავს. ეს მიმართულება კი უცხოა საბჭოთა ხელოვანისათვის, იგი სოციალისტური რეალიზმის ყალბად გაგების, ყოფის ზერელე ასახვის, შიშველი ნატურალიზმის ჭაობისკენ მიაქანებს შემოქმედს. მხატვრული ნაწარმოების ნაცვლად მივიღეთ რაღაც პასკვილის მაგვარი რამ, რომელსაც საერთო არა აქვს ჩვენი ცხოვრების ამსახველ ჭეშმარიტ ხელოვნებასთან და ამ ფილმის ავტორების მოქალაქეობრივ სინდისზე ლაპარაკობს.“

აი, ასეთი იყო საბჭოთა საზოგადოების ძირითადი ნაწილის შეფასება ისეთი კინო შედევრისა, რომელშიც უპასუხისმგებლო კოლექტივისა და ცხოვრების გზაზე ახლად შემდგარი ახალგაზრდა „სინდისიანი“ ინდივიდის ურთიერთდამოკიდებულებაზეა აგებული. ფილმის კულმინაციურ ფინალში, ახალგაზრდა ბიჭი დგამს ისეთ ნაბიჯს, რომ  იმარჯვებს კოლექტივზე. ის განსხვავებულად იქცევა, თავის სინდისს უკუღმართ წესებს უპირისპირებს. შეგნებული ინდივიდუალიზმი, აი რა იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი მტერი. ამიტომაც იყო, რომ სტალინი ცალკეულ ინტელიგენტებს განვითარების საშუალებას არ აძლევდა და მათ  ფიზიკურად ანადგურებდა. კითხვების დასმა და ძიება, ეს არის ნებისმიერი საზოგადოების განვითარების საფუძველი. ის ერი, რომელიც კითხვებს აღარ სვამს, სხვა ერების მიერ ჩაყლაპვის საშიშროების წინაშე დგას. ოთარ იოსელიანის ფილმებიც ამ კითხვის დასმას ჰგავს. იოსელიანი ადამიანთა ყოველდღიურ ყოფას ტელესკოპით აკვირდება, მერე ამ დიდ სოციუმში გამოარჩევს ერთი ინდივიდს, რომელიც განსხვავებულად იქცევა.  ამ ინდივიდის ტრაგიკულად დაღუპვაც სოციუმს არაფერს აკლებს, თუ არ ჩავთვლით ოჯახის წევრებს, ცხოვრება გრძელდება უნდობლად, მაგრამ ამ ინდივიდის არყოფნას მერეღა ამჩნევენ, როცა მის მსგავს მართალ და კეთილ ადამიანს ირგვლივ ვეღარ აღმოაჩენენ. იოსელიანი, ერთი შეხედვით ამ ყველაფრის მკაცრი და „ცივი“ დამკვირვებელია, თითქოს აუღელვებლად გადმოსცემს სათქმელს, მაგრამ მაყურებელს აფიქრებს, რეჟისორის ყველაზე დიდი მისია კი ამით შესრულებულია.

ამას გარდა, მინდა ვთქვა რომ ოთარ იოსელიანის მუსიკალურმა და მათემატიკურმა განათლებამ კინო რეჟისურაში ახალი მიგნებები წარმოშვა. იოსელიანის მოკლემეტრაჟიან ფილმში „საპოვნელა“, რომლის მთავარი თემა მცხეთაში მცხოვრებ მოხუც მებაღე მიხეილ მამულაშვილზე და მის ბაღზეა, ყვავილებისა და მუსიკის საოცარ თანხვედრას ვხედავთ. რეჟისორი თავადაც ამბობს, რომ ფილმში შეეცადა შეექმნა მუსიკა სხვადასხვა ყვავილების მოძრაობის მიხედვით.

ოთარ იოსელიანის შემოქმედებაზე საუბარი სხვადასხვა პლანში შეიძლება. თუმცა მისი ფილმების სათითაოდ განხილვას ამ გადაცემის საეთერო დრო არ ეყოფა სამწუხაროდ. ასე რომ მე აქ გემშვიდობებით.



მსგავსი ინფორმაციები