გებრეისუსი შეშფოთებულია აფრიკაში შექმნილი მდგომარეობით

“კოვიდ-19 ვაქცინის ერთჯერადი დოზა  არ აქვს გაკეთებული 1 მილიარდამდე ადამიანს“

1762737
გებრეისუსი შეშფოთებულია აფრიკაში შექმნილი მდგომარეობით

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინის ერთჯერადი დოზა აფრიკის კონტინენტზე ჯერ კიდევ გაკეთებული არ აქვს დაახლოებით 1 მილიარდამდე ადამიანს. ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების (IHR) Covid-19-ის გადაუდებელი კომიტეტის მე-10 შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა გებრეისუსმა ყურადღება გაამახვილა ვაქცინების განაწილების გლობალურ უთანასწორობაზე და უსამართლობაზე და აღნიშნა, რომ ისეთი ბარიერები, როგორებიცაა ვაქცინის ნაციონალიზმი, ეპიდემიის პოლიტიზაცია და მოკლევადიანი პირადი ინტერესები, ხელს უწყობს ვირუსის ევოლუციასაც და უფრო მეტად გავრცელებასაც. “მსოფლიოში Covid-19-ის ვაქცინის 9,4 მილიარდზე მეტი დოზაა გაკეთებული, თუმცა, 90-მა ქვეყანამ ვერ მიაღწია მიზანს გასული წლის ბოლომდე თავისი მოსახლეობის 40 პროცენტის ვაქცინაციაზე და ამ ქვეყნებიდან 36-ში ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული მოსახლეობის 10 პროცენტიც კი.“  - განაცხადა გებრეისუსმა. მისივე თქმით, კოვიდ-19-ის ვაქცინის ერთი დოზა არ აქვს გაკეთებული აფრიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს, რაც  ამ კონტინენტის მთლიანი მოსახლეობის 85 პროცენტს შეესაბამება და ამიტომ, თუ ვერ შეძლებენ ამ ხარვეზის დაფარვას, მაშინ, ვერც ეპიდემიას დაასრულებენ. “კოვიდ-19-ის ამჟამინდელი ვაქცინები ძალზე ეფექტურია სერიოზული დაავადებებისა და სიკვდილიანობის პრევენციისთვის, თუმცა მათ არ შეუძლიათ სრულად აღკვეთონ ინფიცირება.“ - ხაზგასმით აღნიშნა ჯანმოს დირექტორმა.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #აფრიკა , #ვაქცინა , #ჯანმო

მსგავსი ინფორმაციები