აშშ: ჩვენ მზად ვართ რუსეთთან როგორც დიპლომატიისთვის ასევე ეკონომიკური სანქციებისთვის

აშშ: ჩვენ მზად ვართ რუსეთთან როგორც დიპლომატიისთვის ასევე ეკონომიკური სანქციებისთვის

1762490
აშშ: ჩვენ მზად ვართ რუსეთთან როგორც დიპლომატიისთვის ასევე ეკონომიკური სანქციებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის საკითხზე ისინი მზად არიან როგორც დიპლომატიისთვის, ასევე შეჭრის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციებისთვის.

თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე სალივანმა რუსეთისა და უკრაინის შესახებ ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში გამართული მოლაპარაკებები შეაფასა.

სალივანმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ მოლაპარაკებებზე აშშ-მაც და რუსეთმაც ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აშფოთებთ და რომ მათ ასევე ღიად გამოხატეს ის სფეროები, სადაც პროგრესი შეიძლება იყოს ან არა.

"მოლაპარაკებები იყო გულწრფელი და პირდაპირი. სასარგებლო იყო. ამ მოლაპარაკებებმა ჩვენ და რუსეთს მოგვცა დასაფიქრებელი მასალა."- განაცხადა სალივანმა.

მისივე თქმით, ისინი მოლაპარაკებების შემდეგ მოკავშირეებთან ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი.

"ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესებისთვის. ასევე მზად ვართ ვუპასუხოთ, თუ რუსეთი სხვა გზას აირჩევს. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან მკაცრი ეკონომიკური სანქციების შესახებ, რომლებიც დაწესდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“. - აღნიშნა ჯეკ სალივანმა.

მან ხაზგასმით განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და დაამატა: „ჩვენ ნათლად ვუთხარით რუსეთს სამხედრო ინტერვენციის ფასი და შედეგები.“

სალივანმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების გაგრძელების ახალი თარიღი დადგენილი არ არის და რომ მისი კონტაქტები როგორც მოკავშირეებთან ასევე რუსეთთან გაგრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #რუსეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები