პუტინთან შეხვედრამდე ბაიდენი დასავლელ ლიდერებს ესაუბრა

მათ ძირითადად უკრაინის საკითხი განიხილეს

1744098
პუტინთან შეხვედრამდე ბაიდენი დასავლელ ლიდერებს ესაუბრა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან დანიშნული ვიდეოკონფერენციის დაწყებამდე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ინგლისის ლიდერებთან უკრაინის საკითხი განიხილა. თეთრი სახლის წერილობითი განცხადებით, ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და საუბრის დროს მათ შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე ჯარების კონცენტრაციისა და მისი მზარდი მკაცრი რიტორიკის მიმართ. ამიტომაც ლიდერებმა მოსკოვს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ დონბასში პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არის ნორმანდიული ფორმატის მეშვეობით, მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და აქტიური დიპლომატია. მათვე ხაზი გაუსვეს  უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და ამ საკითხთან დაკავშირებით  მჭიდრო კონტაქტზე შეთანხმდნენ.

ამავდროულად, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ ისინი გამოიყენებენ ყველა დიპლომატიურ საშუალებას რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის მოსაგვარებლად და თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, მაშინ, სამხედრო ჩარევა, მათ პირველ არჩევანს შორის არ იქნება.



მსგავსი ინფორმაციები