აქტუალური თემის ანალიზი 80

კუნთების თამაში აშშ-ირანს შორის

1672110
აქტუალური თემის ანალიზი 80

                            

              

ექსპერტები თვლიდნენ, რომ ჯო ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აშშ-ისა და ირანის ურთიერთობები უფრო პოზიტიურ ჩარჩოებში განვითარდებოდა, მაგრამ, ჟენევაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ, მათ შორის  კონფლიქტი ახლიდან დაიწყო, განსაკუთრებით ერაყ-სირიის ხაზზე. მართლაცდა, ირანი თუ თავისი მარიონეტების მეშვეობით თავს ესხმის აშშ-ის სამხედრო ბაზებს, სამაგიეროდ აშშ-ი კი ბომბავს ირანთან პირდაპირ დაკავშირებულ ძალებს. ასე რომ, ორ ქვეყანას შორის დაბალი ინტენსივობის კონფლიქტის სპირალი, შესაძლოა, სირიის ჩარევით კიდევ უფრო გამწვავდეს. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს ...

როგორც ცნობილია, ტრამპის ეპოქაში აშშ-ის პოლიტიკა ირანის მიმართ თანდათან გამკაცრდა და საბოლოოდ გადაიქცა, როგორც იტყვიან თეირანის წინააღმდეგ ”მაქსიმალურ ზეწოლაში.” მის ფარგლებში აშშ-ი გამოვიდა ბირთვული შეთანხმებიდან და ეკონომიკური სანქციები და ემბარგო დაუწესა რა ამ ქვეყანას,  არანაირი ვარიანტით აღარ შეეძლო ირანს ნავთობის ექსპორტიც. გარდა ამისა ვაშინგტონმა, ერაყი-სირია-იემენის ხაზზე ირანის საწინააღმდეგო ელემენტებს დაუჭირა მხარი, ხოლო ისრაელმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან კოალიცია შეკრა და ამით ირანზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა. ამის ლოგიკური შედეგი გახდა ე.წ. “იერუსალიმის ძალების“ მეთაურის, გენერალ კასიმ სულეიმანის მკვლელობა ისრაელის მხრიდან, რასაც თეირანის სამხედრო შურისძიებები მოჰყვა და ორი ქვეყანა ლამის პირდაპირი ომის ზღვარზე აღმოჩნდა. თუმცა, ბაიდენის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევისთანავე, ეს ანტიირანული კოალიცია დაიშალა და ირანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა შერბილდა. ბაიდენმა განაახლა მასთან ბირთვული მოლაპარაკებები, რამაც შედარებით პოზიტიური განწყობა შექმნა ორ სახელმწიფოს შორის, ხოლო აშშ-ის მხრიდან იემენის ომისადმი მხარდაჭერის შეწყვეტამ, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გააძლიერა.

მაგრამ, მხარეთა უკომპრომისო დამოკიდებულებითა და ბირთვული მოლაპარაკებების ბლოკირებით, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობამ კვლავ ზრდა დაიწყო. ზოგიერთიექსპერტის აზრით, ამ დამოკიდებულებაზე გავლენა იქონია ისრაელისა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ლობისტურმა საქმიანობამ აშშ-ში. საბოლოოდ, მხარეებს შორის გაძლიერდა რეგიონში ძალაუფლებისათვის ბრძოლა, განსაკუთრებით ერაყში, სადაც პროირანულმა შიიტურმა შეიარარებულმა დაჯგუფებებმა (ჰაშდი ალ-შააბი), აქ განლაგებული აშშ–ის ბაზებსა და ლოგისტიკურ კოლონებზე თავდასხმები დაიწყეს. ასე რომ, პროირანული ძალების მთავარი სამიზნე გახდა ამერიკელების კუთვნილი ერბილის საჰაერო ბაზა და აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზა, რომლებსაც რაკეტებითა და ბომბებიანი დრონებით დაესხნენ თავს

ამის საპასუხოდ რეგიონში განლაგებული აშშ-ის სამხედრო ძალები შიიტ მილიციებს საჰაერო დაბომბვებით პასუხობენ. დაბალი ინტენსივობის ეს კონფლიქტი ორ ქვეყანასა და მათ მარიონეტებს შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, სირიაშიც გავრცელდა. მის ფარგლებში ირანელი შეიარაღებული ძალები სამხედრო დრონებით თავს დაესხნენ აშშ-ის ბაზას დეირ ეზორის აღმოსავლეთით მდებარე ელ ომარის ნავთობის ჭაბურღილს, ხოლო ამის საპასუხოდ, აშშ-ის გამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს ელბუ ქემალის რეგიონში მდებარე შიიტთა შტაბზე

ახლა ნამდვილი კითხვა ის არის, ურჩევნიათ თუ არა მხარეებს ამ კონფლიქტების კიდევ უფრო გამწვავება. ბირთვულ მოლაპარაკებებში პოზიციის განმტკიცების მიზნით, ორივე მხარე დგამს საპირისპირო ნაბიჯებს  და ამ დროს ისინი არ ერიდებიან სამხედრო ქმედებებსაც, ხოლო მის საფასურს კი ერაყი და სირია იხდიან. ის პერიოდი, როცა აშშ-ი სამხედრო ძალები თანდათანობით გადიან ახლო აღმოსავლეთიდან, ირანისათვის შეიძლება დამაიმედებლად ჩაითვალოს, თუმცა, აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ისრაელისა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების დამაბალანსებელი როლიც, წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები