ვაშინგტონმა მიიღო ფხენიანის მიწვევა

ტრამპი და კიმი ერთმანეთს მაისის თვეში შეხვდებიან

925881
ვაშინგტონმა მიიღო ფხენიანის მიწვევა

 

სამხრეთ კორეის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში  ჩუნგ ეი-იონგმა თეთრ სახლში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ იონგ-ენმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა და მასთან შეხვედრა მოითხოვა.

მისივე თქმით, ამავე წერილში კიმი ასევე დაჰპირდა აშშ-ს, რომ ჩრდილოეთ კორეა ამიერიდან მოერიდება ნებისმიერი ბირთვული ან ბალისტიკური რაკეტების გამოცდას, ხოლო ამის პარალელურად ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაგებით ეკიდება აშშ-ს და სამხრეთ კორეას შორის რუტინული სამხედრო წვრთნების გაგრძელებასაც.

ამ წერილს დადებითი პასუხი მოჰყვა აშშ-ს პრეზიდენტისგან რა, საპასუხო განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების მიზნით მზადაა მაისის თვეში შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს.

სამხრეთ კორეის წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ ნაბიჯებით  ორ ქვეყანას შორის პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარების იმედებიც გაძლიერდა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა გავრცელებულ წერილობით განცხადებაში დაადასტურა, რომ ტრამპი და კიმი ერთმანეთს შეხვდებიან და თარიღის და ადგილის შესახებ ზუსტ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ



მსგავსი ინფორმაციები