„კუთხე-კუნჭული“ 23-2022

ქალაქი ორდუ

1839832
„კუთხე-კუნჭული“ 23-2022

„კუთხე-კუნჭული“ 23-2022

ქალაქი ორდუ

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

 

ორდუ თურქეთის დიდ ქალაქებს შორის მე-19-ე ადგილზეა. ის შავიზღვისპირეთის რეგიონში მდებარეობს. რეგიონის ჩრდილოეთით შავი ზღვა, სამხრეთით თოქათი და სივასი, დასავლეთით სამსუნი, აღმოსავლეთით კი გირესუნი აკრავს. ორდუს რეგიონი ძვ.წ.აღ.-ით 400 წლამდე დღევანდელი ქალაქის ცენტრიდან ცოტათი დაშორებით ბოზუქქალეს სახელით ცნობილ რაიონ „კოტიორა“ში დაუარსებიათ.

შავიზღვისპირელი მწერლის ოზჰან ოზთურქის მიხედვით, კოტიორას ძველი მაცხოვრებლები კოლხები იყვნენ. აქედან ვიგებთ, რომ კოლხეთის დაბლობი (შესაბამისად კოლხეთის სამეფოც) დღევანდელი ორდუს ტერიტორიასაც მოიცავდა. ძველ ლაზურად „კოტო“ ჭურჭელს ნიშნავს, კოტიორა კი ჭურჭლის დამამზადებელ ადგილს აღნიშნავს. კოტიორასთან ახლოს მდებარე სხვა რაიონებიც ლაზურ ტოპონიმს ატარებენ, ამიტომაც ეს კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ აქ ძველი კოლხები სახლობდნენ.

ორდუს კიდევ უფრო ძველ ისტორიას გადავწვდეთ. როგორც ცნობილია ორდუს რეგიონის ტერიტორიაზე ცხოვრების კვალი ძვ.წ.აღ.-ით მე-7-ე საუკუნემდე ატანს. როგორც ვთქვით, კოტიორა მათ შორის ყველაზე ძველი სამოსახლო იყო. ირანელებთან ბრძოლიდან დაბრუნებულმა ბერძენმა მეთაურმა ქსენოფონმა გზად კოტიორაში დაისვენა და მისი თქმით, იქ მოსახლეობას გადააწყდა.

კოტიორა პატარა კოლონია იყო. ძვ.წ.აღ-ით მე-2-ე საუკუნეში პონტოს მეფემ ფარნაქ პირველმა იქ მცხოვრები მოსახლეობა გირესუნში გადაასახლა. მე-7-ე საუკუნიდან აქ, შუა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რაიონებში ერთმანეთის მონაცვლეობით კიმერიელი, მილეტელი, სპარსი მეთაურები და ასევე ალექსანდრე მაკედონელი ბატონობდა. შემდგომ კი სამნახევარი საუკუნის განმავლობაში აქ პონტოს სახელმწიფო განაგებდა ტერიტორიებს. რომის იმპერიის მოსვლისთანავე პონტოს სამეფომ არსებობა შეწყვიტა.

ორდუ ამ პერიოდიდან მოყოლებული ქვანახშირის მოპოვებით ხდება ცნობილი. ამასთანავე ორდუს მიდამოებში, მიწაში რკინის საბადოებით რკინეულის განვითარება სწორედ აქედან იწყება.

კოტიორას გარდა ორდუს მახლობლად გოლქოის ციხეა, რომელიც სპარსი მეფის დარიუსის მიერ ძვ.წ.აღ.-ით მე-5-ე საუკუნეშია აგებული. ჩამბაშის იალაღი კი აქ მცხოვრებთა ერთ-ერთი ყველაზე ძველი სამოსახლოა.

ორდუმ რომის იმპერია, შემდგომ კი ტრაპიზონის სახელმწიფოს მმართველობა გამოიარა. მე-15-ე საუკუნიდან ის უკვე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

ტოპონიმი ორდუ მას შემდეგ გამოიყენება, რაც ამ ქალაქში და მის შემოგარენში თურქი მოსახლეობა მომრავლდა. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ბერძენი და სომეხი იყო. თურქეთისს რესპუბლიკის დაარსების შემდეგ კი აქ თურქმა მოსახლეობამ იმატა. დღეს ისინი უმრავლესობაში არიან. თუმცა ქალაქი თავისი შემოგარენით მაინც ინარჩუნებს რამდენიმე კულტურის სინთეზს.

ეს ყველაზე უფრო სამზარეულოსა და ფოლკლორში გამოიხატება. აქ ასევე თურქმენების იგივე ჩეფნების კულტურის დიდი გავლენაც იგრძნობა. დღესასწაულებსა თუ სეზონურ, ბუნებასთან დაკავშირებულ ცერემონიებზე ქემენჩეს, დოლ-ზურნას, კლარნეტს იგივე გირნათას უკრავენ და ცეკვებსაც მხოლოდ ორდუს რეგიონისთვის დამახასიათებელი, შავიზღვისპირეთის კულტურის აურა დაჰკრავს. აქაური ცეკვები წააგავს კავკასიურ, უფრო მეტად კი ქართულ ხორუმსაც, რომელსაც იქ ჰორონს ეძახიან.

ორდუ თხილით განთქმულია. მთელი თურქეთის ტკბილეულის საწარმოებს, დაწყებული შოკოლადიდან დამთავრებული თხილიანი ბაქლავათი, თხილით ორდუ ამარაგებს. სწორედ ორდუსა და მის მიდამოებში ჩადის ხოლმე ქართველი მუშა-ხელი და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად თხილის დიდ მოსავალს იღებს.

ორდუს მარკადაა ქცეული ასევე ცნობილი ორდუს წაბლი, ნიგვზის ხალვა, ორდუს ყურძნის არომატული შარბათი, ორდუს ღუმელის ლობიო,  ლეღვის ცნობილი მურაბები, მშრალი იუფკა ანუ მშრალი ცომი, მომწვარი ყაბაყი, კივი, თუთის ფექმეზი, თხილის მაჯუნი, ორდუს აჩმა.

ორდუს თუ ეწვევით არ დაგავიწყდეთ მოინახულოთ კოტიორა, ბიზთეფე, საიდანაც არნახული ხედი იშლება და ასევე უნიეს ტყეები, სადაც უამრავი სახის ჩიტის ხმას გაიგონებთ და ასევე სოკოების ჯადოსნურ სამყაროში გადაინაცვლებთ.


საკვანძო სიტყვები: #ქალაქი ორდუ , #ორდუ , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები