კუთხე-კუნჭული“ 29/2021

საპონი თუ უფრო მეტი

1696546
კუთხე-კუნჭული“ 29/2021

კუთხე-კუნჭული“ 29/2021

საპონი თუ უფრო მეტი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

21-ე საუკუნე დადგა თუ არა დიდი სისწრაფით ორგანული საკვების მოთხოვნილება დღის წესრიგის ნაწილი გახდა. ტერმინი „ბიო“ ერთგვარ მარკადაც კი იქცა. არა მარტო საკვები პროდუქტი, არამედ ნებისმიერი საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთი, დაწყებული ჰიგიენური საშუალებიდან დამთავრებული ფეხსაცმლის შემადგენლობით უკვე იმით ისაზღვრება თუ რამდენად „ბიო“ა. მის ბაზარზე ღირებულების ფასსაც სწორედ ეს განსაზღვრავს. ყველაფერ ნატურალურზე უკვე დიდი მოთხოვნაა, მათ შორის კი ერთი შეხედვით უბრალო რამეზე, რაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა ალბათ ცოტა თუ გვიფიქრია მასზე. რომ არა ამ ბოლო წლების მანძილზე გამოჩენილი კომპანიების თუ ოჯახური წარმოების ბიზნესის რეკლამები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო ნატურალურად და ქიმიის გამოყენების გარეშე ამზადებს მას. საუბარი მაქვს საპონზე, ადამიანისათვის ამ განუყრელ მეგობარზე, რომელმაც ის ბევრი დაავადებისგან იხსნა და მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

საინტერესოა როდის გაჩნდა საპონი, რა ცვლილებები გაიარა დღევანდელი სახით მოღწევამდე. როგორც ისტორიკოსები გვაუწყებენ საპონი 6, 7 ათასი წლის ისტორიას ითვლის. ადამიანები ოდითგანვე სხეულისა და სახის გასაწმენდად ნაცარს, მიწას, თიხას, მცენარეულ ზეთებს იყენებდნენ. მოცემულ ნივთიერებებში ნატრიუმის, კალიუმის, მარილისა და ცხიმოვანი მჟავების არსებობამ, ნაცარსა და წყალთან რეაქციაში საშუალება მისცა საპნის პირვანდელი სახის წარმოშობას. შუმერების ფირფიტებზე საპნის დამზადების რეცეპტებიც კი არის მოცემული. მისი დამზადება იცოდნენ ხეთებმაც. ეგვიპტელები ტუტე მარილისა და ცხოველური თუ მცენარეული ზეთის შენარევით აკეთებდნენ ამ ჰიგიენურ საშუალებას. ძველ საბერძნეთსა და რომში კი განსაკუთრებით ქალები საპნის სურნელებას ანიჭებდნენ უპირატესობას, ამან კი საპნის მრავალფეროვნების იდეა დაბადა. განსაკუთრებით რომაელების აბანოებისადმი დიდი ინტერესის გამო საპონმა შეუდარებელი ღირებულება შეიძინა.

ჯერ კიდევ მე-17-ე საუკუნემდე ევროპაში ბანაობისა და პირადი ჰიგიენის კულტურას ფეხი არ ჰქონდა მოკიდებული. ამის მიზეზი გადამდები დაავადებები იყო. იმის გამო, რომ საპონი ძვირი სიამოვნება გახლდათ, მისი ყიდვა მხოლოდ შეძლებულებს შეეძლოთ. თუმცა განსაკუთრებით ინგლისში უკვე უჰიგიენობის გამო დაავადებული ხალხის გადასარჩენად სამეფო კარმა საპნის მწარმოებლებზე დაწესებული მაღალი გადასახადები მოხსნა და აბანოებში საპნის უფასო დარიგების ტრადიციაც კი შემოიღო.

იმის გამო, რომ ისლამის რელიგია ჰიგიენას დიდ ყურადღებას უთმობს, მუსლიმურ ქვეყნებში პირადი სისუფთავის წესდება ყოველთვის დღის წესრიგში იყო. ემევები, აბბასები, სელჩუკები რომაელების შემდეგ ყველაზე განვითარებული აბანოების სიმრავლითა და სისუფთავისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. ოსმალეთის იმპერიის ხანაში ისლამის გაძლიერების შემდეგ ნამაზის ლოცვამდე აბდესთის მიღება იგივე განბანვა პირადი ჰიგიენის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გახდა. სწორედ ოსმალების პერიოდში საპნის ინდუსტრიული წარმოება დაიწყო. არსებობდა სხვადასხვა შემცველობის, ფორმისა და სუნის მიხედვით საპნები, რომაელთა დასახელებები ასე ჟღერდა: ფესი, ფაშა, არაფ, ლექე, ქარა, ქანდიე და სხვ.

ოსმალოთა პერიოდში მაინც ყველაზე დიდი მნიშნველობა ზეთისხილის საპონს ენიჭებოდა. დღეს ის საპნები, რომელიც სხვადასხვა მცენარისა და ყვავილის შემცველობით გამოირჩევა, ოსმალეთის იმპერიაში დაწყებული კვლევითი მუშაოების შედეგია. ოსმალებმა დიდხანს იმუშავეს იმაზე, რომ საპონს ისეთი სახე მიეღო როგორიც მას დღეს აქვს. ის ტრადიცია, რომ ქალიშვილს მზითევში სხვადასხვა სურნელების ნატურალურ საპონს უდებდნენ, დღემდე გრძელდება. ასევე დღევანდელ თურქეთში მაღალი თანამდებობის პირების ერთმანეთისთვის ძვირფასი საპნის საჩუქრად გადაცემაც ერთგვარი მოწიწებისა და პატივისცემის გამოხატვის ნიშანია.


საკვანძო სიტყვები: #საპონი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები