კუთხე-კუნჭული“ 25/2021

ბლის სეზონი

1664141
კუთხე-კუნჭული“ 25/2021

კუთხე-კუნჭული“ 25/2021

ბლის სეზონი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

 

ტყემლის და ალუჩის შემდგომ ივნისი ბლის სეზონია. ბლის საზეიმო ფერი და გემო ზაფხულის დადგომას გვაუწყებს. ამ პერიოდში თურქეთში თექირდაღიდან ანტალიის, ბურდურის, ასევე იზმირისა და მანისას რეგიონებამდე ბლის ფესტივალები იმართება. აქ ბლის თითქმის ყველა სახეობას შეგიძლიათ გაეცნოთ და დააგემოვნოთ. ამ ფესტივალებზე დამღერებულ ისეთ „თურქუებში“, რაც საცეკვაოდ იწვევს ადამიანებს, შაირულ ყაიდაზე ბლის სახელი გოგოს მისამართით ხშირად გვესმის. ბალი ზეიმის, საზაფხულო განწყობის და ბევრი გასტრონომიული თავგადასავლის ნაწილია.

არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ბლის თურქული სახელწოდება „ქირაზ“ ქალაქ გირესუნის „ქირესუნი“დან მომდინარეობს. ამას მიბმული ის ამბავიც არის, რომ ცნობილმა რომაელმა გენერალმა ლუკულუსმა ბალი სწორედ გირესუნიდან ევროპაში „გაიტანა“. ძველ წყაროებში სტამბოლის უძველეს უბნებში გაშენებული ბლის სახეობების დასახელებებიც კია შეტანილი, რომელთაგან „სარიერის ქირაზი“ გამორჩეულია. მოგზაური ევლია ჩელებიც თავის მოგზაურობის წიგნში რეგიონების მიხედვით ბლის სახეობების ჩამონათვალს გვაცნობს.

ბლის ის სახეობა, რომელიც თურქეთიდან უცხო ქვეყნებში გასაყიდად გაედინება „ზირაათ 0909“ დასახელებისაა. ეს სპეციალურად გამოყვანილი სახეობაა, გულის მსგავსი ფორმით, ხორციანობითა და წყლიანობით განთქმული, რომელსაც თავის დროზე შერქმეული ეს კოდური სახელი შერჩა. მას იზმირის ქემალფაშას რეგიონში „მატყუარა ნაპოლეონსაც“ ეძახიან. მისი განსაკუთრებულობა გამძლეობაშია. ამასთანავე უნდა ვთქვათ ისიც რომ, თურქეთი მსოფლიოში ბლის მოყვანა-მოშენება-ექსპორტის საკითხში პირველ ადგილზეა.

იმის გამო, რომ ბლის ბევრი სახეობა ტრანსპორტირებას ვერ უძლებს, ამიტომაც მათი დიდი ქალაქების ბაზრებში ხილვა შეუძლებელია, თუმცა საკმარისია ეგეოსისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის პატარა სოფლების ბაზრებს ეწვიოთ, ამ პერიოდში ბლის მრავალფეროვნებას წააწყდებით. საინტერესოა, ისიც რომ თურქეთში ზღვების არქეოლოგიურ აღმოჩენებში ბლის კურკებს ვაწყდებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბალი მათი სამოგზაურო მენიუს ნაწილი იყო. თუმცა უცნაურია როგორ ინახავდნენ მას უგრძელეს გზებზე. აღმოჩნდა, რომ ბლებს ძაფზე აცვამდნენ და ახმობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბალი არც თუ ისე კალორიული ხილია, თანაც მას პირიქით დიეტური თვისებებიც გააჩნია, რა ადგილი უნდა ჰქონოდა მეზღვაურების კვების რაციონში. ბლის ჩირი თავისი გემოვნური მახასიათებლებით იმდენად გამორჩეულია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეზღვაურები მას ტკბილეულის დანიშნულებით მიირთმევდნენ.

იმის გამო რომ ბლის კურკები გაცხელებისას სითბოს დიდხანს ინარჩუნებს, შვედურ კულტურაში მას ხალხურ ადათშიც იყენებდნენ. ყურის, მუცლის ტკივილის დროს კარგად გარეცხილ ბლის კურკებს ღუმელში აცხელებდნენ და ბამბის ქსოვილში ახვევდნენ, ავადმყოფს მტკივან ადგილზე ადებდნენ და ტკივილიც ყუჩდებოდა.

რაც შეეხება თურქულ გასტრონომიაში ბლის გამოყენებას, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს მას უფრო მეტად მარილიან კერძებში იყენებენ. ბალს ამჟავებენ და შემდგომ ხორცეულ კერძებს უმატებენ. გირესუნში „ქირაზ თუზლამასი“ ანუ „დამარილებული ბალი“ ბიზანტიური განსტრონომიის გადმონაშთია. სტამბოლში კი ბლიანი ფიდეებია ცნობილი. თურქეთში ასევე სემიზოთუს იგივე სამყურას ბალახეულთან და თხის ყველთან ერთად ბლის სალათა ერთ-ერთი უცხო და გურმანთა საყვარელი კერძია.


საკვანძო სიტყვები: #ბალი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები