კუთხე-კუნჭული“ 22/2021

ჰიდრელეზი (2)

1664147
კუთხე-კუნჭული“ 22/2021

კუთხე-კუნჭული“ 22/2021

ჰიდრელეზი (2)

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

 

ბალკანურ ენებზე ედერლეზი, თურქულად კი ჰიდირელეზ ან ჰიდრელეზი შუა აზიაში, შუა აღმოსავლეთსა და ბალკანეთში საგაზაფხულო დღესასწაულის სახელწოდებაა. გადმოცემის მიხედვით, ჰიდრელეზი მთელი ქვეყნიერების გაჭირვებულთა დასახმარებლად ყოველთვის მზად მყოფი ჰიზირისა და ელია წინასწარმეტყველის დედამიწაზე შეხვედრის დღედ მიიჩნევა. ეს დღე მიწისა და წყლის შეხვედრის სიმბოლური გამოხატულებაა. ზოგიერთ ხალხებში ჰიზირი და ელია ერთი და იგივე „პერსონაჟია“.

ჰიდრელეზი გრიგორიანული კალენდრის მიხედვით 6 მაისს, ხოლო ბერძნულის ან იგივე იულიუსის კალენდრის მიხედვით 23 აპრილს აღინიშნება და ე.წ. ჰიზირის დღეები 8 ნოემბრამდე ძალაში რჩება. 5 მაისის ღამე ზამთრის დასასრულსა და ზაფხულის დასაწყისის მაუწყებელ დღედ მიიჩნევა. ქრისტიანები 5 მაისის ღამეს წმინდა გიორგის დღედ და ბუნების გაღვიძების დღედაც მოიხსენიებენ. იმის გამო, რომ ბევრ კულტურაში ჰიდრელეზი ბუნების გაცოცხლებასთანაა დაკავშირებული, მისადმი მიძღვნილი ბევრი რიტუალი, ფოლკლორული ზეპირსიტყვიერება და ცეკვა-სიმღერის ტრადიციაა  დაკავშირებული. 2010 წელს იუნესკომ დაიწყო პროექტზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც ჰიდრელეზი, როგორც სახალხო დღესასწაული „კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობა“ში შეიტანოს.

არსებობს ცნობები იმის შესახებაც რომ ჰიდრელეზი მესოპოტამიელი, ანატოლიელი, ირანელი და ბალკანელი ხალხების საერთო დღესასწაული იყო. მესოპოტამიაში გაზაფხულის დადგომისთანავე ევფრატისა და ტიგროსის მდინარეების უხვიანობის აღსანიშნავად ჰიდრელეზის ერთგვარ სახეობას „თიმმუზ“ს აღნიშნავდნენ.

საქართველოშიც არსებობდა მსგავსი დღესასწაული, რომელსაც ვარდმოფენობას ეძახდნენ. გიორგი ლეონიძე „ნატვრის ხე“ში აღწერს, თუ როგორ რთავდნენ საგულდაგულოდ სახლის აივნებს მაისის ვარდებით და ბუნების გაღვიძებას ზეიმობდნენ. შეიძლება ითქვას აღდგომის დღესასწაულიც ქრისტიანულ კულტურებში ერთგვარი ბუნების გამოღვიძების დღესასწაულიცაა. თუმცა როგორც ასეთი „გაზაფხულობა“ დღეს ჩვენში აღარ აღინიშნება, თურქეთში კი ჰიდრელეზი ისევე მტკიცედ აგრძელებს მყოფადობას, თითქოს რამდენიმე საუკუნეს არც გაევლოს, რაც ის არსებობს. განსაკუთრებით დასაოჯახებელნი 5 მაისს ღამით დიდი მოწიწებით ვარდის ხის ქვეშ მიწაში აფლობენ ფურცელს, რომელშიც თავიანთ სურვილს წერენ, რაც უნდათ რომ გამოღვიძებული ბუნებისა და ჰიდრელეზის ძალით ახდეს. არ ვიცით რამდენად შედეგიანია ამ რიტუალის აღსრულება, თუმცა ერთი კი არის, თურქეთის დიდი ქალაქის ბაღებშიც კი ჰიდრელეზის ღამით ვარდის ბუჩქებთან ახალგაზრდებს შენიშნავთ.

ჰიდრელეზი თურქულ სამზარეულოშიც ჰპოვებს გამოხატულებას. იმის გამო, რომ ჰიდრელეზი გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისს უკავშირდება, ამიტომაც ამ პერიოდში სუფრაც განსაკუთრებით სეზონური მწვანილეულობით და მათგან დამზადებული ნაირნაირი კერძებით ირთვება. ამ დღისთვის განსაკუთრებით ვაზის ფოთლებში გახვეული ტოლმა მზადდება. ასევე ამზადებენ ბალკანურ-თურქულ ტკბილეულს გულაჩს. ცომის უთხელეს ფიფიტებს რძეში ალბობენ და ვარდის მურაბას უმატებენ. საინტერესოა ისიც, რომ  ჰიდრელეზის სუფრას მოხარშული კვერცხი და ასევე მოხარშული კარტოფილი ამშვენებს, მათი კანისგან განცალკევების შემდეგ მირთმევა ერთგვარად სიმბოლოა ძველი წყენებისა თუ ცუდი მოგონებებისგან გასათავისუფლებლად. ამასთანაა დაკავშირებული ჰიდრელეზის ღამეს ცეცხლზე გადახტომის რიტუალიც, რასაც ჩვენში ჭიაკოკონობას ეძახიან. ძველი ხალხების რწმენით ცეცხლს ადამიანის გაწმენდა შეუძლია.

ჰიდრელეზის დღესასწაულის აღწერას ვხვდებით ემირ კუსტურიცას ფილმში „ბოშების დრო“, სადაც მუსიკალური გაფორმება და ცნობილი მელოდია „ედერლეზი“გორან ბრეგოვიჩს ეკუთვნის.

მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.


საკვანძო სიტყვები: #ჰიდრელეზი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები