კუთხე-კუნჭული“ 15/2021

ოსმალური მულტიკულტურული მოდა

1624852
კუთხე-კუნჭული“ 15/2021

კუთხე-კუნჭული“ 15/2021

ოსმალური მულტიკულტურული მოდა

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

ოსმალეთი მულტიკულტურული იმპერია გახლდათ. მისი დიდი გეოგრაფიული ნაწილი აზიიდან ევროპამდე, რომელსაც ეს იმპერია მოიცავდა სხვადასხვა ხალხების ისტორიას და მათ ეთნოგრაფიას მოიცავს. დღევანდელ გადაცემაში მინდა გესაუბროთ ამ იმპერიის დედაქალაქ სტამბოლში და მთლიანად ანატოლიის ტერიტორიაზე მცხოვრებთა იმდროინდელ მოდაზე. საინტერესოა რას იცვამდნენ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები თურქები, ქურთები, ქართველები, სომხები, ებრაელები, ალბანელები და კიდევ ბევრი ეთნიკური ჯგუფის ხალხები. ამ იმპერიის შიდა ცხოვრების, სასახლის კარის, სულთნებისა და მათი ჰარამხანის ქალების ჩაცმის სტილის ნახვა არაერთი პოპულარული თურქული სერიალის საშუალებითაც შეიძლება. თუმცა ეს მაღალი საზოგადოებრივი ფენის მოდას აჩვენებს მხოლოდ. თოფქაფის სასახლეშიც ისევ და ისევ ფადიშაჰების ტანსაცმელია გამოფენილი. ეს ლოგიკურიცაა, თუმცა საინტერესოა რას იცვამდა ხალხი... როგორი შემოსილი დადიოდნენ ისინი ქუჩაში ან ბაზარში, ჰქონდათ თუ არა მათ იმის საშუალება, რომ ქსოვილი შეეძინათ და შეეკერათ სასურველი სამოსი. 

ოსმალებზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მათი წარმომავლობა შუა აზიიდან იწყება და თურქული ტომებისგან წარმოდგება. შუა აზიიდან ანატოლიის ნახევარკუნძულზე ფართო ტერიტორიაზე დასახლების შემდგომ კი  იცვლება მათი ყოფა, რასაკვირველია ეს პირველ რიგში ტანისამოსს დაეტყო. იმის გამო, რომ შუა აზიაში მათი განსახლების არეალი მეტწილად ცივ კლიმატს მოიცავდა, ამიტომაც ისინი იძულებულნი იყვნენ ცხოველის ტყავისგან, შალისგან და მატყლისგან დამზადებული სამოსით დაეფარათ სხეული. ანატოლიაში გადასვლის შემდეგ კი რბილმა და თბილმა კლიმატმა ნელ-ნელა სამოსის შემცირება გამოიწვია, შესაბამისად მან უკვე დღევანდელი გადასახედიდან დახვეწილი ფორმები მიიღო.

შალვარი იგივე შარვალი, რომელიც ბოლო დროს მსოფლიო მოდამაც კი ნიმუშად აიღო, შუა აზიიდან ანატლიაში თურქების მიერ წამოყოლილი სამოსის სახეობაა. მას დღესაც თურქეთის სოფლებში განსაკუთრებით ქალებში ხშირად შეხვდებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მომთაბარე ცხოვრებიდან ერთ ადგილას დამკვიდრებულ ყოფას შორის განსხვავება სწორედ ტანსაცმლიდანაც იკვეთება. ასევე იმის მიზეზითაც, რომ სტამბოლი იმდროინდელი სამყაროს დედაქალად მიიჩნეოდა, საზღვაო გზით აქ ბევრი ისეთი ნაწარმი შემოდიოდა, რაზეც სხვა ქვეყნებს წვდომა არც ჰქონდათ. ქსოვილების ნაირსახეობამ ოსმალეთში ტანსაცმლის მოდის განვითარებას შეუწყო ხელი.

ოქროს ძაფებით ნაქსოვი სამოსი ჯერ კიდევ სელჩუკების პერიოდში აქტუალური გახდა. თუმცა ეს მხოლოდ მაღალი ფენისთვის განკუთვნილი ფუფუნება იყო.  მე-15-ე საუკუნიდან, როცა ოსმალეთის იმპერია ჩამოყალიბდა, განვითარდა აბრეშუმის წარმოება. ამიტომაც სამოსში აბრეშუმის ქსოვილი გახდა დომინანტი. ამ პერიოდიდან სასახლის კარის ბრძანებით ტანსაცმლის ატელიეების მკაცრი კონტროლი იწყება. ბრძანების მიხედვით, თერძებს მხოლოდ მათ მიერ დაწესებული ბუნებრივი საღებავის რაოდენობა უნდა გამოეყენებინათ.

მე-18-ე საუკუნიდან მოყოლებული ვხედავთ, რომ ტანსაცმელი ნაკლებ ხარისხიანია, ამას მასში გამოყენებული ძაფების ადვილად წყვეტა მიუთითებს. ცხადი ხდება, რომ ტანსაცმელმა საწარმოო ხასიათი შეიძინა და უკევ არა მარტო სასახლის კარის ბინადარნი, არამედ ქვეყნის მოსახლეობასაც აქვს იმის საშუალება, რომ ტანსაცმელი შეიკეროს. თუმცა თერძი ნაკლები ფასის სანაცვლოდ იძულებულია ხარისხი დააკლოს. ამიტომაც ამ პერიოდიდან შემორჩენილი სამოსი გაცილებთი ცუდ მდგომარეობაშია ვიდრე უფრო ძველი ოსმალური სამოსი.

მე-19-ე საუკუნიდან სულთან მაჰმუდ მეორის პერიოდში უკვე ევროპული სამოსი ხდება წამყვანი. დაბალ ფენას ისევ ე.წ. ფართოუბიანი შალვარი აცვია, ხოლო წარჩინებულ პირებს ევროპულად შარვალი და პიჯაკი. ჯარიც ევროპულად იმოსება და გენერლებიც ევროპელ გენერლებს ბაძავენ. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ძირითადად, ტყავის ფეხსაცმელი გამოიყენება და ის რასაც დღეს ქუნდურას ეძახიან, უხეშად შეკერილი, წვრილცხვირა, უთასმო ფეხსამელი შემოდის მოდაში. ეთნოგრაფიული კვლევებიდან ვიგებთ, რომ იმ პერიოდში ხალხი უკვე მზა ტანსაცმელსაც იძენს, ამიტომაც მათ ბევრი ძალისხმევა აღარ სჭირდებათ. ქალებში მოსასხამის მოდა წამყვანია, თუმცა სოფელში მომუშავე ქალი ნაკლებ ხარისხიან ქსოვილს იყენებს, ქალაქელი ქალები კი მოსასხამს აბრეშუმისგან ამზადებინებენ.

ოსმალეთის იმპერიის ბოლო პერიოდში თოფქაფის სასახლეში ე.წ. დიზაინერების სპეციალური ატელიეები შეიქმნა. დაკვეთის მიხედვით, სამოსი იკერებოდა, შემდგომ მასზე ორნამენტები ამოჰყავდათ და მზა სამოსი სულთანს მიერთმეოდა. არსებობს ისტორიული ცნობები, რომ ამ ატელიეებში ქართველი, ბოსნიელი, ალბანელი, ჩერქეზი მკერავი-დიზაინერი იკავებდნენ ადგილს.

მე-20-ე საუკუნიდან იმპერიის დაშლის შემდეგ ოსმალური მოდა  მთლიანად ევროპულმა ტანსაცმლის ყაიდამ ჩაანაცვლა.


საკვანძო სიტყვები: #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები