„კუთხე-კუნჭული“ 3/2021

"შირინჯე"

1570046
„კუთხე-კუნჭული“ 3/2021

„კუთხე-კუნჭული“ 3/2021

"შირინჯე"

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

თურქეთში, იზმირის რეგიონის ყველაზე პოპულარული სოფელი შირინჯე, ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ქალაქ ეფესოს მაცხოვრებლების ერთი პატარა ჯგუფის მიერ მთის წვერზე გაშენებული სოფელია. დიდი ხნის განმავლობაში მას მოიხსენიებდნენ, როგორც ქირქინჯა ან ჩირქინჯე. ალბათ, ამ სოფლის ბედი მაშინ შეიცვალა, როცა მას შირინჯე დაარქვეს, რაც ითარგმნება როგორც „პატარა საყვარელი რამ“. სელჩუქის რეგიონიდან 8 კმ.-ში მდებარე ამ სოფელში ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინ არათუ კაფე-ბარი, არამედ ღამის გასათევი პანსიონატიც კი არ მოიძებნებოდა. დღეს კი შირინჯე თურქეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურისტული ადგილია.

ანატოლიის გამორჩეული და მდიდარი ანტიკური ქალაქებიდან ეფესო თავის ამ სიდიადეს პორტს უმადლოდა. ძველ ბერძნულ იონიას დაქვემდებარებული ეფესო ეგეოსის ზღვიდან ანატოლიაში და პირიქით მოძრავი გემებიდან აღებული გადასახადებით რეგიონში ლიდერობდა. თუმცა წყლიდან შემოსულ ამ მდიდარ წყაროს ისევ წყალმა მოუღო ბოლო.

მდინარე მენდერესიდან წამოსულმა ალუვიების გროვამ ეფესო ზღვას დააშორა. ეფესოს სიმდიდრის ერთადერთი წყარო პორტიც ქალაქს ჩამოშორდა. ქალაქს თავს დატეხილმა სიღარიბემ მაცხოვრებლების რაღაც ნაწილი აიძულა მახლობელ მთაზე დასახლებულიყვნენ და იქ მიწაზე მუშაობით ერჩინათ თავი. ერთ კომუნად ქცეული სოფლის მოსახლეობა ქალაქში ჩამოსვლისას კითხვაზე, თქვენი სოფელი როგორია, ისინი ასე პასუხობდნენ - ჩირქინჯე, რაც მახინჯს, უშნოს ნიშნავს. სინამდვილეში მათ სოფლის წარმტაცი სილამაზის დამალვა სურდათ, რომ ის ბევრს არ აღმოეჩინა და სოფლის მოსახლეობის მყუდროება არ დაერღვია. ჯერ კიდევ რესპუბლიკის დაარსებიდან პირველ წლებში იზმირის მერის ქაზიმ დირიქ ფაშას ამ სოფელში სტუმრობისას მას ეს სახელი ერქვა.

სოფლის მშვენიერებით მოხიბლულმა მერმა ჩირქინჯეს სახელი გადაარქვა და შირინჯე დაარქვა. 1923 წელს, როცა საბერძნეთსა და თურქეთს შორის ე.წ. მუბადელეს იგივე გაცვლის ხელშეკრულება დაიდო, შირინჯეში თესალონიკის თურქები, ხოლო იქ შირინჯელი ბერძნები დასახლდნენ. ეს ცუდად აისახა ორივე მხარეზე, რადგანაც გადასახლების ადგილი მათთვის უცხო იყო, თუმცა დრომ მათი შთამომავლები ახალ ადგილებს შეაჩვია და შეაყვარა კიდეც.

თუკი შირინჯეს ესტუმრებით, მანამ სანამ სოფელს დაათვალიერებდეთ ძველი სკოლის ეზოდან, რომელიც დღეს რესტორნადაა გადაკეთებული ხედით დატკბით. ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც სოფლის მთლიანი პანორამის დანახვაა შესაძლებელი. ძველი, თეთრი სახლები ისეა განლაგებული, რომ თითქმის ყველა სახლიდან ხედი იშლება.

ცნობილი თურქი მწერალი საბაჰათინ ალი შირინჯეს შესახებ თავის ერთ მოთხრობაში „მინის კოშკი“ წერს: „ეს შვიდი თუ რვა კომლიანი დასახლებაა... ჯერ კიდევ შორიდან, ნაძვებისა და ზეთისხილის ხეების უკნიდან, პატარა თეთრი სახლების ფანჯრის მინების ლაპლაპსა და მოედანზე ჭადრების ჩრდილში ჩაძირულ პატარა ბერძნულ სოფელს აღმოაჩენთ... ბავშვობიდან ვერ გამიგია თუ რატომ ჰქვია ამ სოფელს უშნო...“.

თურმე სოფელში ოდითგანვე ყველა თავისი ეზოს გამშვენებაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ხორბლის ყანებსაც კი ისეთი განლაგებით თესავდნენ, რომ ოქროსფერი ზღვის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

დღეს შირინჯეში ყურძნის ამავე სახელწოდების ჯიში გამოჰყავთ და მისგან დამზადებული ღვინო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო თურქული ნაწარმი არა მარტო თურქეთში, არამედ საზღვარგარეთაც იყიდება. თუმცა ალბათ დამეთანხმებით, შირინჯეს ღვინოს დაგემოვნება ისევ და ისევ შირინჯეში, ამ პატარა „ხელუხლებელ“ სოფელში სჯობს.



მსგავსი ინფორმაციები