„კუთხე-კუნჭული“ 30/2020

ქართული კათოლიკური ეკლესია

1460505
„კუთხე-კუნჭული“ 30/2020

„კუთხე-კუნჭული“ 30/2020

ქართული კათოლიკური ეკლესია

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

სტამბოლი, სადაც თითქმის ყველა ცივილიზაციის ნაშთის პოვნა შეიძლება, ბევრი კულტურისა და ისტორიის ერთგვარი მოზაიკაცაა. ქართველებიც თავიანთი კვალის პოვნას ამ ქალაქში არც თუ ისე უშედეგოდ ეძებენ, რადგანაც სტამბოლსა და საქართველოს ძალიან ძველი და ახლობელი ურთიერთობები ჰქონდა და დღესაც აქვს. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანი სტამბოლში ქართული კათოლიკური ეკლესიაა.

ქართული კათოლიკური ეკლესიის დადებით ფუნქციაზე ცისფერყანწელების პოეტური გაერთიანების წევრი ნიკოლო მიწიშვილიც სტამბოლიდან „ცისფერყანწელებთან“ გაგზავნილ წერილში ჰყვება. მას შემდეგ რაც ნიკოლო მიწიშვილს სტამბოლში ყოფნის პერიოდში წიგნების გამოცემა გადაუწყვეტია, საბეჭდი მანქანის ქართული შრიფტისათვის სწორედ ამ კათოლიკური ეკლესიიათვის მიუმართნია და იქ მოღვაწე ერთ-ერთ მღვდელს მისთვის შრიფტი გადაუცია, თანაც ისიც დაურთავს რომ ოცი წლის განმავლობაში ვინმე ქართველს ელოდებოდა, ვინც ამ შრიფტს გამოიყენებდა. წერილი 1922 წლითაა დათარიღებული. ცხადი ხდება, რომ ამ პერიოდში ქართული ეკლესია ფუნქციონირებასაგრძელებს და მეტიც გამომცემლობის საქმიანობასაც ითავსებს.

სტამბოლში ქართველი კათოლიკები მე-19-ე საუკუნეში ოსმალო-რუსეთის ომის დროს სახლდებიან. მას შემდეგ რაც ოსმალებმა რუსებთან ომში ზედიზედ რამდენიმე მარცხი განიცადეს,ოსმალებმა კათოლიკე ქართველების სიმრავლით გამორჩეული ახალციხისა და მიმდებარე ტერიტორიების დატოვებაც გადატყვიტეს.  იქაურმა კათოლიკე ქართველებმა რუსული ორთოდოქსული ეკლესიის გავლენის ქვეშ მოქცევას სტამბოლში გადასახლება ამჯობინეს. თუმცა იმისათვის რომ მათ სტამბოლში თავიანთი ეკლესია, სკოლა და მონასტერი დაეარსებინათ გარკვეული რაოდენობის მრევლის შეკრება იყო საჭირო. ამიტომაც თავიდან ფრანგულ კათოლიკურ მრევლს შეეფარნენ. ქართულ მრევლს კი მეთაურობას ახალციხელი მღვდელი პეტრე ხარისჭირაშვილი უწევდა. ქართველებს უსქუდარისა და შიშლის უბნებში ეკლესიები გადაეცათ. ქართულმა მრევლმა საგანმანათლებლო ცენტრის გახსნის მიზნითაც 1870 წელს წმინდა იოსების სახელობის სკოლა დააარსეს. თუმცა პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, ფრანგული მფარველობის ქვეს მყოფი ეს ცენტრი დაიხურა.

თუმცა მათ განკარგულებაში ორი ქართული ეკლესია და გამომცემლობა მაინც დარჩა. სწორედ ამ გამომცემლობაში ქართული საგანმანათლებლო წიგნები და რელიგიური სახის ნაწერები იბეჭდებოდა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ სტამბოლში ქართველთა რიცხვმა მოიმატა. ქვეყანაში ბოლშევიკების გამარჯვებამ ქართველი მენშევიკების სტამბოლში გაქცევის საბაბი დაბადა. ისინი სწორედ ქართულ კათოლიკურ მრევლს შეეფარნენ. ბოლშევიკური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული გაზეთი „დამოუკიდებელი საქართველო“ც სწორედ ამ ეკლესიის გამომცემლობაში იბეჭდებოდა.

ქართულმა კათოლიკურმა მრევლმა და მონასტერმა დროთა განმავლობაში ძალა დაკარგა. ეს, ალბათ, 1950 წლიდან ქართველი კათოლიკების ევროპაში, ავსტრალიაში და კანადაში წასვლამ განაპირობა. ეკლესიის ბოლო მღვდლის პოლ იგივე პავლე აკობაშვილის შემდეგაც ახალი კადრი აღარ გამოჩნდა და ეკლესიის დასუსტების მიზეზი ესეც გახდა. დღეს ამ ეკლესიის მრევლს სტამბოლელი სომხები შეადგენენ.

ქართული კათოლიკური ეკლესიის ისტორია პავლე ზაზაძესაც უკავშირდება. პოლ იგივე პავლე ზაზაძე 1900 წელს საქართველოში დაიბადა და 17 წლის ასაკში სასწავლებლად სტამბოლში წავიდა. რუსეთის რევოლუციის გამო სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და სტამბოლში დამკვიდრდა. სწავლა ვეღარ გააგრძელა, მაგრამ ფირმა დააარსა, სადაც „ზაზა“ სახელწოდების სამართებლებს უშვებდა. ფინანსურად გაძლიერებული კი ქართულ ეკლესიას ეხმარებოდა. პავლეს ზაზაძე 1989 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი მისიონერული საქმიანობა მისმა შვილმა სიმონ ზაზაძემ გადაიბარა. სტამბოლის უფსკერო ისტორიაში ქართული კათოლიკური ეკლესიის არსებობის გაგრძელება სწორედ ზაზაძეების საგვარეულოს დამსახურებაა.

(წყარო: ფაჰრეთთინ ჩილოღლუ, „ქართველები“. გუშინ და დღეს სტამბოლის ენციკლოპედია. ტ: 3/1994. გვ. 453-454.)



მსგავსი ინფორმაციები