„კუთხე-კუნჭული“ 14/2020

წარწერები ქალაქის შენობების კედლებზე

1389978
„კუთხე-კუნჭული“ 14/2020

„კუთხე-კუნჭული“ 14/2020

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

წარწერები ქალაქის შენობების კედლებზე

 

ბოლო რამდენიმე წელია, ქალაქის ქუჩებში შენობებზე წარწერები თვალშისაცემი გახდა როგორც თურქეთში, ისე საქართველოში. შენობებზე დატოვებული წარწერების უმეტესობა სოციალურ მესიჯს შეიცავს, ცხადია რომ ავტორს საზოგადო პრობლემის დაფიქსირება ამ გზით სურს. ამ თემის უფრო ახლოდან შესწავლის სურვილი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, პანდემიის თემას ვგულისხმობ, ჰონგ-კონგიდან ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულმა კედლის წარწერამ გამიჩინა. წარწერა ასე ჟღერს: „ძველ, ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებით, იმიტომ რომ ყველაფერი ამის მიზეზი თავად ის იყო“. ვფიქრობ, დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ეს და კიდევ ბევრი ასეთი წარწერა შემორჩება მსოფლიოს ქალაქების შენობების კედლებს.

 

გრაფიტით კედელზე ნახატებისა და ასო-ნიშნების დატოვება ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-ით თარიღს უკავშირდება. თუმცა, ცხადია რომ მან აქტუალობა დღევანდელ რეალობამდე შეინარჩუნა.

სოციო-პოლიტიკური მესიჯების გამომხატველი ქუჩის კედლის წარწერების  სუბკულტურული ისტორია, 1971 წელს ნიუ-იორკში კურიერი ბიჭის მიერ საცხოვრებელი უბნის შენობის კედლებზე Taki183 ზედმეტსახელის წარწერით დაიწყო. ამ წარწერას, ისევე როგორც ხელმოწერას ქალაქის დაბალი ფენა დაეპატრონა და უფრო მეტად შავკანიანების სოციო პრობლემების გამომხატველ ენად იქცა.

ავსტრიელ-ინგლისელი ფილოსოფოსის ლუდვიგ ვიტგენშტაინის ნათქვამი „ჩემი ენის საზღვრები ჩემი ცნობიერების საზღვრებია“, მიახლოებით გამოხატავს იმას, რომ ადამიანი ენის მეშვეობით თავის არსს გადმოსცემს. ქუჩის კედლის წარწერები ინდივიდუალური ქმედების პროდუქტად ვერ ჩაითვლება. ის კოლექტიური ცნობიერების ნაყოფია.  ხშირ შემთხვევაში ასეთ წარწერებს ხელმოწერა არ ახლავს, რაც კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ წარწერა ეკუთვნის ყველას, ვინც მას წაიკითხავს.

თურქეთში კედლების წარწერების გრაფიტ-კულტურა გერმანიიდან დაბრუნებულმა თურქმა ახალგაზრდება დაამკვიდრეს და ის ჰიპ-ჰოპის გამომხატველი კულტურის ნაწილი გახდა.

საინტერესოა, რომ ქუჩის კედლის წარწერების ავტორების ფსიქოლოგიური ანალიზის უკან, ამა თუ იმ უბნის, თუ შენობის მენტალურ დონეზე დასაკუთრების სურვილი დგას. ეს კი პერიფერიებიდან ჩამოსული ადამიანების დიდ ქალაქებში თვითდამკვიდრების ინსტიქტით არის გამოწვეული.

შეიძლება ითქვას, ქუჩის კედლის წარწერები არაჩვეულებრივად გამოხატავს არსებულ სოციალურ ატმოსფეროს.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთში კედლის წარწერებს შორის თანამედროვე თურქი პოეტების ლექსებიდან ამონარიდებიც ჭარბობს. შეიძლება ითქვას, ახალგაზრდები პოეზიას ქუჩაში აცოცხლებენ. ალბათ, ნებისმიერი პოეტისათვის უფრო დიდი ჯილდო არ არსებობს, ვიდრე ქუჩაში მისი ლექსის ტაეპების ყველა გამვლელის თვალის შევლებით მოგვრილი სიამოვნება.

არსებობს ასეთი ილუსტრირებული წიგნიც სახელწოდებით „პოეზია ქუჩაში“. გერმანელმა პოეტმა აჰიმ ვაგნერმა, თურქეთში სხვადასხვა ქალაქებში, შენობების კედლებზე პოეტების ლექსებიდან ამონარიდების ფოტოები გადაიღო და ერთად თავმოყრილი წიგნად გამოსცა. წიგნის გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ პოეზიის ქუჩის კედლებზე ამ სახით გამოხატვა კიდევ უფრო იმედის მომცემია, რომ პოეზია დღევანდელ საუკუნეშიც აგრძელებეს არსებობას.

შენობის კედლები პოეზიისა თუ სოციალური მესიჯების გამოსაფენად ყოველთვის იქნება ის სივრცე, სადაც ადამიანი წარწერის სახით საზოგადოების „ფარულ დაკვეთას“ შეასრულებს და ამ წარწერების თვალის შემვლებ გამვლელებს წუთით მაინც იმედ მისცემს, ან კიდევ რეალობას უკეთ დაანახებს.

 



მსგავსი ინფორმაციები