„კუთხე-კუნჭული“ 2-2022

"თხილის სეზონი"

1879497
„კუთხე-კუნჭული“ 2-2022

„კუთხე-კუნჭული“ 2-2022

„კუთხე-კუნჭული“ 2-2022-23

თხილის სეზონი

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

აგვისტოს მიწურული და მთლიანი სექტემბერი თურქეთის შავიზღვისპირეთში თხილის სეზონია. რეგიონში თხილის მწარმოებელი ფირმები და ასევე მოსახლეობის ის ნაწილი, ვისთვისაც თხილი მთელი წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი შემოსავალია, ივლისის თვიდან თხილნარის ადგილის გასუფთავებას, ხოლო აგვისტოს მეორე ნახევრიდან კი უკვე მოსავლის აღებას იწყებენ. წლევანდელი წლის მონაცემებით შავიზღვისპირეთში დაახლოებით შვიდიათას ორას ტონამდე რაოდენობის თხილის მოსავალს ელიან.

წელს საკმაოდ ნალექიანი ზაფხულის დღეების გამო, თხილის მოსავლის აღება თხუთმეტი დღის დაგვიანებით დაიწყეს. როგორც ადგილობრივი თხილის მეპატრონეები აღნიშნავენ, მოსავლის აღების ზუსტი თარიღის განსაზღვრა აუცილებელია, რადგანაც ადრეული მოსავალი თხილის ხარისხზე მოქმედებს, რაც მისი წონის კლებით გამოიხატება. ამიტომაც,  მწარმოებელი ფირმა ან ადგილობრივი მოსახლე თხილის კარგად დამწიფებას უნდა დაელოდოს, ეს მოსავლის ეფექტურობას გაზრდის და წონით ჩაბარებისას სარგებელსაც ნახავს. ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ორგანოების მიერ თხილის ფასის მოსავლამდე გამოცხადებაც.

თხილის მეურნეობის ისტორიულ განვითარებას თვალს თუ გადავავლებთ ასეთ სურათს მივიღებთ: მე-19-ე საუკუნეში, ორდუსა და გირესუნის რეგიონების სოფლის მეურნეობის სფეროში თხილის ერთადერთ მთავარ შემოსავლის წყარო-პროდუქტად გადაქცევა, შავიზღვისპირეთის საერთაშორისო ვაჭრობისთვის გახსნით დაიწყო. ადგილობრივი მსხვილი ვაჭრები მალევე მიხვდნენ, რომ სხვა პროდუქტებთან შედარებით თხილი დარგვისთანავე სწრაფი მოსავლის მიღებისა და ბაზარზე ეკონომიკური დოვლათის თვალსაზრისით ყველაზე სარგებლიანი პროდუქტი იყო. სწორედ ეს ვაჭრები თურქეთის რესპუბლიკის შემდეგ დაარსებული პირველი ქარხნების მეპატრონეებიც იყვნენ. ამიტომაც ისინი იყვნენ პირველნი, ვინც თხილზე როგორც შემოსავლის წყაროზე ფიქრი დაიწყეს.

რესპუბლიკის პირველივე წლებში თხილის მოსავალი დიდებული შედეგით არ გამოირჩეოდა. თხილის ჭიასთან გამკლავება მეპატრონეებს ძალიან გაუჭირდათ. იმ დროისათვის კი ამ დაავადებასთან ბრძოლის ხერხები ჯერ კიდევ არ იცოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 30-იან წლებში დაავადების დიაგნოზი დაისვა, 40-იან წლებამდე თხილის „მკურნალობა“ ვერ წამოიწყეს. გირესუნში ამ წლებში სპეციალური ორგანიზაციაც კი გაიხსნა, რომელიც თხილის დაავადებებს სწავლობდა. ორგანიზაციის პირველი დავალება სწორედ თხილის ჭიასთან ბრძოლის მექანიზმების შემუშავება გახდა. მათი დამსახურებით  თურქულმა თხილმა „წელი წამოიდგა“. თუმცა 60-იან წლებამდე მაინც შეუძლებელი იყო თურქეთში თხილის პროდუქტიულობაზე საუბარი. იმის გამო, რომ თხილის ნერგები ერთმანეთთან გარკვეული სიახლოვის რადიუსში ირგვება, თანაც შავიზღვისპირეთს ფერდიანი ლოკაცია ახასიათებს, თხილნარში ტექნიკის გამოყენება შეუძლებელი ხდება. თხილის მოსავლის ზრდა მაშინ დაიწყო, როცა თხილნარებისთვის შედარებით ვაკე ადგილები გამოჰყვეს და უკვე სპეციალური მანქანების საშუალებით თხილის ძირების გამოსუფთავება შეძლეს. თუმცა საბოლოოდ ტექნიკის მოდერნიზაცია, რაც ადრეულ წლებში ადამიანისა და ცხოველის ძალისხმევას მოიცავდა, 2000-იან წლებში დაიწყო და სწორედ ამ პერიოდიდან თხილი რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი საბაზრო ნიშა გახდა.           

მე-19-ე საუკუნეში თუკი თხილს მხოლოდ ოჯახის საკვებ პროდუქტებს შორის ეკავა ადგილი, მან უკვე ჩვენს საუკუნეში თურქეთის შავიზღვისპირეთის მთლიანი ეკონომიკური რუკა შეცვალა. მოსახლეობის დიდი ნაწილი მოსავლის სიუხვის გამო მუშახელს საქართველოდანაც იშველიებს. ძალიან ნელი ტემპით წამოწყებულ ამ ძველ საქმიანობაში დღეს საზღვრის ორივე მხარე სარგებელს ნახულობს.



მსგავსი ინფორმაციები